EMC მარნეულის მერიას და საკრებულოს, აზერბაიჯანულ ენაზე თარგმანის რესურსების არარსებობის გამო, სასამართლოში უჩივის

19 მარტი 2019

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი, (EMC) ადგილობრივი აქტივისტის სახელით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს და ითხოვს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ საჯარო ინფორმაციის გაცემა, ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე.

არსებული მდგომარეობის მიუხედავად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია არ უზრუნველყოფს უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული თარგმანის რესურსების შექმნას და მათ შორის, არ უზრუნველყოფს მოქალაქეების წერილების, განცხადებების, საჩივრების, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოების პასუხების, საჯარო ინფორმაციისა და ნორმატიული აქტების თარგმანის სისტემის ამუშავებას. ამ პირობებში, ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს, რომლებიც ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას სრულყოფილად, უწევთ საკუთარი ხარჯით თარგმნონ განცხადებები და მიღებული პასუხები, იმისთვის, რომ მიიღონ ინფორმაცია იმ ბაზისურ უფლებებზე, სერვისებზე და რეგულაციებზე, რაც უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ეთნიკური უმცირესობების ლინგვისტური უფლებების სრული უგულებელყოფა ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან, წარმოადგენს მათზე დაკისრებული იმ პოზიტიური ვალდებულებების დარღვევას, რომლებიც გარანტირებულია „სახელმწიფო ენის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით, „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ“ ევროპული ჩარჩო კონვენციით და საქართველოს მთავრობის "სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმით“.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხრიდან ეთნიკური უმცირესობების ბაზისური უფლებების უგულებელყოფა იწვევს მათ გარიყვას და სრულ იზოლაციას საზოგადოების სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრებიდან. ასევე, ეს პრაქტიკა ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს უქმნის ორმაგ დაბრკოლებას საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობისთვის, რაც თემის იზოლაციას და ჩაკეტვას განაპირობებს და არსებითად აზიანებს ინტეგრაციის პროცესს. განსაკუთრებით პრობლემურია, როდესაც ამ ვალდებულების შესრულებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები არ უზრუნველყოფენ, რომელიც სახელმწიფოში პოლიტიკური ხელისუფლების და დემოკრატიული მონაწილეობის პირველადი ინსტიტუციაა.

სარჩელში EMC მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიისგან ითხოვს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა შეასრულონ მათზე ეროვნული და საერთაშორისო დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებები და უზრუნველყონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში აზერბაიჯანულ ენაზე წარდგენილი განცხადების, საჩივრის, მასზე გაცემული საჯარო პასუხის თარგმნა უმცირესობების ენაზე.

საქართველოს მოსახლეობის 13,2%-ს ეთნიკური უმცირესობები წარმოადგენენ. მათგან ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს საქართველოს აზერბაიჯანელი თემი შეადგენს (6,3%), რომელიც კომპაქტურად სახლობს ქვემო ქართლის რეგიონში. მათ შორის, მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის უმრავლესობას აზერბაიჯანული თემი წარმოადგენს. სახელმწიფო ენის ცოდნის დონე ეთნიკურად აზერბაიჯანელ თემში წლების განმავლობაში განათლების პოლიტიკის ნაკლოვანების და სახელმწიფო ენის სწავლის პროგრამების სისუსტის გამო, დაბალია.[1]

[1] სოციალური კვლევისა და ანალიზის ინტიტუტის 2012 წლის კვლევის შესაბამისად, ქვემო ქართლში მცხოვრები 6 წელზე ზევით ასაკის ეროვნული უმცირესობების 71.5 % ვერ ლაპარაკობს სახელმწიფო ენაზე. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ეთნიკურ აზერბაიჯანელებში - 78, 3 %, ხოლო სომეხ მოსახლეობაში - 36.6 %.

ნახვების რაოდენობა : 295

კომენტარი

მთავარი ამბავი

საიამ პარლამენტს „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები წარუდგინა
20 მარტი 2019
საიამ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა. საია მიესალმება „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით გ ...
წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ სრულად

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge