უმარწყვო გაზაფხულს გადარჩენილები

30 დეკემბერი 2020

„სეზონს რა თქმა უნდა ისევ მარწყვით დავიწყებთ“ - ვფიქრობდით წლის დასაწყისიდან და რას წარმოვიდგენდით, რომ 1 ღამურა ჩვენი ცხოვრების და წარმოების რითმს თავდაყირა დააყენებდა.

მოგესალმებით, მე ნინო ვარ და ჩემს მეგობართან ერთად ჩირის წარმოების პატარა ბიზნესი მაქვს. ჩვენი საწარმო „ჩირიკელა“ 3 წლის ხდება და ამ ხნის განმავლობაში უკვე მოიპოვა მომხმარებლების სიყვარული. ვფიქრობდით რომ 2020 გაფართოების და ახალი მიმართულებების წელი იქნებოდა. ვგეგმავდით ჩვენი „ჩირიკელა“ ოჯახური ბიზნესიდან ბევრად მაღალ საფეხურზე აგვეყვანა, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ვფიქრობთ.გეგმები დასახული გვქონდა, გრაფიკი შედგენილი. ზუსტად ვიცოდით როდის რა ნედლეული უნდა გვეყიდა და გაგვეკეთებინა. სეზონს მარწყვი ხსნიდა - მაგრამ რაიონს კორონა კეტავდა.

„ჩირიკელა“ თეთრიწყაროს რაიონში ფუნქციონირებს, რაიონში, რომელიც ბოლო წუთამდე უსაფრთხო გვეგონა. ამიტომ მშვიდად და წყნარად ვაგრძელებდით განსხვავებულ რეჟიმში ცხოვრებას, ვფიქრობდით რომ საჭირო იყო ეს როგორც ჩვენთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, ისე საქართველოს სხვა ჩაკეტილი ქალაქების და სოფლების პატივისცემის ნიშნად. მაგრამ შემდეგ მოხდა ის რომ წითელ ზონად ვიქეცით და ბევრად უფრო რთულ რეჟიმს გავუმკლავდით ვიდრე სხვა რაიონები.

რაიონში ინფიცირებულთა რაოდენობა უცებ გაიზარდა. იმდენად უცებ რომ გააზრებაც ვერ მოვასწარით. ბოლოს ყველა გეგმაზე და იდეაზე ფიქრი, ჩაანაცვლა ფიქრმა იმაზე, როგორ დაგვეცვა თავი და ოჯახი პანდემიისგან. სახლიდან ვაკვირდებოდით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ვიაზრებდით, რომ მსგავს სიატუაციებში ეკონომიკური დონე გაუარესდებოდა და რამე უნდა მოგვეფიქრებინა.

საგანგებო მდგომარეობის და წითელი ზონის ფონზე, მოვახერხეთ ის რომ ჩვენი საწარმო სამუშაო რეჟიმისთვის მზადებას შეუდგა. მოვაწესრიგეთ ინვენტარი და ჰიგიენური გარემო. წესების მიხედვით დავამუშავეთ ყველა საჭირო ნივთი. გავითვალისწინეთ რა, რომ სამ ადამიანზე მეტის თავშეყრა საშიშროებას წარმოადგენდა, ჩვენ, ორმა გოგომ საკუთარი რესურსით და ხელით გავაკეთეთ ყველაფერი, და მოვემზადეთ მარწყვის სეზონისთვის.

რაიონის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მარწყვის შესყიდვა ყოველთვის მიმდებარე რაიონებში ან დედაქალაქში გვიწევს. შესაბამისად გაჩნდა საჭიროება აგვეღო ოფიციალური საშვი, რომლის დახმარებითაც ადგილობრივი მეწარმეები და დისტრიბუტორები გადააგდილდებოდნენ პროდუქტების შესყიდვა-გაყიდვის მიზნით. სამწუხაროდ ყველა მცდელობა მსგავსი საშვის აღების უარით დასრულდა. ალბათ წარმოუდგენლად მიაჩნდათ ორი გოგოს რაიონიდან გასვლის მიზანი ნედლეულის შესყიდვა რომ იყო. ამიტომ აღმოვჩნდით ახალი პრობლემის წინაშე, რომელიც ნედლეულის გარეშე დარჩენას ნიშნავდა და არავინ იცოდა, როდის გაიხსნებოდა რაიონი ან როდის შევძლებდით საწარმოს სამუშაო რეჟიმში დაბრუნებას.

ადგილობრივი დისტრიბუცია მაქსიმალურად ცდილობდა რაიონი ყველა საჭირო პროდუქტით უზრუნველყო, მაგრამ როდესაც საქმე საბითუმო შესყიდვებზე მიდგებოდა, პროდუქტი ან ძალიან ძვირი ან არასაკმარისი იყო.
ამიტომ თეთრიწყაროში და „ჩირიკელაში“ უმარწყვო გაზაფხული დგებოდა.
ძალიან რთულია, როცა ეძებ გზებს შენი პატარა ბიზნესის გადასარჩენად, როცა არ იცი მხოლოდ გაზაფხული ჩაივლის უმარწყვოდ თუ ზაფხულშიც ყველანაირი ხილის გარეშე დარჩები. ამ დროს ალბათ ფიქრობ რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა, რომ ბიზნესზე ფიქრის დრო არ არის და მთავარია ჯანმრთელად ვიყოთ, მაგრამ ვფიქრობ ცოტა უფრო შორს უნდა გავიხედოთ მსგავს სიტუაციებში, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მოგვეძიებინა ადამიანი, რომელიც შეძლებდა ნედლეულის შესყიდვას და რაიონის ჩაკეტილ საზღვრამდე ამოტანას.

ასეც მოხდა, აღმოვაჩინეთ პიროვნება, რომელიც დაგვთანხმდა ჩვენს მაგივრად წასულიყო დედაქალაქში, შეესყიდა ნედლეული და მოეტანა საზღვრამდე. ასეთ დროს ხვდები, რომ ადამიანები ერთმანეთს ვავსებთ, რომ დახმარების ხელი ძალიან ბევრს ნიშნავს და რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ. უკვე აღარ ვნერვიულობდით იმაზე, რომ საზღვრიდან საწარმომდე სასურსათო ყუთების გადატანა ამ ორ გოგოს გვიწევდა, ფაქტიურად შეუძლებელი იყო იმ პერიოდში მუშა-ხელის მოძიება და დაქირავება, მაგრამ მთავარია ნედლეული გვქონდა. ამიტომ საკუთარი ძალებით, საწარმომდეც მივედით, ნედლეულიც გადავახარისხეთ და წარმოებაშიც ჩავუშვით.

მიუხედავად იმის, რომ ვიყავით წითელ ზონაში, ვიყავით ორი დაქალი, ვიყავით მარტო და არ გვქონდა არანაირი შესაძლებლობა საკუთარი ძალებით გადაგვერჩინა ჩვენი პატარა „ჩირიკელა“, შევძელით ის რომ ვიპოვეთ გამოსავალი.

მცდელობა არასდროს არ არის ცუდი აზრი - ჩვენ უმარწყვო გაზაფხულს გადავურჩით.

ნახვების რაოდენობა : 789

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ სრულად

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge