სახელმწიფო „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ წინააღმდეგ

02 ოქტომბერი 2018

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები საზოგადოებაში ეჭვებს აჩენს, რომ აღნიშნული ქმედებები პოლიტიკურად მოტივირებულია. ეს პროცესი შეიძლება დახასიათდეს, როგორც ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის წინასწარ შეთანხმებული და კოორდინირებული ქმედებები, რომელთა მიზანს უნივერსიტეტის მათთვის ხელსაყრელ პირებზე გასხვისება წარმოადგენს.  

ჩვენი შესწავლის საგანი, სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებების მხრიდან განხორციელებული შესაძლო არამართლზომიერი ქმედებები გახდა, რომელიც ნათლად აჩვენებს საქართველოში კორუფციის მაღალი რისკის არსებობას და ამასთან, მისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

საქმის არსი და კონტექსტი

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი”, დემირელის კოლეჯი, შაჰინის სკოლა და კიდევ 10  სკოლა-ლიცეუმი ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელს წარმოადგენს, რომელიც საქართველოში 1994 წლიდან ფუნქციონირებს. სასწავლებლების წინააღმდეგ,  საქართველოს სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების მხრიდან კოორდინირებული შეტევა,  თურქეთში 2016 წლის ივლისში წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დაიწყო, რომელსაც, თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, აშშ-ში მცხოვრები თურქი სასულიერო პირი და პოლიტიკოსი ფეთჰულა გიულენი ხელმძღვანელობდა.

2016 წლის 16 ივლისი -  თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემიზქანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბათუმში მდებარე შაჰინის სკოლა-ლიცეუმისა და სხვა სკოლების ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის გამო,  აპირებს მიმართოს საქართველოს მთავრობას ამ სკოლების დახურვის მიზნით.

2016 წლის 18 ივლისი - საქართველოს განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით,  საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტის დროს, შაჰინის სკოლის საკითხი უმაღლეს  დონეზე იქნებოდა განხილული.

2016 წლის სექტემბერი -  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, გამოკითხვის მიზნით, დაიბარეს  როგორც „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“, ისე  „დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისა“ და დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მიერ დაფუძნებული სასწავლებლების ხელმძღვანელები. პარალელურად, აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგადასახადო შემოწმება მიმდინარეობდა.

2016 წლის 5-6 დეკემბერი - შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს - 443 303.24 ლარის, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს - 1 207 449.64 ლარის,  ხოლო  ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლას - 120 501.32 ლარის ოდენობით თანხის გადახდა დაეკისრა.

2017 წლის 3 თებერვალი - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს #4 გადაწყვეტილებით, შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს გაუუქმდა ავტორიზაცია. შედეგად 340 მოსწავლე და   117 პედაგოგი აღმოჩნდა სასწავლო პროცესის მიღმა. 

2017 წლის 8 თებერვალი - შემოსავლების სამსახურის განცხადების საფუძველზე,  თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებითყადაღა დაედო -  ,,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“, „დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის“, “ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების ქალაქ რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის“ და ასევე, აღნიშნული სასწავლებლების დამფუძნებლების: იუსუფ ალთაშის,  იაშარ შიმშექისა და  ჯიჰან აქინის ქონებებს.

2017 წლის 24 მაისი  - დააკავეს დემირელის კოლეჯის პედაგოგი, ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი.  საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ  ჩაბუქის მიმართ დევნა მიმდინარეობდა თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და ქართულ მხარეს მასთან არავითარი პრეტენზია არ გააჩნდა.

2017 წლის 29  აგვისტო - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯმა ავტორიზაცია ვერ გაიარა. შედეგად, სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლის მიღმა დარჩა, დაახლოებით, 450 მოსწავლე და სამსახური დაკარგა  102 თანამშრომელმა. 

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის სასწავლებლების მიმართ განვითარებული მოვლენების პარალელურად, საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები   „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ხელმძღვანელობას, არაფორმალურად,  უნივერსიტეტის წილების კონკრეტულ მყიდველზე გასხვისებას სთავაზობდნენ. მენეჯმენტმა გადაწყვიტა დათანხმებოდა გაყიდვის შემოთავაზებას, თუმცა კომერციული მიზნებიდან გამომდინარე, მყიდველი თავად შეარჩია.

სახელმწიფო სხვადასხვა უწყების შეთანხმებულ ქმედებაზე მიუთითებს ასევე „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მიმართ შემდგომში განვითარებული მოვლენები. კერძოდ:

ყადაღის დადების თაობაზე სასამართლო განჩინების  კანონიერებისა და დასაბუთებულობის საკითხი

2017 წლის 6 თებერვალს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ 60% წილის მფლობელი, შპს „კონტროლის“ პარტნიორებმა კომპანიის წილების გასხვისების რეგისტრაციის მოთხოვნით სამეწარმეო რეესტრს მიმართეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამეწარმეო რეესტრმა მათი მოთხოვნის რეგისტრაცია კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განახორციელა.

7 თებერვალს, შემოსავლების სამსახურმა „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“, შპს კონტორლისა და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ ცრუმაგიერ[1] პირად აღიარების მოთხოვნით სამართლებრივი დავა წამოიწყო და სასამართლოსგან უნივერსიტეტის, მისი დამფუძნებელი სუბიექტებისა და ამ სუბიექტთა პარტნიორების ცრუმაგიერ პირებად აღიარებას მოითხოვს. სწორედ ამ დავის ფარგლებში მიმართა შემოსავლების სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” უძრავი ქონების, მის დამფუძნებელთა წილებსა და დამფუძნებელთა პარტნიორების წილებზე ყადაღის დადების მოთხოვნით, რომელმაც მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და მისი პარტნიორები:

როგორც სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაში იყო აღნიშნული, შპს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ სახელმწიფოს მიმართ 2014 წლის 5 აგვისტოს საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე 1 648 201.24 ლარის ოდენობით საგადასახადო ვალდებულება დაერიცხა. დღეს არსებული მონაცემებით, ეს დავალიანება 800 000 ლარამდეა და ამ დავალიანების თაობაზე სასამართლო დავა ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ამასთან, შპს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საკუთრებაში არსებული ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება სადავო საგადასახადო დავალიანების ოდენობას. მაგალითად,  უნივერსიტეტის მხოლოდ ერთი შენობა  12 მილიონ 900 ათას ლარად არის შეფასებული, ხოლო საგადასახადო დავალიანება დაყადაღებული ამ ერთი შენობის ღირებულების დაახლოებით 6%-ია. შესაბამისად, ყადაღის დადების მომენტისთვის ბიუჯეტის მიმართ წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობის რისკი ფაქტობრივად არ არსებობდა, რადგან 2014 წლის აგვისტოდან „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მთელ ქონებაზე  საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის რეგისტრირებული და ამ გარემოების შესახებ ცნობილი იყო სასამართლოსთვისაც.

ყადაღის შესახებ გადაწყვეტილება 2017 წლის 15 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოშიც გასაჩივრდა, რომელმაც 2017 წლის 28 აპრილს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა;

ცრუმაგიერად აღიარების შესახებ სამართლებრივი დავის და განსაკუთრებით, ამ დავის ფარგლებში შპს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ქონებაზე, მისი დამფუძნებლებისა თუ დამფუძნებელთა პარტნიორების წილებზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის გამოყენების აბსურდულობა, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტის მიმართ მიზანმიმართულ ქმედებებში სასამართლო ხელისუფლებაც აქტიურადაა ჩართული.

რა ბარიერი შეუქმნა საჯარო რეესტრმა წილების გასხვისებას

საჯარო რეესტრმა კანონიერი საფუძვლის გარეშე 2 სამუშაო დღით დააყოვნა „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დამფუძნებელი კომპანიის პარტნიორების სარეგისტრაციო წარმოება და დადგენილ ვადაში არ დაარეგისტრირა სასწავლებლის  წილის გასხვისება.

2017 წლის 6 თებერვალი (16:38)   „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ პარტნიორი კომპანიის შპს “კონტროლის”  პარტნიორებმა - რესულ დიქმენმა და აიჰან არსლანმა განცხადებით მიმართეს სამეწარმეო რეესტრს, შპს “კონტროლში” მათი კუთვნილი წილების ზაფერ სუსლუსთვის მიყიდვის, იმავე დღეს,  რეგისტრაციის მოთხოვნით. სამეწარმეო რეესტრმა აღნიშნული რეგისტრაცია, კანონიერი საფუძვლის გარეშე გააჭიანურა, რამაც  შემდგომში წილის გასხვისება შეუძლებელი გახადა.

2017 წლის 7 თებერვალი (19:24) შემოსავლების სამსახურმა  რეესტრში  წარადგინა განცხადება, სასამართლოში მათ მიერ ყადაღის დადების მოთხოვნის თაობაზე.[2]

2017 წლის 7 თებერვალი (20:01)  რეესტრმა შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება  „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ პარტნიორი კომპანიის, შპს “კონტროლის” პარტნიორთა წილების გასხვისებასთან დაკავშირებით.

2017 წლის 8 თებერვალი (18:44) შემოსავლების სამსახურმა რეესტრს წარუდგინა  თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება  „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ უძრავ ქონებაზე, მის დამფუძნებელ სუბიექტთა წილებსა და ამ სუბიექტთა პარტნიორების წილებზე ყადაღის დადების თაობაზე.[3]

2017 წლის 8 თებერვალი (19:07) ამ განჩინების საფუძველზე რეესტრმა ასევე დააკმაყოფილა შემოსავლების სამსახურის განცხადება ყადაღის დადების თაობაზე.

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა“ განცხადებასთან ერთად წარადგინა დაჩქარებული წესით რეგისტრაციის საფასურის ქვითარი, შესაბამისად, რეესტრს წარმოება იმავე დღეს (2017 წლის 6 თებერვალს) უნდა დაესრულებინა. თუმცა, მან გადაწყვეტილება   მეორე დღის (2017 წლის 7 თებერვალი) 20:00 საათზე მიიღო, რაც აჩენს ეჭვს, რომ დაელოდა შემოსავლების სამსახურის მიერ ყადაღის მოთხოვნის თაობაზე განცხადების წარდგენას. ამასთან, შემოსავლების სამსახურის ყველა განცხადება, რის გამოც  შეუძლებელი გახდა წილის გასხვისების რეგისტრაცია, რეესტრის  მიერ მიღებულია არასამუშაო დროს.

სტუდენტების მიღების ერთწლიანი შეზღუდვა და ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება

ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ჩნდება რისკი, რომ უნივერსიტეტი სერიოზული ფინანსური სირთულეების წინაშე აღმოჩნდეს.

სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებული ნებისმიერი შეზღუდვა მისი მიზნების პროპორციული უნდა იყოს. ამასთან, მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტის ავტონომიის დაცვასა და სტუდენტების განათლების უფლების ჯეროვან რეალიზაციას საფრთხე არ შეექმნას.  

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში” ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში, ექსპერტთა ჯგუფმა   უნივერსიტეტის ავტორიზაციის სტანდარტები დადებითად შეაფასა. მიუხედავად ამისა, ავტორიზაციის საბჭომ უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება 1 წლის ვადით   შეუზღუდა, საფუძვლად კი მიეთითა სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო დავალიანება და მთლიან ქონებაზე ყადაღის არსებობა. საბჭომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ამ საკითხზე დავა დღემდე  სასამართლოში მიმდინარეობს. ამასთან, უნივერსიტეტმა სადავო თანხა საკუთარი ინიციატივით, წინსწრებით, მთლიანად შეიტანა სახელმწიფო ბიუჯეტში ყველანაირი რისკის თავიდან ასაცილებლად.

სტუდენტები უნივერსიტეტის გარეშე

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლითაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 2018 სასწავლო წელს სტუდენტების მიღებაზე უარი ეთქვა  დაგვიანებით გამოქვეყნდა. სტუდენტები, რომლებიც სასურველ პირველ ნომრად მითითებულ სხვა უნივერსიტეტში ვერ მოხვდნენ, ავტომატურად ჩაირიცხნენ მეორე ნომრად მითითებულ „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში” ისე, რომ უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება არ ჰქონდა.

საბჭომ გადაწყვეტილება 20 აგვისტოს, აბიტურიენტების მიერ სასურველი უნივერსიტეტის არჩევის ბოლო ვადამდე 2 დღით ადრე მიიღო. გადაწყვეტილების მიღებიდან (20.08.2018) გამოქვეყნებამდე (01.09.2018) პერიოდში  აბიტურიენტებისათვის სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალში “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი” ისევ ეწერა. გარდა ამისა, ინფორმაცია რაიმე ტიპის შეზღუდვის შესახებ განთავსებული არ იყო არც გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. აღნიშნული შეზღუდვის შესახებ ინდივიდუალური შეტყობინების გაგზავნით მხოლოდ  ის სტუდენტები იყვნენ ინფორმირებული, ვისაც პირველ ნომრად ეწერა შავი ზღვის უნივერსიტეტი, ხოლო მათ ვისაც მეორე ან შემდეგი ეწერათ, ან მობილობის უფლებით სარგებლობა სურდათ, აღნიშნული ინფორმაცია არ მიეწოდათ.

ამდენად, ავტორიზაციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების დაგვიანებით გამოქვეყნების გამო, “შავი ზღვის უნივერსისტეტის” მიერ ამ გადაწყვეტილების, როგორც სასამართლო გზით გასაჩივრებამ, ასევე მისი მოქმედების შეჩერების მოთხოვნამ, აზრი დაკარგა. დავის უნივერსიტეტის სასარგებლოდ დასრულების შემთხევაშიც კი სტუდენტები მიმდინარე სასწავლო წელს ვეღარ შეძლებენ უნივერსიტეტში ჩარიცხვას.

ყადაღით მიყენებული ზიანი

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“  შეეზღუდა სტუდენტთა მიღების უფლება 1 წლის ვადით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს განმარტებით, უნივერსიტეტის მთლიანი ქონებისა და შენობების დაყადაღება  უნივერსიტეტის მდგრადობის გარანტიას ეჭვქვეშ აყენებდა. შედეგად, ქონებაზე ყადაღის არსებობა, დაწესებული შეზღუდვის ერთ - ერთი ძირითადი არგუმენტია.

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ საკუთრების განკარგვა კანონიერი საფუძვლის გარეშე ეზღუდება.  შემოსავლების სამსახურის მიერ ყადაღის უსაფუძვლო მოთხოვნის, სასამართლოს დაუსაბუთებელი განჩინებისა და საჯარო რეესტრის მხრიდან კანონით დადგენილი პროცედურული წესების დარღვევის არსებობის პირობებში, ჩნდება ეჭვი, რომ არსებობდა სახელმწიფოს ინტერესი, ერთი მხრივ,  „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დამფუძნებელი კომპანიის პარტნიორებს ვერ გაესხვისებინათ კომპანიის წილი, ხოლო, მეორე მხრივ, ხელი შეშლოდა უნივერსიტეტის ნორმალურ ფუნქციონირებას.

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა” ბიუჯეტში არსებული საგადასახადო დავალიანება სრულად დაფარა, მიუხედავად ამისა,  დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება.[4] ფორმალური საფუძველი - საგადასახადო დავალიანების დაფარვის რისკი, რომელიც შემოსავლების სამსახურმა და სასამართლომ ყადაღის დასაბუთებისას გამოიყენა, დღეის მდგომარეობით, ფაქტობრივად აღარ არსებობს. შესაბამისად, როგორც უნივერსიტეტის ქონებაზე ყადაღის არსებობა, ასევე ავტორიზაციის საბჭოს მიერ ამავე არგუმენტზე მითითებით დაწესებული შეზღუდვა, უსაფუძვლოა.

მიგვაჩნია, რომ „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ქონებასა და წილებზე არსებული შეზღუდვა უსაფუძვლოა და უნდა მოიხსნას, ხოლო უნივერსიტეტს უნდა მიეცეს შესაძლებლობა თავისუფლად გაასხვისოს/განკარგოს მისი საკუთრება.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)


[1] იურიდიული პირი და მისი დამფუძნებელი ცრუმაგიერი პირები არიან, თუ იურიდიული პირი ფუძნდება იმისთვის, რომ დამფუძნებელმა ვალდებულებების შესრულებას აარიდოს თავი.  ცრუმაგიერ პირებად აღიარება, კრედიტორს, შესაძლებლობას აძლევს, ვალდებულების შესრულება არა გადახდისუუნარო იურიდიულ პირს, არამედ მის დამფუძნებელს ან ბენეფიციარ მესაკუთრეს მოსთხოვოს.

[2] თუმცა ამ დროისათვის ჯერ არ არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება განცხადების დაკმაყოფილებისა და ყადაღის გამოყენების თაობაზე.

[3] იგულისხმება, „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა“ და მისი 60% წილის მფლობელ შპს “კონტროლის” უძრავი ქონება და წილები.

[4]  აღნიშნული დავალიანების არსებობის კანონიერებას დღემდე განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, თუმცა დაწესებული შეზღუდვების თავიდან აცილების მიზნით, უნივერსიტეტმა წინსწრებით შეიტანა ბიუჯეტში აღნიშნული თანხები.

 

წყარო: https://www.transparency.ge

ნახვების რაოდენობა : 238

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge