ტრენინგი - ლტოლვილთა საერთაშორისო დაცვის საკითხები

15 მარტი 2018

2018 წლის 25-27 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან თანამშრომლობით, "ლტოლვილთა საერთაშორისო დაცვის საკითხებზე" ორგანიზებულ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად იწვევს საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ან საერთაშორისო სამართლის ბაკალავრიატის IV კურსის ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს. 

სასურველია, მონაწილეობის მსურველ სტუდენტს ჰქონდეს იმიტირებულ სასამართლოში მონაწილეობის გამოცდილება. 

ტრენინგის აღწერა:

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით, კი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების შედეგად, დღეის მონაცემებით, ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა საერთო რაოდენობა რეკორდულად მაღალია (65 მილიონზე მეტი). მსოფლიო სტატისტიკის კვალდაკვალ, საქართველოშიც დაფიქსირდა ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი რაოდენობა. მათი დაცვა და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა ყოველი მიმღები ქვეყნის ვალედებულებაა. საქართველომ მის ტერიტორიაზე მყოფ თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა უფლებების ეფექტური დაცვის ვალდებულება იკისრა 1999 წელს ჟენევის 1951 წლის კონვენციასთან - "ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" და მის 1967 წლის ოქმთან მიერთებით. ამის შემდგომ, განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები იმისათვის, რომ საქართველო დაახლოვებოდა ლტოლვილთა დაცვის ევროპულ სტანდარტებს - 2017 წლის პირველი თებერვლიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი "საერთაშორისო დაცვის შესახებ". 

ლტოლვილთა დაცვის საერთაშორისო სამართლისა და მექანიზმების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ასევე ეროვნული საკანონმდებლო ბაზისა და პრაქტიკის გააზრება საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში, სამართლის სტუდენტებს დაეხმარებათ შეიძინონ სიღრმისეული ცოდნა ამ აქტუალურ საკითხზე, რაც შესაძლოა სამომავლოდ მათი აკადემიური და პროფესიული ინტერესის სფერო გახდეს. აღნიშნული ტრენინგი ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში ლტოლვილთა შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია მათი მარგინალიზების თავიდან აცილებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის.

სამი დღის განმავლობაში გასვლითი ტრეინინგის მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს: 

  • ლტოლვილთა დაცვის საერთაშორისო სისტემა (ადამიანის საერთაშორისო უფლებებისა და ლტოლვილთა შესახებ საკანონმდებლო ჩარჩო);
  • "ლტოლვილის" განმარტება კონვენციის მიხედვით (სტატუსის მინიჭებაზე დაშვების კრიტერიუმი; დევნის სტანდარტები - სუბიექტური და ობიექტური შიში, დევნის საფუძვლები);
  • ლტოლვილთა დაცვის უნივერსალური პრინციპები და ცნებები: არგაძევების პრინციპი (ამ პრინციპიდან გამონაკლისები), სისიხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, კონფიდენციალურობა, ოჯახის ერთიანობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა;
  • გამორიცხვის პრინციპი, 1951 წლის კონვენციის მიხედვით;
  • გაუქმება, შეწყვეტა და განახლება;
  • საქართველოში თავშესაფრის სისტემისა და კანონმდებლობის მიმოხილვა;
  • საერთაშორისო და ეროვნული პრეცედენტული სამართალი ლტოლვილთა შესახებ;
  • სახალხო დამცველის აპარატის მანდატი და საქმიანობა ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის მიმართულებით.

მეთოდოლოგია:

ტრენინგის კურსი მოიცავს - სალექციო ნაწილსა (ორი დღე) და კონკრეტული მაგალითების განხილვას, ხოლო მესამე დღე დაეთმობა პრაქტიკულ სამუშაოს - კონკრეტული საქმის განხილვასა და ასევე გაიმართება იმიტირებული სასამართლო. 

ტრენინგის სამუშაო ენაა ქართული და ინგლისური. უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.

ტრენინგს წარუძღვებიან საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები. 

ტრენინგი ტარდება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის თანადაფინანსებით.

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ სერთიფიკატს. 

დაინტერესებულმა პირებმა 2018 წლის 1 აპრილის ჩათვლით ელ-ფოსტის მისამართზე:   vacancy@ombudsman.ge  უნდა გაგზავნონ:

  • რეზიუმე (CV);
  • სამოტივაციო წერილი;
  • ცნობის ელექტრონული ასლი, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ან საერთაშორისო სამართლის ბაკალავრიატის IV კურსის ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი. ცნობა ხელმოწერილი უნდა იყოს სასწავლო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ და დადასტურებული სასწავლებლის ბეჭდით. სასწავლებლის მიერ ცნობის გაცემიდან საკონკურსო განაცხადის წარმოდგენის მომენტისათვის არ უნდა იყოს გასული 10 სამუშაო დღეზე მეტი.

ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაციის გამოგზავნისას ელ-ფოსტის "საგნის" ("Subject") ველში მითითებული უნდა იყოს: "ტრენინგი ლტოლვილთა საერთაშორისო დაცვის საკითხებზე".

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
თბილისი, 0179, ნინო რამიშვილის 6
ტელ: (0322) 2 913814, 2 913815 (შიდა ნომერი - 148)

 

წყარო: http://www.ombudsman.ge

ნახვების რაოდენობა : 983

კომენტარი

მთავარი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს
15 ოქტომბერი 2019
საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით. ადმინ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge