„ჩვენც წავალთ და დაიკარგება ეს ტერიტორიები“ - სასაზღვრო სოფელი ყურადღებას ითხოვს

07 მარტი 2016
რეგიონი : ქვემო ქართლი
თემა :

დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი გუგუთი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო დასახლებული პუნქტია, ამის შემდეგ, ნახევარ კილომეტრში სომხეთის ტერიტორია იწყება.  ადგილობრივები წუხან, რომ სოფელი ძლიერ მიგრაციას განიცდის.  

„აქ 400-500 მეტრში საზღვარია. აქედან მიდის ყველა და არავინ ჩამოდის. 300 ოჯახი იყო ჩასახლებული და დარჩა 20 კაცი. ჩვენც წავალთ, შემოვლენ სომხები და დაიკარგება ეს ტერიტორიები“, - აცხადებენ ადგილობრივები.

გუგუთის მაცხოვრებლებს არაერთი პრობლემა აწუხებთ. მათ შორის არის სოფლამდე მისასვლელი გზა, რომელიც საკმაოდ დაზიანებულია. როგორც სოფლის მაცხოვრებლები სიდა-სთან საუბარში აცხადებენ, ისინი მთლიანად სომხეთიდან მომავალ სამარშრუტო ტრანსპორტზე არიან დამოკიდებული, ხოლო თუ ტრანსპორტი სავსეა, ვერ მიყვებიან და შეიძლება სამი დღეც მოუწიოთ ლოდინმა. ადგილობრივები ჩივიან, რომ ტრანსპორტში სომეხი მძღოლები ტვირთით არ უშვებენ, ამიტომ სოფლის მეურნეობის ნაწარმი ქალაქში გასაყიდად ვერ მიაქვთ.

სოფელში არ არის მაღაზია, ამბულატორია. საკრებულოს შენობა გაპარტახებულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ უპატრონოდ არიან დარჩენილები.

ცოტა ხნის წინ სოფლის ორი ნაწილის დამაკავშირებელი ხიდი კაპიტალურად გააკეთეს, რომელიც სამი წელი ჩანგრეული იყო, თუმცა მოსახლეობა უკმაყოფილოა, რომ ხიდი ერთი მეტრით დავიწროვდა და დატვირთული მანქანა ვეღარ ეტევა.

სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად, ადგილობრივები მიწების რეგისტრაციის საკითხსაც ასახელებენ. ადგილობრივი ვასილ რეხვიაშვილი აცხადებს, რომ მიწები არავის აქვს გაფორმებული. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით დახმარებასაც საჭიროებენ.

„იქნებ როგორმე ვინმეს მიაწვდინოთ ხმა, იქნებ გამოთქვას სურვილი, იქნებ სოფლის მეურნეობის ტექნიკით დაგვეხმაროს, რომ აქ კაცმა პროდუქტი მოიყვანოს. აქ ძალიან კარგი მიწებია. ვაუჩერებს გვირიგებენ, მაგრამ აქ ტრაქტორი მაისის ბოლოს მოდის მოსახნავად“, - აღნიშნა ადგილობრივმა ირაკლი კალატოზიშვილმა.

სოფელში დენის ძაბვაც დაბალია.  ადგილობრივები ჩივიან, რომ არასტაბილურმა ელექტროენერგიამ საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაუზიანა.

„დენი ციმციმებს. ტექნიკა - მაცივარი, ტელევიზორი, სარეცხის მანქანა, ყველაფერი ფუჭდება. დავწერეთ განცხადება ტრანსფორმატორზე - შეგვპირდნენ, ამოვალთ და გავაკეთებთო“ , - აცხადებს ადგილობრივი ვასილ რეხვიაშვილი.

„ტრანსფორმატორი დადებულია მიწაზე. ეს ბავშვები სკოლაში რომ მიდიან, ტრანსფორმატორზე გადებულ თოკს ებღაუჭებიან. მოდი დალოცვილო, გააკეთე აუცილებლად უნდა მოკვდეს ვიღაცა?“ - აღნიშნა ირაკლი კალატოზიშვილმა.

ადგილობრივები ასევე, აცხადებენ, რომ სოფელში ნაგვის ურნები არ არის საკმარისი და გარემო საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ბინძურდება.

აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით სიდა გუგუთში დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, ნოდარ ადუაშვილს ესაუბრა.

„მიწების პრობლემაზე მოგახსენებთ, რომ მიწების ძირითადი ნაწილი, რომელიც მიეკუთვნება გუგუთის ადმინისტრაციულ ერთეულს, ძირითადად 500 მეტრიან სასაზღვრო ზოლში მდებარეობს. კანონიდან გამომდინარე, 500 მეტრიან ზოლში აღნიშნული მიწები არც იყიდება და არც იჯარით გაიცემა. მაგრამ რომ ვერ მოიხმარდნენ, ასეთი პრობლემა არ არსებობს. ყოველწლიურად ჩვენ სასაზღვრო დეპარტამენტის სამსახურთან ერთად აბსოლუტურად ყველა მოსახლეზე ვაკეთებთ საშვებს, ვისაც საშუალება ეძლევა 500 მეტრიან ზოლში შევიდეს, მოიხმაროს აღნიშნული ტერიტორია, დათესოს მოხნას, მოთიბოს თუ პირუტყვს აძოვოს. აქ პრობლემა ნამდვილად არ არსებობს“, - განაცხადა მან.

გამგებლის წარმომადგენლის თქმით, არც სოფლის მეურნეობის  ტექნიკის დეფიციტია.

„დმანისში არსებობს ტექნიკის ორი სერვისი, საიდანაც ვსარგებლობთ. გვაქვს გამგეობისგან დადგენილი გრაფიკი, გამგებლის წარმომადგენლები მივდივართ, ვიწერთ, მოგვყავს ტექნიკა, გვაქვს ხვნის ვაუჩერები და ყველა მოსახლე იყენებს ამ ყველაფერს. ამ მიმართულებით პრობლემა ნამდვილად არ არსებობს. სოფელი გუგუთი ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარეობს. როცა ქვემოთ მთავრდება სამუშაოები და ტექნიკა თავისუფალია, აქ მაშინ იწყება სამუშაოები. ზუსტად მაშინ მოგვყავს, როცა საჭიროა“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ტრანსპორტს, ადუაშვილის აზრით, არც ამის პრობლემა დგას და ცალკე ტრანსპორტი სოფელს არ სჭირდება.

„2012-2014 წლებში გახლდით დმანისის საკრებულოს თავმჯდომარე. კონკრეტულად მე დავუნიშნე ამ სოფელს ავტობუსი. იარა ავტობუსმა ორი კვირის განმავლობაში და წაიყვანა ერთადერთი მგზავრი. აქ ძალიან ცოტა ხალხი ცხოვრობს. სომხეთიდან დადის გამომავალი ტრანსპორტი და ვსარგებლობთ. ასე, რომ მაინცდამაინც ეს ისეთი დიდი პრობლემა არ არის“, - განაცხადა გამგებლის წარმომადგენელმა.

კითხვაზე, თუ რა არის მისი აზრით მთავარი პრობლემა სოფელში, მან აღნიშნა: „მთავარ პრობლემას ვერ ვხედავ ამ სოფელში. მე ამ სოფელში ვხედავ ძალიან დიდ პერსპექტივას. თბილისი გუგუთის დამაკავშირებელ ტრასაზე სახელმწიფოთა მნიშვნელობის გზა კეთდება. აქ იქნება ავტობანი, რომელიც ევროპასა და აზიას დააკავშირებს. ეს ტრასა შემოდის სწორედ სოფელ გუგუთში. მე ვფიქრობ, რომ სოფელ გუგუთს აღმავლობის პერიოდი მოსდის. გამოივლის ტრასა, განვითარდება ინფრასტრუქტურა, აშენდება სასტუმროები, მაღაზიები, რესტორნები. აქ იქნება წყალიც, გზაც და აბსოლუტურად ყველაფერი. გუგუთს დიდი პერსპექტივა აქვს.  მესმის, რომ სოფელი განიცდის გარკვეულწილად უტრანსპორტობას იმიტომ, რომ გზა დანგრეულია, ძალიან იშვიათად დადის ტრანსპორტი, უჭირს მოსახლეობას მგზავრობა და დაკავშირება დმანისთან, თბილისთან, მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ გზა ასეთია. რას ვიზამთ, მთის სოფელია. აბა რა ვქნათ“.

მან სოფელში მოგვარებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. 

„სოფელში ხიდი გაკეთდა. 100 000-ზე მეტი დაჯდა ამ ხიდის მშენებლობა. სკოლას სახურავი შეეცვალა, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა ჩაესვა. აგერ, გზის მშენებლობა მიდის, ახლა ადმინისტრაციული შენობის რემონტი დაიწყება. რამდენიმე კვირაში ჭაბურღილების გაკეთებას ვაპირებთ, რომ მთელი სოფელი წყლით მომარაგდეს. ეს გეგმები გვაქვს ჩვენი სოფლისათვის. გზაც კეთდება და სოფელს სხვა რაღა სჭირდება, მე არ ვიცი. ქიმიურ  და მეტალურგიულ ქარხანას ვერ ავაშენებთ და თუ აშენდება ძალიან მოხარული ვიქნები“, - აღნიშნა მან.   

ნახვების რაოდენობა : 1313

სურათები

კომენტარი

მენიუ

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge