სოფელ მარელისის საბავშვო ბაღს საკვები პროდუქტები გადაეცა

30 მაისი 2018
რეგიონი : იმერეთი
თემა : ადვოკატირება

პასუხისმგებლიანი ბიზნესის კიდევ ერთი მაგალითი - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში მდებარე საბავშვო ბაღს კომპანია „კარფურის“ წარმომადგენლები 29 მაისს ესტუმრნენ და საჩუქრად გადასცეს საოჯახო ტექნიკა, ჭურჭელი, მშრალი საკვები პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები.

აღნიშნული აქციის გაკეთება კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც CSO.ge-ზე საბავშვო ბაღის თაობაზე მომზადებულ სტატიას გაეცნო. (სტატიაში მოთხრობილი იყო  მარელისში არსებული სკოლამდელი განათლების ცენტრის თაობაზე, რომელიც გასული წლის 18 სექტემბერს გაიხსნა. აღნიშნული სკოლამდელი სწავლების ჯგუფი საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკამ“ გახსნა, რათა მუნიციპალიტეტმა მომავალში სოფელში სრულფასოვანი ბაღის ფუნქციონირების აუცილებლობა დაინახოს. თუმცა აღნიშნულ ბაღში პრობლემურია ბავშვთა კვების საკითხი, რადგან კვების კომპონენტი პროექტით არ არის გათვალისწინებული. ბავშვებს გარკვეული პერიოდის შემდეგ შივდებათ, რა დროსაც მათში მატულობს აგრესია და გაღიზიანება).

როგორც კომპანია „კარფურის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნინო რამიშვილმა, CSO.ge-ს განუცხადა, ერთი აქციით ბაღში კვების პრობლემა ვერ გადაიჭრება, თუმცა კომპანიას სურს საკუთარი წვლილი შეიტანოს პრობლემის მოგვარებაში და მაგალითი მისცეს სხვა კომპანიებსაც.

„როდესაც ვნახეთ ამ ბავშვების სურათები და მათ შესახებ მომზადებული სტატია, დიდი სურვილი გაგვიჩნდა ჩამოვსულიყავით და ჩამოგვეტანა საჭირო პროდუქტები, რადგან ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა. გვინდა გავავრცელოთ ეს ინფორმაცია სხვა კომპანიებშიც. ყველამ რომ იგივე გააკეთოს, ამ ბავშვების პრობლემები მოგვარდება. დარწმუნებული ვართ, რომ ეს არ არის ერთჯერადი აქცია, დიდი იმედი გვაქვს სხვა ორგანიზაციებიც შემოგვიერთდებიან. მომავალშიც ვესტუმრებით ბაღს და გავითვალისწინებთ მათ საჭიროებებს. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ცენტრი არსებობს ამ სოფელში. ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი აქ მცხოვრები ბავშვების განვითარებას“, - აღნიშნა ნინო რამიშვილმა.  

მარელისის საბავშვო ბაღის პრობლემებით დაინტერესდა „კარფურის“ პარტნიორი კომპანია Nikai. კომპანიის წარმომადგენელმა, ნინო მურაჩაშვილმა, საბავშვო ბაღს საჩუქრად ტელევიზორი გადასცა, რათა ბავშვებს ჰქონდეთ მულტფილმების და სხვადასხვა გასართობი თუ შემეცნებითი გადაცემების ნახვის საშუალება.

ამჟამად მარელისის დღის ცენტრში 14 აღსაზრდელი გადის მომზადებას.  როგორც ბაღის აღმზრდელმა პედაგოგმა, თამარ მაისურაძემ CSO.ge-ის განუცხადა, ბაღისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაწეული დახმარება.

CSO.ge ესაუბრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელს, მამუკა ჭიპაშვილს, რათა გაერკვია აპირებს თუ არა მუნიციპალიტეტი საკუთარ დაქვემდებარებაში გადაიბაროს დღის ცენტრი. მამუკა ჭიპაშვილი მომავალში არ გამორიცხავს მარელისში ახალი მუნიციპალური საბავშვო ბაღის აშენებას, თუ აღსაზრდელების მზარდი დინამიკა დაფიქსირდა.

„შევხედავთ, თუ კონტინგენტი მომავალ წლებშიც გაიზრდება და საჭიროება დადგება, რომ აქ ბაღმა იფუნქციონიროს, მუნიციპალიტეტი ალბათ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მარელისში საბავშვო ბაღი აშენდეს. ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ხარაგაულში ბაღების რაოდენობა გაორმაგდა. განსაკუთრებით მიგრაციულ სოფლებში ბაღების აშენება ნამდვილად არის პრიორიტეტი, უბრალოდ ამის კონტინგენტი უნდა იყოს. წელსაც კი ორი ახალი ბაღი მოიაზრება, რომ ხარაგაულში აშენდეს და ვნახოთ, ალბათ, მარელისიც დადგება დღის წესრიგში. ამისათვის დიდი დრო არ არის საჭირო“, - აღნიშნა მამუკა ჭიპაშვილმა.

აღნიშნული საკითხის ადვოკატირების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის“ წევრი ორგანიზაციები: „ნაბიჯი ხარაგაული“ და საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი, რომლის წარმომადგენელი, ინგა მაღრაძე რამდენჯერმე პირადად დაეკონტაქტა სხვადასხვა კომპანიას. მისი აქტიურობის შედეგად მოხდა კომპანია „კარფურის“ დაინტერესება აღნიშნული პრობლემით.

როგორც „ნაბიჯი ხარაგაულის“ წარმომადგენელმა რუსუდან გურგენიძემ განმარტა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ისეთი მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებიც მთლიანად არიან დამოკიდებულნი სახელმწიფო დოტაციაზე.

„ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, მივაღწიეთ უკვე იმას, რომ მუნიციპალიტეტმა ელემენტარულად ეზო შემოუღობოს და ეზოში ჩამოსასრიალებელი პატარა ატრაქციონები დადგას. მათთვის ასეთი რაღაცეები ფაქტიურად ფუფუნების საგანია. ვფიქრობთ, სამომავლოდ სხვადასხვა კომპანიებს დავუკავშირდეთ. „კარფურმაც“ აღგვითქვა, რომ ეს არი იქნება ერთჯერადი. რაც შეეხება მუნიციპალიტეტთან ადვოკატირებას, ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ყველაფერში რეგიონული ქსელის და „სიდას“ ჩართვა, რადგან ყველაფერი აქედან დაიწყო. რომ არა სიდას პროქტი, პრობლემა ვერ გაშუქდებოდა cso.ge-ზე და ვერ გახდებოდა ასეთი რეზონანსული. „სიდას“ და ქსელის აქტიურობამ გამოიწვია ის, რომ „კარფურიც წამოვიდა შემხვედრ ნაბიჯებზე“, - განაცხადა რუსუდან გურგენიძემ.

როგორც ცნობილია, მარელისის დღის ცენტრი არის "კივიტას გეორგიკას“  მესამე პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. თავდაპირველად ნადაბურში გაიხსნა მზაობის ჯგუფი. ერთი წლის დაფინანსების შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაინახა იქ ბაღის საჭიროება და ახალი ბაღი ააშენა. მეორე ჯგუფი დაბა ხარაგაულში ფუნქციონირებს. მზაობის ჯგუფი განსხვავებული ფორმატისაა - ფუნქციონირებს დღის პირველ საათამდე, ჰყავს ერთი აღმზრდელი და არის წინამოსამზადებელი პერიოდი სკოლაში შემსვლელი ბავშვებისათვის. ბაღში აღსაზრდელებისთვის არ არის გათვალისწინებული კვება და შუადღის ძილი.

ასევე იხილეთ: „ბავშვებს რომ შივდებათ, აგრესიაზე გადადიან“ - საბავშვო ბაღის პრობლემების სოფელ მარელისში.

ნახვების რაოდენობა : 457

სურათები

კომენტარი

მენიუ

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. 9/1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge