მღრღნელებით შეწუხებული მარტოხელა პენსიონერი საცხოვრებელი ვაგონის შეკეთებას ითხოვს

06 იანვარი 2017
რეგიონი : რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
თემა :

მარტოხელა პენსიონერი ია ხუციშვილი რაჭაში, ქალაქ ამბროლაურში უკვე 25 წელია ვაგონში ცხოვრობს. ამჟამად კი ვაგონის კედლები იმდენად არის დაზიანებული, რომ მათი ჩამოქცევის საფრთხეა. ამასთან, კედლებს შორის გაჩენილი ნაპრალებიდან, როგორც თავად დიასახლისი ამბობს, მღრღნელები ძვრებიან. ვაგონს არც ნორმალური გადახურვა აქვს და მიწიდან ამოსული ნესტის გამო შეიძლება იატაკიც ჩაინგრეს.

ია ხუციშვილი cso.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მას საკუთარი ოჯახი არ აქვს და პრობლემების მოგვარებაშიც არავინ ეხმარება. იგი სოციალურ დახმარებას - 50 ლარს და კიდევ პენსიას იღებს, რითიც თავი გააქვს.

როგორც თავად განმარტავს, ძმასთან ერთად ცხოვრობდა, შემდეგ ძმამ ბინა გაყიდა, რის შემდეგაც თავშესაფრის გარეშე დარჩა.

„რამდენჯერაც დახმარება ვითხოვე, მითხრეს - შენმა ძმამ ბინა გაყიდა ჩვენთან რა გინდაო. მე როგორც ვიცი, ხანდახან დახმარების სახით პატარა თანხები გამომიწერეს, მაგრამ ჩემამდე არ მოსულა. 5 წელი იქნება მგონი ერთჯერადი დახმარება არაფერი მიმიღია. სოციალურ დახმარებას ვღებულობ - 50 ლარს. წელს 52 000-ზე რომ აიყვანეს  სოციალურის ქულები, ბევრი ვირბინე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ეს არისო ოროთახიანი ბინა, იქით ხომ გაქვს „სპალნაო“, მომაწვნენ, მოიტანეს იერიში და რომ ვეღარ გავუძელი, დავანებე თავი. პენსია არ არის ცუდი, მაგრამ მარტო ჭამას უნდა. მე შაქარი მაქვს, მხედველობის პრობლემა, თირკმელები მტკივა, სახსრები. თვალის ფსკერი მაქვს გაფუჭებული, ინვალიდობის პენსიას ვიღებ. გლაუკომა მაქვს, 15 წლის წინ დამისვეს დიაგნოზი. ბუნდოვნად ვხედავ. დავდივარ ეკლესიაში, ეკლესიური ვარ და ბევრჯერ ძალიან რომ გამჭირვებია, ღვთის შეწევნა მიმიღია“ , - აღნიშნა ია ხუციშვილმა.

ამჟამად, როგორც თავად ამბობს, ყველაზე მეტად საცხოვრებელი ვაგონის გადახურვა და კედლების გამაგრება სჭირდება.

„გადახურვა ვთხოვე და გადახურვაში შემოგვიდექიო. შედგომილი არ ვარ? ჩემი გადახურულია. კედლებმა გაიწია. უკან ის კედელი გაწეულია. ვირთხები კი შემოდიან, აწი ალბათ კატაც შემოძვრება ისეა გაწეული აქეთ-იქით. წყალი კი არ ჩამოდის ახლა, იმდენი ჟესტები დავაყარე ერთმანეთზე, რომ აღარ უშვებს. მაგრამ ისეთი სიმძიმე ვერ დავაყარე, აღარ მეყო და ქარი რომ დაუბერავს, სწევს ხანდახან. ბინა კი მინდა, მაგრამ რომ ვითხოვო, ვინ მომცემს ბინას ამბროლაურში? ვაგონი სხვის კუთვნილ ადგილას დგას და დიდი ჩხუბი იყო ამაზეც - გამოდი როგორც გინდაო. მერე მოიყვანეს ამწეს მძღოლები და ხელი არავინ მოკიდა - რომ ავწიოთ კედლები ჩამოინგრევაო“, - აღნიშნა მან.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის - „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრის“ ხელმძღვანელი ნანა სოხაძე მარტოხელა პენსიონერის პრობლემას კარგად იცნობს. იგი მიიჩნევს, რომ ცოტა ადამიანი თუ ცხოვრობს ამბროლაურში ასეთ მძიმე პირობებში.

„ამ პრობლემას ვიცნობ 20 წელია. ვიცი, რომ გაუსაძლისი მდგომარეობა აქვს. მარტოხელაა. არანაირი დახმარება არ აქვს. ვხედავთ, რომ ავადმყოფი ქალი ცხოვრობს ვაგონში, რომელიც თავზე ენგრევა. სჭირდება დახმარება, რომ გამაგრდეს ეს ვაგონი.  ძალიან მიკვირს საიდან მიიღო ამხელა ქულები. ამას ჰქვია ორი ოთახი? მე ვთვლი, რომ მსგავს მძიმე მდგომარეობაში ამბროლაურში ძალიან ცოტა იქნება“, - აღნიშნა ნანა სოხაძემ.

მასალის მომზადება შესაძლებელი გახდა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების -  „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრის“ და ფონდ „აფხაზინტერკონტის“ დახმარებით.

 

აღნიშნული პრობლემით დაინტერესების და დახმარების სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ კონსულტაციისთვის მიმართოთ:

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრი - ნანა სოხაძე, ელ: 551 58 62 07

აფხაზინტერკონტი - დავით ვაჩაძე, ტელ: 599 25 93 25

ნახვების რაოდენობა : 823

სურათები

კომენტარი

მენიუ

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge