ბიზნესმენი ქუთაისში ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ სახელმწიფოსგან ადეკვატურ ანაზღაურებას ითხოვს

10 მაისი 2017
რეგიონი : იმერეთი
თემა :

ქუთაისის ავტობანთან დამაკავშირებელ გზაზე უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით შექმნილი ყვავილებისა და მცენარეების სასათბურე მეურნეობა Flora -Westland მდებარეობს. Flora-Westland ქართველი და ჰოლანდიელი ინვესტორების მიერ დაფუძნებული კომპანიაა.

კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ბადრი კილაძეა. მისი ბიზნეს პარტნიორი წარმოშობით ქართველი, ჰოლანდიის მოქალაქეა, რომელმაც გარემო პირობების შესწავლის შემდეგ ქუთაისში ინვესტიცია განახორციელა. სათბური 1500 კვ/მ-ზეა გაშენებული.

როგორც მეპატრონე ამბობს, პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არ აქვთ. ამ ეტაპზე სათბურში მოყვანილი პროდუქცია მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გადის, მცენარეები ძირითადად იყიდება მსხვილ ჰიპერმარკეტებში და ყვავილების მაღაზიებში, ასევე გამოიყენება ქალაქების გამწვანებისას.    

„შესული ვართ მარკეტების ქსელ „კარფურში“. ბათუმში ნელ-ნელა ვაარსებთ ჩვენს წარმომადგენლობას. განსაკუთრებით დასავლეთში - სამეგრელოს მხარეში, აჭარაში ბევრი მაღაზია ჩვენზე გადმოერთო. ჩვენი საბითუმო ცენტრი შეიქმნა. კერძო პირებიც მოდიან. ქუთაისმა საკმაოდ კარგად გაგვიცნო და მთელი ქალაქი დადის ყვავილების საყიდლად. ქუთაისის მერიის წინ მიმდებარე ტერიტორია ჩვენი მცენარეებით გამწვანდა, ზესტაფონის ტენდერი მოვიგეთ, უკვე თითქმის 80% შევასრულეთ და ნორმალურად მიდის თანამშრომლობა. გარდა ამისა, ჩემს პარტნიორს ისეთი კავშირები აქვს, ნებისმიერი ყვავილი და მცენარე შეგვიძლია ჩამოვიტანოთ შეკვეთის შემთხვევაში“, - განაცხადა ბადრი კილაძემ CSO.ge-ისთან საუბრისას.

მისი ინფორმაციით, ყვავილის ნერგი ჰოლანდიიდან ჩამოდის, აქ გადადის პატარა ქოთნებში და ხდება სარეალიზაციო ფორმამდე მიყვანა. ამ ეტაპზე კომპანიის მიზანია ნერგის წარმოება ადგილზე ააწყოს. ბადრი კილაძის თქმით, ადგილზე ნერგის გამოყვანას დამატებითი ინვესტიციები სჭირდება სპეციალური სათესი მოწყობილობისთვის.

„ჩვენი ძირითადი მიზანია სათესი მოწყობილობის შეძენა და წარმოების ადგილზე აწყობა, რათა ბოლომდე შემოტანილ პროდუქციაზე არ ვიყოთ დამოკიდებული. ამას სერიოზული თანხები სჭირდება და იმის გამო, რომ გარკვეული პრობლემები შემემთხვა, ეს საკითხი ჭიანურდება“, - განაცხადა სათბურის მეპატრონემ.

ბადრი კილაძის თქმით, კომპანია მოგებაზე გასვლასაც აპირებდა, თუმცა ხელი შეეშალათ.  ქუთაისის ავტობანთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობის დროს ზამთარში გაზის მილი დაზიანდა, გათბობა გამოირთო, დიდი რაოდენობით ნარგავი განადგურდა და კომპანიამ ფინანსური ზარალი ნახა.

„მოგებაზე უკვე გავდივართ, მაგრამ ხელი შეგვიშალა ერთმა ფაქტორმა. იმის გამო, რომ ვერ შევთანხმდით ჩემს ქონებასთან დაკავშირებით, საგზაო დეპარტამენტმა სადამსჯელო ღონისძიება გამოიყენა და გაზი გადაგვიკეტა. გაზის მილი გზის მშენებლობის დროს დაზიანდა. დიდი რაოდენობით ყვავილები გაგვიფუჭდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მივმართეთ გაზის მიწოდება აღედგინათ, არ აღგვიდგინეს და 150 000 ლარის ყვავილი გაგვეყინა ზამთარში. გაზმომარაგების კომპანიაში რამდენიმე განაცხადი შევიტანე, მაგრამ რეაგირება არ მომხდარა. შემდეგ გაზი სულ სხვა მხრიდან შემოვიყვანე. ძვირი დაგვიჯდა, მაგრამ მეტი გზა არ იყო. რომ არ შემოგვეყვანა, კიდევ უარეს დღეში ჩავვარდებოდით. ეს საკითხი ჩემი სახსრებით მოვაგვარე - ბანკიდან სესხი ავიღე დამატებით და ამის ხარჯზე გავაკეთე გათბობა. ამ თვენახევარში, რაც ეს გათბობა გაკეთდა, უკვე 4 ტრაილერი ყვავილი გამოგვიგზავნა ჰოლანდიიდან პარტნიორმა და დღეს მე-5 მოდის. ასე, რომ ნორმალურად მიდის საქმე. რომ არა ხელშემშლელი გარემოებები, ეს სათბური 10-ჯერ უფრო დიდი იქნებოდა. შეუთანხმებლობაა საგზაო დეპარტამენტთან და ამის გამო ეს პროექტი ისე სწრაფი ტემპით ვერ განვითარდა, როგორც უნდა განვითარებულიყო“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

ხელისშემშლელ გარემოებად ბიზნესმენი სახელმწიფოსთან დავას ასახელებს. კერძოდ კი მის საკუთრებაში არსებული ბიზნესკომპლექსი ქუთაისის ავტობანთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას შეეწირა. ქონების ადეკვატური ფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით სასამართლო დავა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზების დეპარტამენტთან მიმდინარეობს.

„გზის გასწვრივ მქონდა ძეხვის საამქრო, მარკეტი, პურის საცხობი, სამაცივრე დანადგარები, რესტორანი, ღია დარბაზი - ძალიან დიდი ობიექტი იყო. დანადგარები ღია ცის ქვეშ დაყარეს, შენობა დამინგრიეს აღმასრულებლის დახმარებით. მოკლედ ძალიან ცუდ დღეში ჩაგვაგდეს და ვერსად სამართალი ვერ გავარკვიე. სასამართლოშია საქმე და სამწუხაროდ ვერ წყდება ისე სწრაფად, როგორც უნდა გადაწყვეტილიყო. პროცესები ჭიანურდება. სასამართლო დანიშნულია და ორმა მოსამართლემ აცილება გააკეთა, ჯერ არ ჩატარებულა პროცესი, რომელმაც ფასი უნდა დაადგინოს. სასამართლოები ჩამიტარეს დაუყოვნებლივ აღსრულებაზე, რომ უნდა დანგრეულიყო. მე სარჩელი მაქვს შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომ როგორმე რეალური ფასი დადგინდეს, ეს სასამართლო ხელოვნურად იწელება. წელიწადზე მეტი გავიდა, რაც სარჩელი მაქვს შეტანილი და სასამართლო ჯერ არც დანიშნულა. ეს ფაქტორი საკმაოდ გვიშლის ხელს“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. როგორც კილაძე ამბობს, მას სამართლიანი ანაზღაურება არ მიუღია. მისი თქმით, ქონება მის მიერ დაქირავებული აუდიტორის მიერ 1.2 მილიონ დოლარადაა შეფასებული, ხოლო სახელმწიფოს მიერ ჩატარებული აუდიტის მიერ - 345 000 დოლარად.

„ჩამორთმეული ქონება „ქართუ ჯგუფის“ მთავარი შემფასებლის მიერ 1.2 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ძალიან კომპეტენტური აუდიტორია, რომელიც არის აუდიტორთა კავშირის პრეზიდენტი. საქართველოში ერთ-ერთი დიდი აუდიტორია. იმათ ნაქირავები ჰყავთ დამოუკიდებელი აუდიტორი და მისი დასკვნის საფუძველზე დაახლოებით 345 ათასი დოლარია გამოყოფილი. ამის საფუძველზე დამინგრიეს შენობა. არანაირი მოლაპარაკება, არანაირი ალტერნატიული ფართი, მე არაფერი მიმიღია. ნოტარიუსის სახელზე დასმულია იმათი შემოთავაზებული თანხა - 345 ათასი დოლარის ექვივალენტი ლარში. ამ თანხის ბედი მაშინ გადაწყდება, როცა დავა დასრულდება, მაგრამ დავას ესენი არ ამთავრებენ და ეს არის ჩვენი დიდი პრობლემა. ვითხოვ ჩემი ქონების ფასის გადახდას. ეს არის ჩემი ძირითადი მოთხოვნა. დანარჩენ პრობლემას ვერ ვხედავ. სახელმწიფოსთან ნორმალურად მიდის ურთიერთობა, რამდენიმე ტენდერი მოვიგეთ. არის შემოთავაზებები და შეკვეთები. ხელს არაფერი გვიშლის. ერთადერთი  თხოვნაა ხელისუფლების მიმართ, რომ ეს პრობლემა როგორმე ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს“, - აცხადებს ბადრი კილაძე.

მისი თქმით, კომპენსაციის აღების შემთხვევაში ძირითადი თანხა ისევ ამ ბიზნესის განვითარებას მოხმარდება.

სათბურის მეპატრონე ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც ჰქონდა შეხვედრები და იმედი აქვს,  რომ პრობლემა მალე მოგვარდება.  

 

მასალის მომზადება შესაძლებელი გახდა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წევრი ორგანიზაციისევროპა ჩვენი სახლიასდახმარებით. აღნიშნული საკითხით დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ კონსულტაციისთვის მიმართოთ ორგანიზაციის წარმომადგენელს, მერაბ ბარათაშვილს. ტელ: 599 58 70 94

 

ნახვების რაოდენობა : 665

სურათები

კომენტარი

მენიუ

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. 9/1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge