დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 98 ბავშვი ახალ საბავშვო ბაღს საჭიროებს

05 ივნისი 2017
რეგიონი : სამეგრელო-ზემო სვანეთი
თემა : დევნილები

ზუგდიდში, ლაღიძის ქ. #4-ში მდებარე დევნილთა ახალი დასახლების მაცხოვრებლები დასახლებასთან ახლოს საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვენ.

აღნიშნული საკითხის მოგვარებისთვის ადგილობრივი მაცხოვრებლები ადვოკატირების ჯგუფში გაერთიანდნენ. დასახლებაში სულ 320 ოჯახი ცხოვრობს. ადვოკატირების ჯგუფმა აღწერა ჩაატარა იმ ოჯახებში სადაც 0-6 წლის ასაკის ბავშვები ცხოვრობენ. როგორც ადვოკატირების ჯგუფის წარმომადგენელმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნების“ ხელმძღვანელმა კახა ჯინჯოლიამ CSO.ge-ისთან საუბრისას განაცხადა, სულ აღრიცხულია 98 ბავშვი, რომელიც სკოლამდელ განათლებას საჭიროებს.

„ამ ბავშვებს უწევთ სხვადასხვა ბაღში შორს სიარული. ზოგი ქალაქში დადის, ზოგი აქედან მოშორებით 7-8 კილომეტრში. არის შემთხვევები, როცა მშობელმა ერთი შვილი რომ ბაღში წაიყვანა, მეორე მეზობლის იმედად მძინარე დატოვა. ასეთი ფაქტები ბევრია. გარდა ამისა, შორს სიარული თანხას და დროს უკავშირდება. ამ მანძილის გავლაში მშობლებს დრო ეკარგებათ“, - აღნიშნა კახა ჯინჯოლიამ.

ადვოკატირების ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც აქ მაცხოვრებელთა პრობლემებს კარგად იცნობენ, აცხადებენ, რომ მშობლები დასაქმებას ვერ ახერხებენ, რადგან შვილების მოშორებით ტარება უწევთ სკოლამდელი განათლების მისაღებად.

ადგილობრივების თქმით, დასახლებასთან ახლოს არის პატარა ბაღი, მაგრამ საკმარისი ადგილი არ არის. მის გაფართოებას კი აზრი არ აქვს, რადგან 98 ბავშვს მაინც ვერ დაიტევს.

„ახალი ბაღის აშენებას ყველანაირად პლიუსები აქვს. იქ ადგილობრივი მაცხოვრებლები დასაქმდებიან. გარდა ამისა, ჩვენ ადაპტირებული ბაღი გვჭირდება, რადგან დასახლებაში შშმ ბავშვები ცხოვრობენ. მათ ეტლით გადაადგილება უნდა მოახერხონ. 3 ბავშვს მანქანა ემსახურება და დაყავთ ბაღში, დანარჩენებს პირობების არქონის გამო სახლში ჰყავთ. სამწუხაროდ ვერ ღებულობენ განათლებას. ამასთან, ჩვენ აქცენტი გვაქვს ბაგა ბაღზე.  ბაგა ბაღში 2 წლამდე ასაკის ბავშვებსაც მიიღებენ და უფრო მეტი მშობელი შეძლებს დასაქმებას. სხვა ბაღის გაფართოება რომ მოხდეს, ჩვენთვის არ იქნება საკმარისი“, - განაცხადა ჯინჯოლიამ.   

ამავე დასახლების მაცხოვრებელი ნინო ზუღბაია აღნიშნული პრობლემის წინაშე დგას. მას სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. უფროსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, რომელიც მუდმივ ყურადღებას და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. მომდევნო ბავშვი სკოლაში სწავლობს, ხოლო უმცროსი - ბაღში დაჰყავს. მისი თქმით, დამხმარე არავინ ჰყავს, ამიტომ უფროს შვილს მძინარეს მარტო ტოვებს, რომ უმცროსი შვილი ბაღში წაიყვანოს. მისი თქმით, ახლომდებარე ბაღში ბავშვის გადმოყვანა მოახერხა, თუმცა უკეთესი იქნება, თუ საბავშვო ბაღი უშუალოდ დასახლებასთან ახლოს აშენდება: „მყავს სამი შვილი. ყველას ვთხოვ, რომ აქ გაიხსნას ბაღი“.

კახა ჯინჯოლიას ინფორმაციით, მიწის და შენობის მოთხოვნის თაობაზე შესაბამის უწყებებში განაცხადი შეიტანეს და ამ საკითხზე შეხვედრა ჰქონდათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  სამინისტროს წარმომადგენლებთანაც.

„ადგილობრივ მერიას და საკრებულოს მივმართეთ. ყურადღება მოგვაქციეს, მაგრამ სამწუხაროდ, ადგილის უკმარისობის გამო არ მოხერხდა. შეხვედრა გვქონდა დევნილთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, გრიგოლ გიორგაძესთან და დაპირება იყო ასეთი, რომ ორ წელიწადში დაიწყებოდა მშენებლობა, მაგრამ 25 აპრილს ამოიწურა ეს 2 წელი და ჯერ-ჯერობით არავითარი ძვრები არ არის. ჩვენ ვითხოვთ, რომ დროული რეაგირება მოხდეს და ბავშვებმა მიიღონ სკოლამდელი განათლება. შედეგად მივიღებთ იმას, რომ მშობლებიც მეტად მოახერხებენ დასაქმებას. ამის შედეგად კი ნაკლები პრობლემა ექნება როგორც ადგილობრივ მერიას, ასევე ლტოლვილთა სამინისტროს“, - აღნიშნა კახა ჯინჯოლიამ.

ჩასახლებაში უმეტესობა სოციალურად დაუცველი და მკვეთრად გამოხატული შშმ პირია. 

 

მასალის მომზადება შესაძლებელი გახდა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წევრი ორგანიზაციის „საუნჯის“ დახმარებით. აღნიშნული საკითხით დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ კონსულტაციისთვის მიმართოთ ორგანიზაციის წარმომადგენელს, იაგო ფასანძეს ტელ:   555 19 97 98, e-mail: i.pasandze@gmail.com

 

ნახვების რაოდენობა : 616

სურათები

კომენტარი

მენიუ

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge