ISFED არჩევნების მეორე ტურის წინ მდგომარეობას აფასებს

21 ნოემბერი 2018

21 ნოემბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენტში მიმოხილულია 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი. 

 

მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემო პირველ ტურთან შედარებით კიდევ უფრო მკვეთრი პოლარიზებით და ნეგატიური კამპანიით ხასიათდება. პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში გაზრდილია აგრესიული რიტორიკა. პირველი ტურის დასრულებისთანავე, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა შემაშფოთებელი განცხადებები და პროგნოზები ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომისა და შესაძლო დესტაბილიზაციის საფრთხეების შესახებ. მოგვიანებით, სიცოცხლის ხელყოფის მუქარის შემცველი გზავნილების მიღების შესახებ განაცხადა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმმა კანდიდატმა. პირველ და მეორე ტურებს შორის მედია მკვეთრად პოლარიზებულია. მეორე ტურის დასაწყისში ტელეკომპანია იმედმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგოდ „საგანგებო რეჟიმში“ გადასვლის შესახებ გააკეთა განცხადება, ხოლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მკვეთრად გამოხატავს ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჭერას.

 

ISFED-ის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ზეწოლა/მუქარის 40; საპრეზიდენტო კანდიდატისადმი მუქარის 1; სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 3; ფიზიკური დაპირისპირების 5; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 13; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 14; წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 2; სააგიტაციო მასალების დაზიანების 6 და დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის 1 შემთხვევა.

 

ფართოდ გავრცელებული სახე მიიღო ზეწოლისა და მუქარის ფაქტებმა. ISFED-ის ინფორმაციით, ზეწოლა ხორციელდება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში როგორც საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულ პირებზე და სხვა მოწყვლად ამომრჩეველზე. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები სისტემატიურად მართავენ შეხვედრებს საჯარო მოხელეებთან, რა დროსაც მათგან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას მოითხოვენ. რიგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სამსხურიდან გათავისუფლების მუქარას.

 

აღნიშნული ფაქტები გარდა ამომრჩეველზე ზეწოლა-მუქარისა, წარმოადგენენ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასაც, რადგან უმრავლეს შემთხვევაში ასეთი ზეწოლა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენების გზით ხორციელდება.

 

საანგარიშო პერიოდში ფიზიკური დაპირისპირებების ფაქტებიც გამოვლინდა, რასაც არ ჰქონია ადგილი პირველი ტურის კამპანიის მიმდინარეობისას. გამოვლინდა ოპოზიციური პარტიის აქტივისტებსა და მათ მხარდამჭერებზე ფიზიკური ძალადობის ოთხი შემთხვევა, ერთ შემთხვევაში კი პირს ფიზიკურად გრიგოლ ვაშაძისთვის ხმის არმიცემის გამო დაუპირისპირდნენ.

 

დაფიქსირდა პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები, რასაც ასევე არ ჰქონია ადგილი პირველი ტურის კამპანიისას. 

 

მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში უპრეცედენტო მასშტაბის ამომრჩევლის მოსყიდვის სახე აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ გაჟღერებულ გადაწყვეტილებას 600,000 მოქალაქისთვის ჯამში მილიარდნახევარი ლარის ოდენობის ფინანსური ვალდებულებების განულების შესახებ. გარდა ამისა, მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევებს აქვს ადგილი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სადაც სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ მოქალაქეებს გარკვეულ თანხას სთავაზობენ.

 

მასშტაბური სახე აქვს საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ისეთი სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დაპირებებს, რომლებიც მიზნად კონკრეტული სოციალური ჯგუფებისთვის მატერიალური სარგებლის მოტანას ისახავს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პროექტების დაანონსება არჩევნების პირველი ტურის შედეგებს უკავშირდება და მათი მიზანი სალომე ზურაბიშვილისთვის ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვებაა, რაც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ნიშნებს შეიცავს.

 

საანგარიშო პერიოდში კვლავ დაფიქსირდა საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტები როგორც სალომე ზურაბიშვილის, ასევე გრიგოლ ვაშაძის კამპანიის მიმდინარეობისას. სალომე ზურაბიშვილს ხელის შეშლასთან ერთად შეურაცხყოფაც მიაყენეს.

 

მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიისას გააქტიურდა 5 საზოგადოებრივი მოძრაობა რომელთა მიზანს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის საწინააღმდეგო აგიტაციის შემცველი კამპანიის წარმოება წარმოადგენს, რაც აჩენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიერ ხდება შემოწირულობის განხორციელება დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. მოძრაობის წევრებს გააჩნიათ საარჩევნო მიზნები, კერძოდ, იკვეთება პოლიტიკურ პროცესზე გავლენის მოხდენის განზრახვა, რისთვისაც იყენებენ შესაბამის ფინანსურ რესურსებს და გასწევენ მომსახურებას, რაც გამოიხატება მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ღია მხარდაჭერაში და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებაში. ‘‘მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ’’ საქართველოს კანონის 261 მუხლის თანახმად, ფინანსური გამჭვირვალობის ვალდებულება ვრცელდება პირზე, რომელსაც თავად აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზნები და რომელიც ამ მიზნების მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს.

 

ISFED-მა საარჩევნო გაერმოს გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე რეკომენდაციაც წარმოადგინა: 

  • ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები საჯაროდ უნდა გაემიჯნონ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტებს და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას; ასევე, მოუწოდონ თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებსა და საკუთარ მხარდამჭერებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ამომრჩეველზე ზეწოლის ყველა მცდელობა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ახალი მასშტაბური ინიციატივებისა და პროექტების დაანონსებისგან, დაიცვას ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის მოთხოვნები და მკაფიოდ გამიჯნოს სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის საარჩევნო აქტივობები. 
  • სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ და მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის შესაძლო ფაქტებზე, ასევე დაუყოვნებლივ, ეფექტურად და მიუკერძოებლად გამოიძიონ ფიზიკური დაპირისპირებებისა და სალომე ზურაბიშვილზე განხორციელებული მუქარის შემთხვევები. 
  • პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტები საარჩევნო კამპანიაში მაღალი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ საკუთარ განცხადებებს, არ უნდა დაუშვან სიძულვილის ენის გამოყენება და აგრესიული რიტორიკა; ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად თავი უნდა შეიკავონ ოპონენტების საჯარო შეხვედრებზე საკუთარი მხარდამჭერების მიერ კამპანიური აქტივობებისთვის ხელის შეშლისგან, ამომრჩეველთან ურთიერთობისას თავიდან აირიდონ ისეთი ქმედებები რაც ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა აღკვეთონ საჯარო მოხელეებზე ზეწოლისა და იძულების პრაქტიკა, დაიცვან პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, აღკვეთონ საბიუჯეტო და ადამიანური რესურსების კანდიდატების სასარგებლოდ გამოყენების შესაძლო ფაქტები, არ დაუშვან საჯარო მოხელეების მიერ აგიტაციის გაწევა სამუშაო საათებში, და მიაწოდონ ინფორმაცია მათთან დასაქმებულ საჯარო პირებს საარჩევნო პროცესში მათი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ.

 

ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მეშვეობით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, აშშ მთავრობის ან NED-ის შეხედულებებს.

წყარო: http://www.isfed.ge

ნახვების რაოდენობა : 84

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge