„ბავშვებს რომ შივდებათ, აგრესიაზე გადადიან“ - საბავშვო ბაღის პრობლემების სოფელ მარელისში

31 ოქტომბერი 2017
რეგიონი : იმერეთი
თემა :

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში სკოლამდელი განათლების ცენტრი 18 სექტემბერს გაიხსნა. ამჟამად ბაღს 10 აღსაზრდელი ჰყავს. იანვრიდან ბაღში კიდევ 4 ბავშვის დამატებას ელოდებიან.

აღნიშნული სკოლამდელი სწავლების ჯგუფი საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკამ“ გახსნა, რათა მუნიციპალიტეტმა მომავალში ამ სოფელში სრულფასოვანი ბაღის ფუნქციონირების აუცილებლობა დაინახოს.

როგორც ბაღის აღმზრდელმა პედაგოგმა, თამარ მაისურაძემ CSO.ge-ის განუცხადა, ამჟამად ბაღს ორი პრობლემა აქვს: 1.ბაღი ხანმოკლეა - მხოლოდ 4 საათს ფუნქციონირებს დღეში და 2. პროექტში ბავშვთა კვება არ არის გათვალისწინებული.

პირველი პრობლემიდან გამომდინარე, მოშორებით მცხოვრები მშობლები ბაღში ბავშვების მიყვანისგან თავს იკავებენ, რადგან მხოლოდ 4 საათის გამო შვილების ტარება შორ გზაზე მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ.

„მშობლებმა შემომითვალეს, რომ თუ ბაღი დილიდან საღამომდე იქნება, ვატარებთ ბავშვებსო. თუ ბაღი გახანგრძლივდება, კიდევ 3 ბავშვი დაემატება“, - აღნიშნა აღმზრდელმა.

მეორე პრობლემური საკითხის მოგვარებას მშობლები თავად ცდილობენ და მშრალი საკვები ბაღში მორიგეობით მიაქვთ, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

„ეს მართლაც დიდი პრობლემაა, ბავშვი 4 საათი მშიერი ვერ სძლებს. ბაღი 9 საათზე იწყება და 11 საათისთვის რომ შივდებათ, ბავშვებს გუნება-განწყობა ეცვლებათ, აგრესიაზე გადადიან. ვწვალობთ მასწავლებლებიც და მშობლებიც. მშობლებს საკვების მოტანა კვირაში ერთხელ უწევთ, მაგრამ ესეც პრობლემაა სოფელში ისეთი გაჭირვებაა“, - აღნიშნა თამარ მაისურაძემ.

როგორც იგი ამბობს, ბაღი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ დაათვალიერა, თუმცა განაცხადა, რომ ბაღში კვების კომპონენტის დასამატებლად სათანადო პირობები და შესაბამისი ჰიგიენური სტანდარტები არ არის, ხოლო მომავალში თუ ბავშვები დაემატებიან, სტანდარტული ბაღი აშენდება.

აღმზრდელის თქმით, ბაღმა უკვე თავისი გავლენა იქონია ბავშვების ქცევაზე და უკეთესობისკენ შეცვალა.

 „ამ ერთ თვეში შედეგი შეიმჩნევა. თავიდან რომ მოვიდნენ, აგრესიულები იყვნენ, ბაღში გაჩერება უჭირდათ, ყველაფერს ამტვრევდნენ, შებოჭილები იყვნენ ბავშვები. ახლა უკვე გამარჯობის თქმა აღარ ერიდებათ“, -აღნიშნა მან.  

როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ხარაგაულის“ წარმომადგენელი რუსუდან გურგენიძე  განმარტავს, სოფელში არის შენობა რიტუალების დარბაზისთვის, რომელიც არ ფუნქციონირებს და მისი საბავშვო ბაღად გადაკეთება შეიძლება, თანაც დიდ თანხებს არ საჭიროებს.

„სოფლის სურვილით, სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში აქ რიტუალების დარბაზი უნდა გაეკეთებინათ, თუმცა მიუხედავდა იმისა, რომ 2 წლის სოფლის ფული ჩარიცხეს, არ ეყო გაკეთებას და ასეა დარჩენილი. ფაქტიურად მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. საკმაოდ ადვილია ამის ბაღად გამოყენება, მით უმეტეს თუ სოფელს ასე უნდა. შიგნით ტიხრები და სველი წერტილების მოწყობა დასჭირდება მხოლოდ. ძვირი არ დაჯდება და მალე გაკეთდება. მოსახლეობას შევთავაზე ხელმოწერები შეაგროვონ. სოფელმა თუ არ იაქტიურა, არაფერი გამოვა“, - განაცხადა გურგენიძემ.

ადგილობრივების თქმით, ამ ადგილს ბევრი მოსახლე ტოვებს და სოფლის დაცლის პროცესის შეჩერებისთვის მსგავსი ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ მსგავსმა პროექტმა უკვე გაამართლა სოფელ ნადაბურში და წელს უკვე სრულფასოვანი ბაღი გაიხსნა.

მასალის მომზადება შესაძლებელი გახდა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წევრი ორგანიზაციის „ნაბიჯი ხარაგაულის“ დახმარებით. აღნიშნული საკითხით დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ კონსულტაციისთვის მიმართოთ ორგანიზაციის წარმომადგენელს, რუსუდან გურგენიძეს ტელ:   599 85 26 00, e-mail: ruso.gurgenidze@mail.ru

ვებგვერდი www.cso.ge შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

 

ნახვების რაოდენობა : 952

სურათები

კომენტარი

მენიუ

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge