კლას-კომპლექტის მასწავლებლებისთვის კომპლექსური პროექტი პირველად რაჭაში განხორციელდება

24 იანვარი 2017
რეგიონი : რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
თემა :

სტატისტიკის თანახმად, საქართველოში მოსწავლეთა სრული რაოდენობის დაახლოებით 8% სწავლობს ისეთ კლასებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა ხუთი ან ნაკლებია. მცირეკონტიგენტიანი სკოლებისთვის დამახასიათებელია კლას-კომპლექტები. კლას-კომპლექტები არც რაჭის რეგიონისთვისაა უცხო. რაჭაში, სადაც დაბერების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, ასევე  ეს რეგიონი სიღარიბის მაჩვენებლითაც პირველ ადგილზეა,  კლას-კომპლექტები სკოლის შენარჩუნების საშუალებას იძლევა, რაც თავისთავად სოფლის შენარჩუნებასაც ნიშნავს.

კლას-კომპლექტებში სწავლებას როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები ახლავს. CSO.ge-სთან საუბრისას ამბროლაურის რაიონის სოფლების მასწავლებლებმა და დირექტორებმა ცალსახად აღნიშნეს, რომ კლას-კომპლექტს ინდივიდუალური კლასში სწავლება სჯობს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლას საჯარო სკოლაში მხოლოდ 8 მოსწავლე სწავლობს და 11 მასწავლებელი მოღვაწეობს. პირველ კლასში 3 მოსწავლეა, მესამეში - 2, მეოთხე, მეექვსე და მეშვიდე კლასებში კი - თითო მოსწავლე. როგორც სკოლის დირექტორი, დარეჯან ჭარბაძე აცხადებს, კლას-კომპლექტი სკოლაში მოსწავლეთა სიმცირის გამო შეიქმნა. მისი თქმით, ძირითადი საგნები ცალკე ისწავლება და სხვადასხვა კლასის მოსწავლეები შეერთებული არიან მხოლოდ ხელოვნების, მუსიკის და სპორტის კლასებში.

27 წლიანი სტაჟის მქონე დირექტორს მიაჩნია, რომ კლას-კომპლექტი არ არის კარგი და მოსწავლეებს გაკვეთილი ცალკე უნდა უტარდებოდეთ.

„არაფრით არ შეიძლება მე-6 კლასელი მე-7 კლასელთან დასვა მათემატიკაზე. თუნდაც პირველ კლასელი როგორ უნდა დასვა მე-2 და მე-3 კლასელთან? ზოგს  ხომ ბაღიც არ აქვს გავლილი. ან ქართული ანბანი როგორ უნდა ასწავლო პირველ კლასელს მე-3 კლასელთან? ამიტომ არის, ამ კლას-კომპლექტებმა გამოიწვიეს ის, რომ ეს ბავშვები აღარც კალიგრაფიას აქცევენ ყურადღებას. პირველ კლასში ერთი ბავშვიც რომ იჯდეს, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რომ ის სხვა კლასთან იყოს შეერთებული. არ უნდა იყოს შეერთებული“, - აღნიშნა მან.

თუმცა დირექტორი იმასაც აღნიშნავს, რომ მსგავს კლასებში განათლებამიღებული მოსწავლეები სხვებს არაფრით ჩამოუვარდებიან და ერთიან ეროვნულ გამოცდებში სწავლის დაფინანსებასაც იღებენ. 

„ძალიან მადლობლები ვართ განათლების სამინისტროს და ხელისუფლების მიმართ, რომ არსებობენ ასეთი პატარა სკოლები. თუ სოფელში სკოლა არ არის, ეს სოფლის დაცარიელებას ნიშნავს. ეს 8 ბავშვი აფხიზლებს სოფელს. ზამთარში ამ ბავშვებს გაჰყავთ გზა თავის სახლიდან სკოლამდე. ეს ბავშები სოფლის იმედია“, - აღნიშნა მან. 

დირექტორის თქმით, კლას-კომპლექტების საკითხი მაშინ მოგვარდება, თუ ბავშვების რაოდენობა იქნება დიდი. დირექტორის განცხადებითვე, ახლა მშობელთა უმეტესობას ქალაქში დაჰყავს შვილი სკოლაში, რადგან რაიონის სკოლებში არის ჭიდაობის, ჭადრაკის, ცეკვის წრეები.

ამავე სკოლაში ქართული ენის მასწავლებელი ნანა დოლიძეც ამბობს, რომ კლას-კლომპლექტთან მუშაობა უფრო რთულია და სწავლის ხარისხი ერთ კლასთან გაცილებით უკეთესია, ვიდრე დაჯგუფებულ კლასებთან.

„მასწავლებლები ამ კუთხით უნდა გადაემზადონ, რომ კლას-კომპლექტთან იმუშაონ. ტრენინგები უნდა ჩატარდეს რაიონში. ამჟამად ასეთი არაფერი ტარდება. უმჯობესი იქნება კლას-კომპლექტთან მუშაობის სპეციალური ტრენინგები და პროგრამები თუ იქნება ჩვენს რაიონში“, - აღნიშნა ნანა დოლიძემ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანას სკოლაში ამჟამად 8 მოსწავლე სწავლობს და 14 მასწავლებელი ასწავლის. როგორც სკოლის დირექტორი გია ჯოხაძე აცხადებს, წელს სკოლას კლას-კომპლექტი არ აქვს, რადგან დაწყებითში მარტო მე-2 კლასი და ერთი მოსწავლეა. სხვა პერიოდში, როცა 3 ან მეტი კლასი იყო, გაკვეთილები ერთიანდებოდა.  მისივე თქმით, იყო პერიოდი, როდესაც ზედა კლასებშიც გაერთიანებული იყო ფიზკულტურის, მუსიკის, ხელოვნების საათები. ბოსტანას სკოლის დირექტორიც მიიჩნევს, რომ უმჯობესია კლასები ცალ-ცალკე იყოს.

„მშობლების სურვილიც არის, რომ უმჯობესია შვილებს ცალკე ჩაუტარდეთ გაკვეთილები. სამინისტროდან კი არის რეკომენდაცია, რომ შეიძლება გააერთიანო. ჩვენ ყველა პირობას ვქმნით, რომ აქ მოვიდნენ ბავშვები. 5-6 ბავშვით მეტი გვეყოლებოდა, რაიონის სკოლებში რომ არ დადიოდნენ“, -  აცხადებს გია ჯოხაძე.

ამასთან, ისიც ადასტურებს, რომ სოფლის სკოლაში სასწავლო პროცესი არანაკლებად მიმდინარეობს და სკოლადამთავრებულები წარმატებებსაც აღწევენ.

„ძალიან დიდი მადლობა სამინისტროს, რომ ერთი ბავშვიც რომ იყოს, სკოლა არ იხურება. სკოლის დახურვა ნიშნავს, რომ სოფელი დაიცლება. მასწავლებლებიც უმეტესობა ადგილობრივია და დასაქმებული არიან, აქედან გამომდინარე ოჯახებიც შენარჩუნებულია და სოფელიც“, -აღნიშნა მან.  

რომ არ მოხდეს სოფლიდან ქალაქში მოსწავლეების მიგრაცია, გია ჯოხაძე გამოსავლის ერთ-ერთ გზად სოფლად სხვადასხვა წრეების შექმნას ასახელებს.

„სოფლის სკოლიდან ქალაქში გადაყვანის ერთ-ერთ მიზეზად მშობლები ასახელებენ ხელოვნების და სპორტის წრეებს. ჩვენ განათლების მინისტრიც შეგვხვდა და შეგვპირდა, რომ ასეთ მცირეკონტინგენტიან სკოლებში შესაძლებელი იქნება წრეების უფასოდ შექმნა. ეს სამინისტროს იდეაა და ერთ-ერთი შემაკავებელი საწინდარი იქნება“, - აღნიშნა ჯოხაძემ.

ფოთოლა მურუსიძე ბოსტანას სკოლის დაწყებით კლასებში ქართულს და მათემატიკას ასწავლიდა, სადაც პირველ-მესამე და მეორე-მეოთხე კლასები ერთიანდებოდნენ.  მისი განმარტებით, კლას-კომპლექტში დადებითი მხოლოდ ერთია ის, რომ უფროსკლასელი იმეორებდა წინა წლის მასალას, როცა გაკვეთილი იხსნებოდა.

„მხოლოდ ეს. დანარჩენი ძალიან ძნელია მასწავლებლისთვისაც და მოსწავლისთვისაც. დავუშვათ მასალას ხსნი ორივე კლასელთან, მესამე კლასელს დამოუკიდებელი დავალებაც რომ ჰქონდეს მიცემული, ბავშვი ისეთია ყურადღება მაინც გამოურბის. ასევე, იმ მესამე კლასელს - პირველკლასელისკენ. ასე, რომ ძალიან რთული და დაძაბული იყო ჩვენთვის ეს პროცესი. მთის სოფლის, ჩვენნაირი სოფლის არსებობა თუ უნდა მთავრობას და სამინისტროს, ერთი ბავშვიც რომ იყოს, ეს უნდა იყოს ცალკე კლასი, რომ ახალგაზრდების და მშობლების გადინება არ მოხდეს. ძალიან რთულია მასწავლებელმა 45 წუთში ჯერ ერთი გაკვეთილი ჩატაროს ერთ კლასთან, მერე მეორე გაკვეთილი - მეორე კლასთან. რამდენი მოსწავლეც არ უნდა გყავდეს, გაკვეთილის ჩატარების ფორმა მაინც ერთია როგორც 20 ბავშვთან ისე, ერთ ბავშვთან“, - განაცხადა მან.

მასწავლებლები ამბობენ, რომ კლას-კოპლექტთან მუშაობისთვის მათ სპეციალური გადამზადება ან ტრენინგი არ გაუვლიათ.

„ჯერ არ არის შემუშავებული სქემა, როგორ უნდა ჩატარდეს კლას-კომპლექტთან გაკვეთილი. ერთადერთი რომ მიხვდნენ რთულია კლას-კომპლექტთან მუშაობა, მიზერული თანხა გამოყვეს, დაგვიმატეს ანაზღაურება 30 ლარით მეტი. 4-5 წელია ეს გააკეთეს“, - აღნიშნა ფოთოლა მურუსიძემ.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია „ზეკარი“ აღნიშნული პრობლემის ირგვლივ საქმიანობს. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა, განათლების სპეციალისტმა მანანა ბოჭორიშვილმა cso.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, კლას-კომპლექტში სწავლება მასწავლებლისათვის შრომატევადი პროცესია, ის მასწავლებლის განსაკუთრებულ პროფესიულ ოსტატობას, გაკვეთილის ზედმიწევნით დაგეგმვას და დამატებით რესურსებს მოითხოვს.

მისივე თქმით, სირთულეს ის სასწავლო გარემოც ქმნის, რომელშიც მასწავლებელს უწევს მუშაობა, რადგან  კლას-კომპლექტები იქმნება მაღალმთიან, სოფლის მცირებიუჯეტიან სკოლებში, ამიტომ  სკოლა არ არის მდიდარი თვალსაჩინოებებით, დამატებითი სასწავლო რესურსებით, ბიბლიოთეკით. მანანა ბოჭორიშვილის განმარტებით, მიუხედავად რიგი სირთულეებისა, კლას-კომპლექტს დადებითი მხარეებიც აქვს. ზოგიერთ სკოლაში კლას-კომპლექტების არსებობა მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენის და კეთილსაიმედო სასწავლო გარემოს შექმნის საშუალებას აძლევს.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ რაჭის სკოლების კლას-კომპლექტის  მასწავლებელს არ აქვს შესაძლებლობა,  დაესწროს პროფესიული განვითარების ტრენინგებს, სკოლის მწირი ადამიანური რესურსის გამო პედაგოგები ხშირად ითავსებენ ადმინისტრაციულ საქმიანობასაც, რაც მათ დიდ დროსა და ენერგიას ართმევს. ამასთან, ზოგიერთი   მცირეკონტინგენტიანი  სკოლა  ზამთრის თვეებში გეოგრაფიული იზოლაციის არეალშია“, - განაცხადა მანანა ბოჭორიშვილმა.

მანანა ბოჭორიშვილის ინფორმაციით, მასწავლებელთა გადამზადების კუთხით თებერვლიდან ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყება. ტრენინგები ყველა სკოლის მასწავლებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი და ყველას შესთავაზებენ პროექტში მონაწილეობას. ტრენინგები გაიმართება ამბროლაურში და ეს ყველაფერი რესურსცენტრთან თანამშრომლობით მოხდება.

„ჩვენი ორგანიზაცია  ასოციაცია „ზეკარი“ სახვადასხვა პროექტების ფარგლებში  ინტენსიურად თანამშრომლობს ამბროლაურის და ონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებთან.  ამის პარალელურად, აკადემიურ დაწესებულებებთან (უნივერსიტეტები) ერთად ვმუშაობთ    მცირეკონტიგენტიანი სკოლების პრობლემებზე.  ამჟამად გვაქვს პროექტი, რომლის ფარგლებშიც 2017-2018 წლებში  დაგეგმილია: მასწავლებელთა საჭიროებების კვლევა, კლას-კოლმპლექტის მასწავლებლისთვის მეთოდების კრებულის მომზადება-გამოცემა და სკოლებში დარიგება, მასწავლებელთა გადამზადება და ყოველწლიური კონფერენციის დამკვიდრება.  ეს პროექტი   დაეხმარება პედაგოგებს პროფესიულ განვითარებაში, გამოცდილების გაზიარებაში,  კრედიტების დაგროვებაში,  კარიერულ წინსვლაში. საინტერესოა, რომ ამ მიმართულებით ასეთი კომპლექსური პროექტი პირველად  რაჭაში განხორციელდება“, - აღნიშნა მან.

 

მასალის მომზადება შესაძლებელი გახდა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წევრი არასამთავრობო ორგანიზაციის -  ასოციაცია „ზეკარის“  დახმარებით.

აღნიშნული საკითხით დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ კონსულტაციისთვის მიმართოთ ასოციაცია „ზეკარის“  წარმომადგენელს, მანანა ბოჭორიშვილს. ტელ: 599 930 760

ნახვების რაოდენობა : 1077

სურათები

კომენტარი

მენიუ

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. 9/1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge