გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის მიმართვა

21 ოქტომბერი 2019

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, ესმა გუმბერიძე, განცხადებას ავრცელებს, სადაც ის საუბრობს ამ პოზიციაზე შერჩევის პროცედურებზე და იმ სამომავლო გეგმებზე, რომელსაც ის მომდევნო ერთი წლის მანძილზე განახორციელებს.

"მართალია, ჩემი არჩევიდან უკვე 1 თვეზე მეტია გასული და სამწუხაროა, რომ აქამდე ვერ მოვახერხე, დამეწერა სრულფასოვანი მოსასალმებელი პოსტი, სჯობს რა გვიან, ვიდრე არასდროს, მას ახლა ვწერ: მე ვარ ესმა გუმბერიძე, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი. ჩემი მანდატი გაგრძელდება 2019–2020 წლის განმავლობაში. ამ პოზიციის დასაკავებლად გავიარე სამეტაპიანი კონკურსი 2 ათეულზე მეტი განმცხადებლით. პირველ ტურში მოგვეთხოვებოდა სივის, ყოველწლიურად განახლებადი სათაურით ესესა და სამოქმედო გეგმის ჩაბარება, თუ რას გავაკეთებთ 1 წლის განმავლობაში 17 ათასი ლარის ბიუჯეტით. დიახ, არ მოგესმათ: ახალგაზრდობის წარმომადგენლის პროგრამის ბიუჯეტი სწორედ 17 ათასი ლარია. ამ თანხით მან უნდა დაფაროს აშშ–ში 2 ვიზიტი (1 გენერალურ ასამბლეაზე და ერთიც– სოციალურ–ეკონომიკური საბჭოს ახალგაზრდულ ფორუმზე) და საქართველოს რეგიონებში ვიზიტები, ანუ რეგიონული ტური. ეს არის არაანაზღაურებადი, მოხალისეობრივი პოზიცია. რომ დავუბრუნდეთ შესარჩევ ეტაპებს, მეორე ტურში გავიარეთ გასაუბრება, სადაც გვეკითხებოდნენ მდგრადი განვითარების მიზნების, გაეროსა და საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ, ახალგაზრდობის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. ბოლო ეტაპი 5 წუთიანი საჯარო გამოსვლა იყო. ყოველივე ეს ინგლისურად, რადგანაც გაეროში ინგლისურად უნდა ვისაუბროთ, სიტყვით გამოსვლა და კონტაქტების დამყარება რომ შეგვეძლოს. წელს შესარჩევ კომისიაში იყვნენ განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი და საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წინა წარმომადგენელს, ლიკა ტორიკაშვილს მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის. დასაფასებელია, რომ მან აშშ–ში აკადემიური შვებულება აიღო, დროებით მიატოვა უნივერსიტეტში სწავლა, საქართველოში რომ ეკეთებინა შესანიშნავი საქმეები. დასაფასებელია, ის რომ საქართველოში ნდობის აღდგენის პროექტებს აკეთებდა მსოფლიოს სხვა კონფლიქტური რეგიონებიდან ჩამოსული ახალგაზრდების მონაწილეობით. საქართველოს შეუძლია, შეასრულოს მედიატორის როლი სხვა კონფლიქტებში, იყოს კონფლიქტში მყოფ თემთა შეხვედრის ადგილი და ამით დაიმკვიდროს მსოფლიოში ადგილი და მოიპოვოს პატივსაცემი და დასაფასებელი როლი შემრიგებლისა, რაც შემდგომში ჩვენი კონფლიქტების მოგვარებასა და დეოკუპაციაში დაგვეხმარება. ბევრს გული დაწყდა ლიკას წასვლის გამო, თუმცა ლიკას მანდატის დასრულებით თავისი აქტივიზმი და კარიერა ნამდვილად არ დაუსრულებია. პირიქით ეს მისთვის შესაძლებლობაა, გადავიდეს უკვე სხვა საფეხურზე, განაგრძოს ნაბიჯების გადადგმა წინ. მე მას ვუსურვებ კარიერულ და პიროვნულ ზრდასა და წინსვლას, ასევე იმ ღირებული საქმის გაგრძელებას, რასაც აკეთებდა აქამდე. აქვე გამოვეხმაურები იმ ნარატივსაც, რომ თითქოსდა მე „ყველაზე უკეთესი წარმომადგენელი უნდა ვიყო“, რომ ‘ყველას უნდა ვაჯობო“, რომ „მე ვარ ნამდვილი“. ეს პროგრამა სწორედაც იმითაა უნიკალური, რომ მასში 8 სრულიად განსხვავებული გამოცდილების, ხასიათისა და ინტერესების ახალგაზრდა იყო ჩართული. პროგრამა საკმაოდ ინკლუზიურია. გვყავდნენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, წარმომადგენელთა ნახევარი ქალი იყო, ჩემი სახით გვყავს შშმ ახალგაზრდებიც. (აქვე გავკადნიერდები და დავკონკრეტდები, რომ მე ვარ არამხოლოდ შშმ ან უფრო კონკრეტულად უსინათლო ახალგაზრდების, არამედ ყველა ახალგაზრდას წარმომადგენელი გაეროში( გვყავდა წარმომადგენელი, რომელიც საცეკვაო და სამოდელო საქმიანობით ამსხვრევდა საერთაშორისო ურთიერთობებში ჩართულ ადამიანებთან მიმართებაში არსებულ ხისტ სტერეოტიპებს. გვყავდნენ და გვყვანან ხელისუფლებისადმი, საჯარო მოხელეებისადმი კრიტიკულად განწყობილი გაბედული ახალგაზრდობის წარმომადგენლებიც, რომლებსაც არ ეშინოდათ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა და აზრის დაფიქსირება. ყოველმა წარმომადგენელმა რაღაც უნიკალური შემატა პროგრამას და ვერ იტყვი, რომ რომელიმე წვლილი მეტად ან ნაკლებად იყო მნიშვნელოვანი. შესაბამისად მეც იმედი მაქვს, რომ შევძლებ რაღაც ახლის გაკეთებას ამ პროგრამისთვის, თუმცა არა მაინცდამაინც იმას, რომ ვინმეზე მეტი ან ნაკლები ვიყო ან ვინმეს შევეჯიბრო. პირველი და მეორე ეტაპები დახურული იყო. კონკურსანტებს არც ერთმანეთის აპლიკაციები წაგვიკითხავს, ბუნებრივია და არც ერთმანეთის გასაუბრებებს დავსწრებივართ. შესაბამისად პირველ ორ ეტაპზე რა ხდებოდა, არ ვიცი, თუმცა საჯარო გამოსვლების ეტაპზე ვისი გამოსვლებიც მოვისმინე (დანარჩენ 11 განმცხადებელს ვგულისხმობ) კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ 1 ადამიანის შერჩევა ამ პოზიციაზე საკმაოდ პირობითია. თითოეული ფინალისტი უკვე არის აქტივისტი, ახალგაზრდა პროფესიონალი და ღირებული საქმის მკეთებელი თავის თემსა და ქვეყანაში, უკვე შეაქვს წვლილი ჩვენს განვითარებაში. საჯარო გამოსვლები ეხებოდა კლიმატის ცვლილებას, ტვინის გადინებასა და მიგრაციას, ოკუპაციას, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის განვითარებას. ამიტომ კონკურსში მონაწილე ყველა ახალგაზრდა ღირებულია, ყველა დასაფასებელი და აუცილებელია თითოეულ მათგანთან თანამშრომლობა და მათი ჩართვა ჩვენს ახალგაზრდულ საქმიანობაში. აქვე ვიტყვი, რომ ახალგაზრდობის წარმომადგენლის პოზიცია არ არის პარტიული. ამიტომ მე ჩემს საქმიანობაში დავიჭერ პარტიულ ნეიტრალიტეტს, თუნდაც სახელისუფლებო პარტიისადმი. საქართველოს შიგნით მე ახალგაზრდობის ინტერესებსა და საჭიროებებს გავაჟღერებ, ხოლო ქვეყნის გარეთ ვიქნები ახალგაზრდობისა და სახელმწიფოს, და არა რომელიმე პარტიის ან ხელისუფლების ინტერესების წარმომადგენელი და გამტარებელი. იმასაც ვიტყვი, რომ მოლოდინს, რომ „მე უნდა ავაყვავო ქართული ახალგაზრდობა“ მე დიდი ალბათობით ვერ გავამართლებ. ჯერერთი, რომ რომც შემეძლოს აყვავება, ჩემი „აყვავებული“ ბევრს არ მოეწონებოდა, იმიტომ რომ ის იქნებოდა ჩემს გემოზე, ჩემი რწმენა–წარმოდგენებით აყვავება და არა იმ უამრავი ახალგაზრდისა, რომელსაც მე წარმოვადგენ. ამასთან საკმაოდ შეზღუდული ფინანსური და ადამიანური რესურსი მაქვს. ვარ ერთადერთი, ჩემი ბიუჯეტი 17 ათასი ლარით შემოიფარგლება და ჩემს მანდატს აქვს 10 ტვიდან 1 წლამდე ვადა. თუმცა მე აუცილებლად ვიქნები ახალგაზრდების საჭიროებების გამჟღერებელი და მომსმენი. ჩემს პოსტებში იქნება ეს, ინტერვიუებში, ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ, ასევე გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. მე ასევე მთელი ძალღონით ვეცდები, ერთმანეთთან დავაკავშირო შესაძლებლობები, რესურსები და მათი მაძიებელი ახალგაზრდები, გავაზიარებ რა ამ გვერდზე სხვადასხვა ტრენინგისა თუ გრანტის შესახებ ინფორმაციას. ამიტომაც გთხოვთ, ეს გვერდი მოიწონოთ და აქტიურად გაეცნოთ. შესაძლოა, თქვენთვის სასარგებლო პროგრამა სწორედ აქ აღმოაჩინოთ! და ბოლოს, არის ხოლმე მოლოდინი, რომ ახალგაზრდობის წარმომადგენელი მოიქცევა და ისაუბრებს დიპლომატივით, რომ ის „პატარა დიპლომატი“ იქნება. მე ვფიქრობ, რომ გაერომ თავის დროზე სახელმწიფოებს იმიტომ მოუწოდა, დელეგაციებში ახალგაზრდობის წარმომადგენლები ჩაერთოთ, რომ გაეროში გაჟღერებულიყო ის, რასაც იქ ყოველდღიურ რეჟიმში კარიერული დიპლომატები არ საუბრობენ. ამიტომ მეც ვფიქრობ, რომ ამ პროგრამაში რესურსი არ იდება იმიტომ და იმისთვის, რომ მე და ჩემნაირები ჩავიდეთ გაეროში რამდენიმე დღით და იქ ვილაპარაკოთ იმ ენით და იმ საკითხებზე, რაზეც იქ ჩვენი დიპლომატები ისედაც ყოველდღიურად საუბრობენ. ჯერერთი, რომ 1 კვირის ნასწავლი დიპლომატიური ენა და ტერმინოლოგია ისე ბუნებრივად და კარგად არც და ვერც გამოგვივა, როგორც მათ, წლებია მუშაობენ რა ისინი იქ ამ სტილში. დასასრულს მინდა ყველას გისურვოთ წარმატება, გთხოვოთ, ადევნოთ ამ გვერდს თვალი და დაელოდოთ სიახლეებს, ასევე მომწეროთ, დამირეკოთ მითითებულ ნომერზე, დამისვათ კითხვები, რადგანაც სწორედ კითხვები მაჩვენებს, რომ თქვენთვის ჩემი საქმიანობა საინტერესო და საჭიროა, რაღაცის მომცემია. ახლო მომავალში სტაჟირების პროგრამაზეც გამოვაცხადებ აპლიკაციების მიღებას, ასე რომ დროებით!"

ნახვების რაოდენობა : 652

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ სრულად

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge