ერისიმედის მაცხოვრებლები 27 წელია გზის პრობლემის მოგვარებას ელიან

15 მარტი 2016
რეგიონი : კახეთი
თემა :

სოფელი ერისიმედი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს. სოფელში შესვლამდე მოქალაქეები მესაზღვრეების კონტროლს გადიან. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ამ სოფელში ამჟამად  75-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათგან ნაწილი აჭარიდან 1989 წელს ჩამოსახლებული ეკომიგრანტია.

ადგილობრივებს უამრავი პრობლემა აწუხებთ. მიუხედავად სტრატეგიული მნიშვნელობისა, სოფელი უყურადღებოდ არის დარჩენილი. სოფლამდე მისასვლელი გზა გაფუჭებულია და ორმოებით არის სავსე. ამიტომ ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქ წნორამდე 45 კილომეტრის გავლას ტრანსპორტი 2 საათს ანდომებს. სასწრაფო დახმარების მანქანა კი 1 საათზე ადრე ვერ ჩადის.

„ჩვენი ძირითადი პრობლემა გზა არის. ყველანაირი წინაღობების შემქმნელი გზაა. სასწრაფო დახმარების მანქანას ჩამოსასვლელად ერთი საათი მაინც სჭირდება. სოფლიდან კერძო მარშრუტკა დადის. წნორამდე ჩასვლა-ჩამოსვლა 6 ლარი ღირს“, - აცხადებენ ადგილობრივები.  

როგორც ერისიმედის მაცხოვრებელმა თალიკო მახარაძემ სიდა-სთან საუბრისას აღნიშნა, 27 წელია სოფელს გზის პრობლემა აქვს.

„ჩვენთვის ზუსტად არავის უთქვამს, ჭორის დონეზე ვიცით, რომ გაკეთება 2017-ში დაიწყებაო. მაგრამ დაიწყება თუ არა, არავინ იცის. 27 წელია აქ ვართ. სულ იწყება, მაგრამ ვერ დამთავრდა“, - აღნიშნა მან.

სიღნაღის რაიონის ჯუბაანის თემის სპეციალისტი ერისიმედში,  იოსებ ცეცხლაძე ამბობს, რომ 7 კილომეტრიანი გზის მშენებლობა წლევანდელ ბიუჯეტშია ჩადებული.

„გზასთან დაკავშირებით, მაქვს ინფორმაცია, რომ 7 კილომეტრი კარგად უნდა გაკეთდეს. 7 კილომეტრის გაკეთება წლევანდელ ბიუჯეტშია ჩადებული და რომელ დღეს დაიწყება არ ვიცი. ტენდერი ჩატარებულია, გამგებელმა თქვა. დანარჩენ მონაკვეთზე, ორმოები სადაც არის, ახლა რომ გააკეთო აზრი არ აქვს. როგორც კი წვიმიანი ამინდები გადაებმება, ისევ დაზიანდება. როცა წვიმები გაივლის, რაიონის ხელმძღვანელობა ყოველთვის აგზავნის გრეიდერს და სწორდება. შემოდგომამდე, სანამ წვიმები დაიწყება, დავდივართ და ზამთარში ასეთი რაღაც ემართება“, - აღნიშნა იოსებ ცეცხლაძემ.

სოფელში არც ბუნებრივი აირი აქვთ და ზამთარში შეშით თბებიან.

„შეშაც პრობლემა ხდება, თუ ვერ გამოვიწერეთ და უცებ ვერ მოვხვდით ბილეთის სიაში, ისე ვრჩებით“, - აღნიშნა ადგილობრივმა მკვიდრმა.

როგორც იოსებ ცეცხლაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, გაზიფიცირების საკითხი ახლო მომავალში ვერ გადაიჭრება.

„გაზიფიცირებაზეც დაყენებულია საკითხი და პრობლემა არის. უახლოეს პერსპექტივაში არ არის. ცოტა რთული საკითხია იმიტომ, რომ ზედა სოფლიდან აქამდე არსად არ არის გაზი და ამხელა გზაა. ასე უცბად გასაკეთებელი საქმე არ არის. არც პროექტში არ დევს არსად“, - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, სოფელში არ არის მაღაზია, აფთიაქი, სწრაფი გადახდის აპარატიც კი. ადგილობრივებს პენსიის ასაღებად და გადასახადების გადასახდელად წნორში უწევთ ჩასვლა, რაც დროსთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული.  

 

 

ნახვების რაოდენობა : 934

სურათები

კომენტარი

მენიუ

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge