სოციალური მეწარმეობა და  რეგიონში არსებული გამოწვევები

24 ივნისი 2017
რეგიონი : სამეგრელო-ზემო სვანეთი
თემა : შშმ პირთა ინტერესების დაცვა

ზუგდიდში, რუსთაველის ქ. #84-ში მდებარე სამკერვალოს თუ ესტუმრებით, ერთ სივრცეში მრავალფეროვანი მომსახურების მიღებას შეძლებთ. გარდა ტანისამოსის  შეკერვისა, აქ შემოგთავაზებენ ტანისამოსზე ნაქარგების გაკეთებას, თერმული გზით სასურველი ლოგოების თუ სურათების დატანას, ბრენდირებული პროდუქტის შექმნას და სხვა. შეგიძლიათ დაამზადებინოთ ბავშვების აქსესუარები მათი სახელებით, გერბებით, სხვადასხვა ნახატებით, მძივებით, შეუკვეთოთ რომელიმე დღესასწაულთან დაკავშირებული მოხატულობა, შეკეროთ უნიფორმები და გააფორმებინოთ საკუთარი კომპანიის ლოგოთი ან თუნდაც შეარჩიოთ საკარნავალო კოსტუმები სასურველი დიზაინით.

ეს არის სოციალური საწარმო, რომელიც მორგებულია როგორც ინდივიდუალურ, ისე კორპორატიულ კლიენტებზე. ამ ყველაფერს კი სამკერვალოში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ქმნიან. გარდა შშმ პირებისა, საწარმოში დასაქმებული არიან მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელები, დევნილები, მარტოხელები.  

საწარმოში დასაქმებული სოფო ჩახაია ეტლით მოსარგებლეა. ის კმაყოფილია, რომ მისთვის საინტერესო საქმეს აკეთებს და მუდმივად სახლში ყოფნა არ უწევს.

„ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე ბევრი ადგილი არ არის, სადაც სწავლა და დასაქმება შეიძლება. ძირითადად სახლში ვიყავი. ჭრა-კერვა მაინტერესებდა, ამიტომ, როცა სწავლა შემომთავაზეს, ძალიან გამიხარდა. ჩემთვის ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. რაც მაინტერესებს, იმას ვაკეთებ, სახლში არ მიწევს ჯდომა“, - აღნიშნა მან cso.ge-ისთან საუბრისას.

სოციალური საწარმო ასოციაცია „ჰანგის“ ბაზაზე დაფუძნდა და 2015 წლის ნოემბრიდან დაიწყო მუშაობა.  ანალოგიური საწარმო რეგიონში არ ფუნქციონირებს. საწყის ეტაპზე სამკერვალო საამქროში სასწავლო კურსები დააფინანსა ფინურმა საერთაშორისო ორგანიზაცია „აბილისმა“,  რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების საკითხებზე მუშაობს.  

„ამის შემდეგ ჩვენ არ გავჩერდით, გავაგრძელეთ დამატებითი გრანტების მოძიება. ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“  (CSRDG) მხარი დაუჭირა ჩვენი პროექტის განვითარებას და შევიძინეთ საქარგავი დანადგარი, მეორე ეტაპზე კიდევ სამ დანადგარს ველოდებით მათგან. ეს საკმაოდ ძვირადღირებულ დანადგარია, არის საწარმოო დანიშნულების. გვაქვს თერმული დამუშავების წნეხები, რომლებიც შევიძინეთ ჩეხური საერთაშორისო ორგანიზაციის PIN (People in Need) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში”,- აცხადებს ასოციაცია „ჰანგის“ პროექტების მენეჯერი გურამ ჩიხლაძე

პირველ ეტაპზე, პოტენციური დასაქმების მიზნით, საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების გადამზადება ხდება. მაისიდან სოციალურ საწარმოში ბენეფიციარების ახალი ნაკადის მიღება და გადამზადება დაიწყო, რომელთა ნაწილი ადგილზე დასაქმდება.  

საწარმოს მიზანია, რომ ერთ ადგილას ნებისმიერი პროდუქტის წარმოება გახადოს შესაძლებელი.

„ჩვენს კლიენტს არ უნდა უწევდეს სხვადასხვა ადგილას მომსახურების მოძიება. ჩვენ შეგვიძლია როგორც ბრენდული პროდუქტის დაქარგვა, შოლკოგრაფიით დამუშავება, ასევე თერმულად ლოგოების დატანა. მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით, მრავალფეროვანი მომსახურების შესაძლებლობები გვაქვს გათვალისწინებული. უკვე საკმარისი ტექნიკა გვაქვს, რომ ნებისმიერი პროდუქტი ვაწარმოოთ ადგილზე. ძირითადი აქცენტი მაინც გაკეთებული გვაქვს სპეცტანსაცმელზე, უნიფორმებზე. ვღებულობთ ინდივიდუალურ შეკვეთებს, მაგრამ ამაზე აქცენტი არ გვაქვს, ჩვენ უფრო გვინდა კორპორატიული ხაზით მუშაობა. ამაზე გვაქვს აქცენტი, ვინაიდან ეს სეგმენტი ფაქტიურად ასათვისებელია. გვინდა კორპორატიული შეკვეთების გაზრდაზე მუშაობა“, - აღნიშნა გურამ ჩიხლაძემ.

რაც შეეხება სოციალურ მეწარმეობას და ამ საქმიანობის წინაშე არსებულ გამოწვევებს, გურამ ჩიხლაძის განცხადებით, საქართველოში, განსაკუთრებით კი რეგიონებში, სოციალურ მეწარმეობასთან თანამშრომლობის პრაქტიკა განვითარებული არ არის, ამიტომ პროდუქციის რეალიზება ჭირს. საწარმოში ბენეფიციარების დასაქმებაც მთლიანად შეკვეთების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ჩიხლაძის თქმით, თუკი სოციალურ მეწარმეობას ადგილობრივი ბიზნესი მარკეტინგული კუთხით წაეხმარება, შესაძლებელი გახდება ერთის მხრივ მეტი ბენეფიციარის დასაქმება და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მეორეს მხრივ კი მოხდება სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა საზოგადოებაში.

„თუ შენი შექმნილი პროდუქცია არ გაიყიდა, ამ ბაზის არსებობას მნიშვნელობა არ აქვს. შეკვეთებზე ვართ დამოკიდებული და არ არის იმდენი საქმე, რომ 10 ადამიანი ყოველ დღე ვატაროთ სამსახურში. ბენეფიციარებს მოვიძიებთ, გადავამზადებთ, მაგრამ ახლა უკვე განვითარების სხვა ეტაპზე ვართ - მარკეტინგზე. მარკეტინგის კუთხით ვაწყდებით შემდეგ სირთულეებს: ერთია ბაზარზე გასვლა, ჩვენ არ გვაქვს ჩვენი სარეალიზაციო წერტილები დალაგებული და ქაოტურად ვახდენთ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას. მეორე -  ცნობადობა არ არის მაღალი ჩვენთან მიმართებაში, და მესამე - საბრუნავი რესურსები არ არსებობს. დონორები, ბუნებრივია, საბრუნავ ნედლეულზე თანხას ვერ მოგცემენ. შეიძლება იყოს შეკვეთა, მაგრამ ნედლეული ვერ შევისყიდოთ. ეს ხელშემშლელი ფაქტორებია. სოციალური ფონის ფაქტორიც არის, რადგან ზოგს უნდა შეკერვა და ვერ ახერხებს“, - აღნიშნა მან.

გურამ ჩიხლაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში სოციალური მეწარმეობის, როგორც ცნების დამკვიდრება.

„ამ ყველაფერზე საკმაოდ რთული სამუშაოა ჩასატარებელი. მხოლოდ  ჩვენი რესურსებით, დიდი ალბათობით, ამას ვერ გავწვდებით. ამისთვის საჭიროა ფართომასშტაბიანი შეკრებები, პიარ აქციების ორგანიზება. ჩვენ ამ ეტაპზე ამის რესურსი არ გაგვაჩნია. ვფიქრობ, ამაში დახმარება თავისუფლად შეუძლია კერძო სექტორს. ჯამში ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში სოციალური მეწარმეობის, როგორც ცნების დამკვიდრება. ბევრმა არც იცის - რა არის სოციალური საწარმო და როგორც ბიზნესს ნაკლებად უყურებენ, ჰგონიათ, რომ საქველმოქმედო დაწესებულებაა. იმედი მაქვს, ჩვენს რეგიონში სოციალური საწარმოები მომავალში მომრავლდება. ჩვენ მზად ვართ ჩვენი გამოცდილება ნებისმიერ ადამიანს გავუზიაროთ და დავეხმაროთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რომ მათაც განავითარონ სოციალური მეწარმეობა. უკეთესია, ჰუმანიტარული მიდგომებიდან სოციალურ მიდგომებზე გადავიდეთ და ხელი შევუწყოთ ადამიანების უნარების განვითარებას და შემდგომ მათ დასაქმებას. დასაქმების პოტენციალი გვაქვს და თუ გვექება ხელშეწყობა მარკეტინგული კუთხით, თუნდაც თუ იქნება ტრენინგები გაყიდვებში, პიარში, ძალიან დაგვეხმარება. კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ ჩვენი სოციალური საწარმოს კიდევ უფრო განვითარებას და გაძლიერებას, რითაც ვუბიძგებთ სხვა ადამიანებს, ხელი მოკიდონ ამ მიმართულებას და სირთულეების დაძლევით განავითარონ სოციალური მეწარმეობა საკუთარ რეგიონში“ , - აღნიშნა მან.

კიდევ ერთი პრობლემა  არის ის, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახები სახელმწიფო შემწეობის დაკარგვის შიშით მუშაობის დაწყებას ერიდებიან.

„ბევრ პრობლემას ვეჯახებით სოციალურ მეწარმეობაში. მაგალითად, სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ბენეფიციარები ადრე ხშირად უარს ამბობდნენ ჩვენთან გაჩერებაზე და დასაქმებაზე იმიტომ, რომ თუ მათ შემოსავალი დაუფიქსირდებოდათ, ავტომატურად ეხსნებოდათ სოციალური შემწეობა. ახლა პროპორციებია დაცული და თუ ოჯახში 150 ლარამდე შემოსავალი დაფიქსირდება ერთ სულზე, ეს არ იქნება შემწეობის მოხსნის საფუძველი.  ეს ერთ-ერთი პოზიტივია“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, სოციალური საწარმოს მიმართ ადგილობრივი თვითმმართველობიდან მხარდაჭერა  და მზაობა ნამდვილად არის.

„გვაქვს ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის საკმაოდ პოზიტიური გამოცდილება. ინტენსიურად გვიჭერენ მხარს როგორც ფინანსურად, ისე საინფორმაციო კუთხით. ზუგდიდის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მხარი დაუჭირა პროექტს და შოლკოგრაფიის მანქანა შევიძინეთ, მაგრამ აპლიკაციის მანქანა ვერ შევიძინეთ.  ეს აპარატი გულისხმობს აპლიკაციების, ასოების პროპორციებში ამოჭრას და შემდეგ ნაჭერზე დატანას. ვერ მოხერხდა დროული ლიჯისტიკა და მერე, როცა დანადგარი ჩამოვიდა, გვიანი იყო. ის დანადგარი რომ გვქონდეს, გარკვეულწილად გავიმარტივებდით საქმეს", - აღნიშნა ჩიხლაძემ.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის“ (IDFI) ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2015 წლის 1 მარტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია სახელმწიფო სოციალური დახმარების მიმღები 118 651 შშმ პირი, რაც საქართველოს საერთო მოსახლეობის (3 729.5) დაახლოებით 3% -ია. 

სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა" ნათქვამია, რომ დასაქმების კუთხით არსებული სახელმწიფო პროგრამები არასაკმარისია. გამოწვევას წარმოადგენს მცირერიცხოვანი პროგრამების ეფექტური იმპლემენტაციაც:

"სახელმწიფოს მიერ დასაქმების კუთხით გატარებული სხვადასხვა ღონისძიებების არაეფექტურობაზე მეტყველებს დასაქმებულ შშმ პირთა დაბალი რაოდენობა. 2016 წლის მონაცემებით საჯარო სექტორში დასაქმებული იყო 52 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ხოლო კერძო სექტორში დასაქმებულ პირთა რაოდენობა შეადგენდა მხოლოდ 32–ს", - ნათქვამია ანგარიშში.

 მასალის მომზადება შესაძლებელი გახდა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წევრი ორგანიზაციის „საუნჯის“ დახმარებით. აღნიშნული საკითხით დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ კონსულტაციისთვის მიმართოთ ორგანიზაციის წარმომადგენელს, იაგო ფასანძეს ტელ:   555 19 97 98, e-mail: i.pasandze@gmail.com

 

 

ნახვების რაოდენობა : 1180

სურათები

კომენტარი

მენიუ

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge