IDFI-მ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან ერთად საჯარო დისკუსია გამართა

27 სექტემბერი 2019

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან ერთად გამართა საჯარო დისკუსია 2019 წლის 22 მაისს ინიცირებულ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები, კანონპროექტის შესახებ მათი მოსაზრებებისა და შენიშვნების გასაზიარებლად.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ – სოფო კილაძემ; სახელმწიფო ინსპექტორმა – ლონდა თოლორაიამ; და IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა – გიორგი კლდიაშვილმა.

"აღნიშნული კანონპროექტის შემუშავების პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი, პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე ზედამხედველი უწყების, ამოცანაა ახალმა კანონმა პერსონალური მონაცემების დაცვის კიდევ უფრო ქმედითი მექანიზმები შექმნას, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პერსონალური მონაცემების არასწორი დამუშავება, ნეგატიურად აისახება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე, მათ პირად ცხოვრებაზე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ნეგატიური შედეგები მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული”. – განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ.

„ტექნიკური პროგრესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქაში, პერსონალური მონაცემების დაცვის მყარი საკანონმდებლო გარანტიების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამავდროულად, საჭიროა მოხდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და გამოხატვის თავისუფლებას / ინფორმაციის ხელმისაწვდომობას შორის გონივრული, პროპორციული და თანაზომიერი ბალანსის უზრუნველყოფა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონპროექტი შეიცავს გარკვეულ დადგენილებებს, რომლებმაც შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიონ საქართველოში გამოხატვის თავისუფლებაზე / ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის პროცესში არათანაზომიერად არ უნდა შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება / ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება, ანუ ის უმთავრესი ღირებულება, რაც დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვნად ფუნქციონირების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს,“ – აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა.

საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ IDFI-ის მოსაზრება ორგანიზაციის საპარლამენტო მდივანმა და კანონის უზენაესობის მიმართულების ხელძღვანელმა ქეთევან კუკავამ წარადგინა. „არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და ინფორმაციის თავისუფლებას შორის ბალანსი საქართველოში დარღვეულია, ხოლო აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულირების აღსრულების შემთხვევაში, სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის მიღება მოხდება სხვა საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილებების ინიცირების გარეშე, სასამართლო გადაწყვეტილებების სრულ ვერსიაზე წვდომა შეიზღუდება, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებს. გარდა ამისა, პერსონალურ მონაცემთა წაშლის ან დაბლოკვის უფლების აღსრულების პროცესში არსებობს რისკი იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლება არათანაზომიერად შეიზღუდოს,“ – განაცხადა ქეთევან კუკავამ.

კანონპროექტის ინიცირება პარლამეტში 2019 წლის 22 მაისს მოხდა. კანონპროექტის მიზანია ქართული საკანონმდებლო ჩარჩოს ევროპულ სტანდარტებთან, კერძოდ კი მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციასთან (GDPR) დაახლოება. კანონპროექტის დადგენილებების მიხედვით, პერსონალური მონაცემების დამუშავებისას, სუბიექტის უფლებების დაცვის სტანდარტი იზრდება. ღონისძიების ორგანიზატორია IDFI, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობით. ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერი გახლავთ გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate, პროექტის „კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.

 

ნახვების რაოდენობა : 197

კომენტარი

მთავარი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს
15 ოქტომბერი 2019
საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით. ადმინ ...
წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ სრულად

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge