ვენახი სათბურში - იმერელი ფერმერის ინოვაციური ბიზნესწამოწყება

27 აპრილი 2017
რეგიონი : იმერეთი
თემა :

ქუთაისში, პროფესიული სწავლების და ტრენინგების ცენტრის ბაზაზე, ადგილობრივმა ფერმერმა თენგიზ  ჩინჩალაძემ ვაზი ტრადიციულისგან განსხვავებული მეთოდით გააშენა. ვენახის უნიკალურობა ისაა, რომ ის სათბურში დაირგო. თენგიზ  ჩინჩალაძემ ამ იდეის განხორციელება 2015 წელს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ ხელმძღვანელის, მერაბ ბარათაშვილის რჩევით გადაწყვიტა. თავდაპირველად ვენახის გაშენება 300 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე გადაწყდა.

„ეს ტერიტორია სახელმწიფოსგან შევისყიდე. ენერგიული კაცი ვარ და ისე ყოფნა არ შემიძლია. გადავწყვიტე გამეკეთებინა სათბური. შარშანწინ და იმის წინ დავრგე მწვანილი. ბევრი შრომა უნდოდა და არც ისე გაამართლა. რადგან ვენახი და ვაზი ქართველი კაცის ბუნებაში ზის, გადავწყვიტეთ ეს ვენახი გაგვეკეთებინა. პირველ სათბურში ვაზი 2015 წელის 9 მაისს დაირგო. მალე 2 წლის გახდება. მეორე სათბურში დარგული ვაზი 16 მაისს გახდება ერთი წლის. პირველ წელიწადს ნერგმა მომცა 7-8 კილო და უნდა გავიდე 30-40 კილოზე“, - აცხადებს თენგიზ ჩინჩალაძე cso.ge-ისთან საუბრისას. 

თითო სათბურში 80-მდე ძირია დარგული. ყურძენი მწიფდება აგვისტოს ბოლოს - სექტემბრის დასაწყისში, თითო მტევანი ამ დროს 800 გრამიდან 1 კილომდე იწონის.

„პროფესიული სწავლების და ტრენინგების ცენტრში კოოპერატივებთან დაკავშირებით ბევრი ტრენინგი ჩატარდა. ეს რომ არ ყოფილიყო ჰაერზე საუბარი, გვინდოდა აქვე გვეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რომ შესაძლებელია ინოვაციური და რენტაბელური პროდუქტის შექმნა. მეპატრონე პირველად იყო ძალიან გაბრაზებული და გულაყრილი, რომ ვერ ახერხებდა ვერაფრის რეალიზაციას - მასაც, როგორც ყველას, ცერეცო და მწვანილი მოჰყავდა. ძალიან გაწამდა. მე დავიჩემე და ვუთხარი ეს ნაბიჯი გადაგვედგა. თავიდან ძალიან სკეპტიკურად უყურებდა. თუმცა ეს შედეგი პირველივე წელს მიიღო და შემდეგ მეორე სათბურშიც გააშენა“, - განაცხადა მერაბ ბარათაშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ ასეთივე შედეგების დადება ბევრი მიმართულებით შეიძლება.  

ვაზის ნერგი ადგილზე გამოიყვანეს. სათბურში დარგულია ორი ფრანგული ჯიში: „სევილია“ და „კარდინალი“. როგორც სათბურის მეპატრონე ირწმუნება, ადგილზე ბიო პროდუქტის წარმოება ხდება, რადგან იყენებს მხოლოდ ესპანური წარმოების ბიოლოგიურ სასუქს. მისივე თქმით, ამ წამოწყებით ბევრი ადამიანი დაინტერესდა და მასთან კონსულტაციის მისაღებადაც მიდიან.  

„ქიმიური შემადგენლობას რაც შეეხება, ანალიზით გავზომეთ და საერთოდ არ გამოჩნდა თუ რამე იყო გამოყენებული, რაც იმას ნიშნავს რომ ეს ნამდვილად არის ბიო პროდუქტი“ - აღნიშნა თენგიზ ჩინჩალაძემ.

პროფესიული სწავლების და ტრენინგების ცენტრის ხელმძღვანელი, თენგიზ ჩინჩალაძის ძმა, სილოვან ჩინჩალაძე სათბურში ყურძნის წარმოების უპირატესობებზე საუბრობს. მისი თქმით, მოსავალი წელიწადში ორჯერ ასწრებს მოსვლას, აქ ვაზი დაცულია სტიქიისგან, ყველა პირობაა შექმნილი, რომ ვენახმა გაიხაროს, ტემპერატურის ცვალებადობა ნაკლებია და რაც მთავარია, პროდუქტს აქვს კარგი სასაქონლო სახე. საგემოვნო თვისებებს რაც შეეხება, მისი რწმუნებით, აქ მოყვანილი პროდუქტი უფრო გემრიელია, ვიდრე გარეთ მოყვანილი, რადგან უცვლელ ტემპერატურაზე ყურძენი მეტ შაქრიანობას იძენს. გარდა ამისა, სათბურის ქვედა დონეზე პარალელურად სხვა ბოსტნეულის მოყვანაც შეიძლება, უკვე გამზადებულია ბულგარული წიწაკის ნერგები, რომელსაც ქვედა რიგებში დარგავენ.  

„აქ გაკეთებულია მინი საჩითილე მეურნეობა, სადაც ხდება ამ ჩითილების გამოყვანა.  ამ საჩითილე ჭიქებში ხდება ბულგარული წიწაკის გამოყვანა. აქ ხდება ვაზის გამოყვანაც, რომელიც შემდეგ გადავა გრუნტში. მომავალში დაგეგმილია ნერგების რეალიზებაც“, - აღნიშნა სილოვან ჩინჩალაძემ.

მერაბ ბარათაშვილის განმარტებით, ირანელს, სომეხს, აზერბაიჯანელს საქართველოში პროდუქტი შემოაქვს, როდესაც მასზე ფასი ძალიან მაღალია. ქართული პროდუქტი კი ბაზარზე მაშინ შემოდის, როდესაც ფასი ძალიან დაბალია.

„პროდუქტის რეალიზებას სამი წესი აქვს: 1. უნდა მოიყვანო არასეზონურად, 2. უნდა დააყოვნო და გაყიდო გვიან და 3. უნდა შეფუთო. აქედან ერთ-ერთს თუ არ აკეთებ, მართლა ტყუილად წვალობ. შენ რომ ყურძენს მოიწევ და იმ წუთას ყიდი, ფულს ვერ იშოვი. ჰოლანდიაში მაქვს ვენახის სათბური ნანახი. თუ ჰოლანდიელმა მოახერხა, შენ რატომ ვერ აკეთებ?“- განაცხადა მერაბ ბარათაშვილმა.

გასაღების ბაზარს რაც შეეხება, ბარათაშვილის განმარტებით არის ორი მიმართულება - ერთი მიმართულებაა ყურძნის რეალიზება, თუმცა ეს ძვირი ჯდება და ინვესტირება სჭირდება, რადგან პროდუქტს შენახვა უნდა და მეორეა ბიო ღვინის წარმოება, რომელიც ინვესტიციის თვალსაზრისით უფრო იაფია, მაგრამ სერიოზულ მენეჯმენტს საჭიროებს.

ფერმერს ბიზნესის გაფართოების სურვილი აქვს, სურს კიდევ ერთი სათბური ააშენოს, თუმცა მისი თქმით, ამისთვის საკმარისი ფინანსები არ აქვს.

„ეს სათბური არანაირ პროექტში არ არის ჩართული და გვინდა რამე საგრანტო პროგრამაში მივიღოთ მონაწილეობა. უბრალოდ შესაძლებლობა აღარ აქვს, რომ გაფართოვდეს. აქ ყველაფერი საკუთარი ძალებითაა გაკეთებული. რა რესურსიც ჰქონდა ბატონ თენგიზს, უკვე ამოწურულია. როგორც კი მას ფინანსები გაუჩნდება, გადაწყვეტილი აქვს, რომ გაზარდოს ეს მეურნეობა და დაამატოს სათბური, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ შესძლო. ერთი სათბურის აქამდე მოყვანა 20-22 ათასი ლარი ღირს. გარდა ამისა, აქ არის 25 გრადუსი სითბო. გათბობა ბუნებრივად მზის ენერგიაზე ხდება. ხელოვნური გათბობა ძვირი ჯდება. თუკი აქ ხელოვნური გათბობა იქნება, მაშინ პროდუქტი უფრო ადრე მოვა და უფრო ღირებული იქნება. რამდენიმე ათასზეა საუბარი, ამის საშუალება კი არ არის“, - აღნიშნა სილოვან ჩინჩალაძემ.

მერაბ ბარათაშვილის თქმით, აუცილებელია აქ მიღებული გამოცდილება სხვა ფერმერებშიც გავრცელდეს და მათი დაინტერესება მოხდეს სასათბურე მეურნეობით, რათა მათ მოახერხონ თუნდაც ადგილობრივ ბაზარზე ჩაანაცვლონ გარედან შემოტანილი პროდუქტი.

„ჩვენ ვნახეთ კონკრეტული მაგალითი, როგორ შეიძლება ინოვაციური, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ბიოლოგიური პრეპარატებით, მიღწეულ იქნას ისეთი შედეგი მოკლე დროში. ეს ცოდნა უნდა მივიდეს არასამთავრობო სექტორთან, ფერმერებთან. ეს ცოდნა უნდა გავრცელდეს, რომ ფერმერებმა შეძლეს მაღალი რენტაბელური პროდუქტის მიღება, რათა მათთან მოხდეს ფულის აკუმულირება და მათ მოახერხონ თუნდაც ადგილობრივ ბაზარზე ჩაანაცვლონ გარედან შემოტანილი პროდუქტი“, - აღნიშნა ბარათაშვილმა.

 

მასალის მომზადება შესაძლებელი გახდა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წევრი ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლიას“ დახმარებით. აღნიშნული საკითხით დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ კონსულტაციისთვის მიმართოთ ორგანიზაციის წარმომადგენელს, მერაბ ბარათაშვილს. ტელ: 599 58 70 94

ნახვების რაოდენობა : 3512

სურათები

კომენტარი

მენიუ

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. 9/1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge