''სამართლიანი არჩევნები'' წინასაარჩევნო გარემოს აფასებს

30 აგვისტო 2018

30 აგვისტოს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის დასაწყისის მდგომარეობით არსებული წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტი წარმოადგინა. დოკუმენტში „სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო კანონმდებლობის, პოლიტიკური და მედია პლურალიზმის კუთხით ქვეყანაში არსებულ სიტუაციას და საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე განვითარებულ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს მიმოიხილავს. 

წინასაარჩევნო პერიოდის ამ ეტაპზე ძირითად საყურადღებო ასპექტებად ორგანიზაცია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესსა და სოციალური ქსელების მეშვეობით საარჩევნო კამპანიის წარმართვის თანმდევ გამოწვევებს მიიჩნევს. გარდა ამისა, გასული წლების ხარვეზების გამოცდილებით, გამოწვევას წარმოადგენს წინასაარჩევნო პერიოდში საჩივრების განხილვის პროცესიც. 

საარჩევნო ადმინისტრაციისადმი და არჩევნების შედეგებისადმი საზოგადოების ზოგადი ნდობის მიუხედავად, სათანადო ნდობით ვერ სარგებლობს საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი. მიმდინარე წელს, ცესკოს მიერ საოლქო კომისიებში დამატებითი წვრების არჩევამ უკვე ხმაური გამოიწვია, ამასთან, 27 აგვისტოს პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ გაავრცელა ჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ კრწანისის საოლქო კომისიის თავმჯდომარე საუბრობს „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით კომისიის წევრთა დაკომპლექტებაზე. ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია დადგინდეს აღნიშნული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა, თუმცა გავრცელებული ჩანაწერის შინაარსი, თავის მხრივ, შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებს შესაბამის გამოძიებას. „სამართლიანი არჩევნები“ არაერთი წელია მიუთითებს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესის ხარვეზებზე და ამ პროცესში შესაძლო პოლიტიკური გავლენების გამორიცხვის აუცილებლობაზე. ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აუცილებელია, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესი იყოს გამჭვირვალე და დაეფუძნოს მკაფიო და ნათელ კრიტერიუმებს. 

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, საარჩევნო გარემოს კუთხით, საარჩევნო ადმინისტრაციის გამოწვევას ასევე წარმოადგენს საჩივრების განხილვის პროცესი. გასული წლების გამოცდილებით, პრობლემურია საარჩევნო კანონმდებლობის ვიწროდ განმარტების ფაქტები, რაც კანონის მოთხოვნების უგულებელყოფასა და სამომავლო დარღვევების წახალისებას იწვევს. აღსანიშნავია, რომ ცესკომ და საოლქო კომისიებმა სათანადო პასუხი ვერ გასცეს საჯარო მოხელეთა მიერ სოციალური ქსელით უკანონო აგიტაციის ფაქტებს. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წელს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა მოითხოვეს ცესკოსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმში სოციალურ ქსელებში აგიტაციის შეტანა. საწყის ეტაპზე, შეთანხმება ვერ მოხერხდა, ხოლო მემორანდუმის ხელმოწერა შეთანხმების მიღწევამდე გადაიდო. 

„სამართლიანი არჩევნების“ პროგნოზით, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები გამორჩეულად საინტერესო იქნება სწორედ სოციალური ქსელების მეშვეობით კამპანიისა და ამ პროცესის თანმხვედრი გამოწვევების კუთხით. ორგანიზაციის შეფასებით, სოციალურ ქსელებში შესამჩნევადაა გაზრდილი სხვადასხვა გვერდების რაოდენობა, რომელთა მიზანი საარჩევნო სუბიექტებისა თუ პოლიტიკური პროცესების დისკრედიტაცია, დეზინფორმაციული კამპანიების წარმოება, რუსული პროპაგანდის მესიჯების გავრცელება და ანტი-დასავლური განწყობების გაღვივებაა. „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, სოციალურ ქსელებში გაურკვეველი დაფინანსებით წარმოებული დეზინფორმაციის კამპანია საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესს და თანასწორ საარჩევნო გარემოს. სწორედ ამიტომ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ISFED განახორციელებს სოციალური მედიის მონიტორინგის საპილოტე პროგრამას, რომლის მიზანიც Facebook-ზე არჩევნების კონტექსტში აქტივობისა და დეზინფორმაციისა გამოვლენა, დოკუმენტირება და ანალიზია.

საარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია ვერ უზრუნველყოფს დარღვევების ეფექტურ პრევენციას რეკომენდაციების შესრულების არასავალდებულო ხასიათისა და მათი მონიტორინგის მექანიზმის არარსებობის გამო. ასევე პრობლემურია კომისიის დამოკიდებულება სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი დარღვევებისადმი. სხდომების მიმდინარეობისას კომისიის თავმჯდომარისა და საეჭვო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან შეინიშნება სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები. მსგავსი დამოკიდებულებები ჩრდილს აყენებს კომისიის საქმიანობას და ამცირებს ნდობას ამ ფორმატის, როგორც დარღვევებზე ეფექტური რეაგირების მექანიზმისადმი. 

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ძირითადად უცვლელია მედიაგარემო, თუმცა აღსანიშნავია, რომ ,,რუსთავი 2“-ის მიმართ კვლავ მოქმედებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მექანიზმი, რომლის გაუქმებაც მიმდინარე წლის აპრილში იუსტიციის სამინისტრომ მოითხოვა. მექანიზმის შენარჩუნება მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესების მდგრადობისა და მედია სივრცის მონოპოლიზაციის პრევენციისათვის. 

წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტში „სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, რამდენიმე რეკომენდაციაც წარმოადგინა. ორგანიზაციის რეკომენდაციით: 

• საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს კომისიების დაკომპლექტების კონკრეტულ კრიტერიუმებზე და მკაფიო პროცედურებზე დაფუძნებული პროცესი; მკაცრი რეაგირება მოახდინოს საჯარო მოხელეების მიერ სოციალური ქსელებში უკანონო აგიტაციის ფაქტებზე; თავი აარიდოს კანონის ვიწროდ განმარტებას საჩივრების განხილვისა და კანონის გამოყენების ნაწილში. 
• პოლიტიკურმა პარტიებმა არ უნდა დაუშვან ოპონენტების საჯარო შეხვედრაზე საკუთარი მხარდამჭერების მობილიზება და დასწრება, თავი შეიკავონ დისკრიმინაციული გამოხატვისგან და გადადგან ყველა შესაძლო ნაბიჯი საარჩევნო პროცესის უსაფრთხოებისთვის ხელის შესაწყობად. 
• აუდიტის სამსახურმა უნდა შეიმუშაოს ეფექტური სტრატეგია სოციალურ ქსელებში კამპანიის ხარჯების მონიტორინგისა და შესაძლო უკანონო შემოწირულობების შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირებისათვის. 

„სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობას 70-მდე გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ყველა საარჩევნო ოლქში უკვე 10 აგვისტოდან აკვირდება. წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვების პირველ შუალედურ ანგარიშს ორგანიზაცია სექტემბრის შუა რიცხვებამდე წარმოადგენს. 



დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 

რევაზ ბარამიძე, PR-ისა და კომუნიკაციის მენეჯერი. Email: pr@isfed.ge Tel: 598 89 00 21 



დოკუმენტის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის ან აშშ მთავრობის შეხედულებებს.

წყარო: http://www.isfed.ge

ნახვების რაოდენობა : 150

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge