გამრიცხველიანების შემდეგ ხარაგაულელებს წყლის გადასახადი მძიმე ტვირთად დააწვათ

07 ნოემბერი 2017
რეგიონი : იმერეთი
თემა : მომხმარებელთა უფლებები

ხარაგაულის მოსახლეობა წყლის მაღალი გადასახადით და ხარისხით უკმაყოფილოა. როგორც ადგილობრივები ვებ-პორტალ cso.ge-ისთან საუბრისას აცხადებენ, ხარაგაულში წყალი უხარისხოა და გადასახადი - არაადეკვატური.

ხარაგაულში წყლის მრიცხველები გაზაფხულზე დამონტაჟდა. მოსახლეობას, ნაცვლად სულადობრივისა, წყლის საფასურის გადახდას მრიცხველის ჩვენების მიხედვით ივლისიდან სთხოვენ (0.41 ლარი ერთ ტონა წყალზე).  ადგილობრივების თქმით, როცა წვიმიანი ამინდები რამდენიმე დღე გრძელდება, წყალი ისე იმღვრევა, რომ ფაქტიურად გამოუყენებელი ხდება. 

„წყალთან დაკავშირებით უკმაყოფილება გვაქვს ის, რომ არ არის სუფთა წყალი, წყალი მღვრიეა, სუნი აქვს. წყლის მოხმარების ტარიფი ძალიან მაღალია. ღამით წყდება წყალი და დილას მილებში გამოდის ჰარი. როგორც ამბობენ, ჰაერი მრიცხველს ატრიალებს და მაღალი გადასახადი მოდის. რაღაცნაირად უნდა მოგვარდეს  ეს პრობლემა. რამდენადაც მოსახლეობას გვავს ინფორმაცია, მსგავსი მაღალი გადასახადი საქართველოში არსად ფიქსირდება“, - აცხადებს ხარაგაულის მაცხოვრებელი მარი კვირიკაშვილი.  

ხარაგაულის მცხოვრები მაია დეკანოსიძე ამბობს, რომ თუ დაკისრებულ გადასახადს  - 56 ლარს არ გადაიხდის მრიცხველს დალუქავენ. მისი თქმით,  ამხელა გადასახადს ის ვერ გადაიხდის.

„ჩემი მრიცხველი დალუქულია და 107 ლარით ვარ დაჯარიმებული, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ზაფხული წყალი არ მქონდა“ , -ამბობს კიდევ ერთი მაცხოვრებელი.

საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრის წარმომადგენელი ინგა მაღრაძე აცხადებს, რომ მოსახლეობა გამრიცხველიანების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ადეკვატური ტარიფის დაწესებას და წყლის ხარისხის გაუმჯობესებას ითხოვს.

„ხარაგაულში არ არსებობს მოსახლე, რომელიც ამ პრობლემით არ არის შეწუხებული. ადამიანები გაგებით ეკიდებიან, რომ წყალი რაციონალურად უნდა ხარჯონ და გადასახადის დაწესებასაც არ ეწინააღმდეგებიან, ოღონდ წყლის პრობლემა მოწესრიგდეს. მაგრამ არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, რომ მომსახურება ცუდია, წყალი - უხარისხო, გადასახადი კი - მაღალი“, - აცხადებს ინგა მაღრაძე.

როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის - „ნაბიჯი ხარაგაულის“ წარმომადგენელი, რუსუდან გურგენიძე განმარტავს, გაზაფხულზე მოხდა გამრიცხველიანება ისე, რომ არც ერთ მოსარგებლესთან არ მომხდარა ხელშეკრულების დადება.

„გადასახადი არის კატასტროფულად მაღალი. გაუგებარია ექვს სულიან, ორ სულიან და ერთ სულიან ოჯახს ერთნაირი გადასახადი - 60 ლარი რატომ მიუვიდათ. არის ოჯახები, სადაც გადასახადი 100 ლარს აღემატება. ძალიან შეწუხებულია მოსახლეობა დიდი გადასახადით და მათი დიდი ნაწილი აცხადებს, რომ პროტესტის ნიშნად უბრალოდ არ გადაიხდის ამ გადასახადს. თუმცა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აცხადებს, რომ რაც ქვითრით მოვიდა, ამ გადასახადს ვერავინ გაექცევა“,  - ამბობს რუსუდან გურგენიძე.   

შეწუხებულმა მოსახლეობამ ხელმოწერებიც შეაგროვა და განცხადებით მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას, რათა მოხდეს შუამდგომლობა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკი). ხარაგაულელები ითხოვენ - ან ტარიფმა დაიწიოს, ან ისევ სულადობრივი გადასახადის სისტემას დაუბრუნდნენ.

მასალის მომზადება შესაძლებელი გახდა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წევრი ორგანიზაციების: „ნაბიჯი ხარაგაულის“ და საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრის, დახმარებით. აღნიშნული საკითხით დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ კონსულტაციისთვის მიმართოთ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რუსუდან გურგენიძეს ტელ:   599 85 26 00, e-mail: ruso.gurgenidze@mail.ru, ინგა მაღრაძე 595 851 753

ვებგვერდი www.cso.ge შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

ნახვების რაოდენობა : 684

სურათები

კომენტარი

მენიუ

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge