ალაზნის პირას გაშენებული სოფელი სარწყავი წყლის პრობლემის წინაშე დგას

14 მარტი 2016
რეგიონი : კახეთი
თემა :

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი სამთაწყარო ალაზნის პირას, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზეა გაშენებული. მოსახლეობის ნახევარზე  მეტი აჭარელი ეკომიგრანტია, სოფელში ჩამოსახლებულნი არიან ინგილოებიც. ადგილობრივები თავს ძირითადად სოფლის მეურნეობით, კონკრეტულად კი  - მევენახეობით ირჩენენ. როგორც სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, მათი მთავარი პრობლემა სარწყავი წყალია.

სოფლის ადგილობრივმა მკვიდრმა ოთარ ფუტკარაძემ სიდა-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ყველაზე მწვავედ პრობლემა ზაფხულის პერიოდში, ივლის-აგვისტოში იჩენს ხოლმე თავს.

„250 ჰექტარზე წყალი გვაქვს, მაგრამ როცა ვაზს წყლის მიწოდება უჭირს, იმ დროისათვის არხში წყალი ფაქტიურად აღარ არის. 80 კილომეტრიანი არხია, ახმეტიდან მოდის. ივლის-აგვისტოში, სანამ იქ სათავეებში ნაკვეთები ირწყვება, ჩვენამდე ვეღარ აღწევს. სოფლის ნაკვეთების მეტი წილი, რომელიც კომუნისტების დროიდან ძველი არხით ირწყვებოდა, სულ განადგურებულია. გაიჩეხა ვენახები. როცა ჰექტარზე 20-25 ტონა ყურძნის მოსავალი შემოგვდიოდა, 300 კილოც ვერ მოიყვანა შარშან ძალიან ბევრმა. ამ სოფელს დიდი პერსპექტივა აქვს, თუ ეს სარწყავი სისტემები აღდგება. ზაფხულში ეზოში მწვანილი არ არის, გამხმარია, არა და 500 მეტრში ალაზანი ჩამოედინება. პატრონი გვინდა და ხელისუფლების იმედი გვაქვს, მაგრამ რა ვიცი...“ - აღნიშნა ოთარ ფუტკარაძემ.

იგივე პრობლემის წინაშე დგას ადგილობრივი ოთარ ჯაიანი. ისიც ამბობს, რომ უწყლობის გამო ვენახები ხმება.

„აქ ყველაზე დიდი პრობლემა წყალია. უწყლოდ და უჰაეროდ ცხოვრება თუ შეიძლება? ვენახები გახმა. ეს იყო ვენახის ქვეყანა. ლობიოს, კარტოფილის, სიმინდის ორი მოსავალი მოდის. ახლა მწვანილს, ხილს ვერ გაზრდი ეზოში, არა და ალაზანი აქვეა“, - აღნიშნა მან.

სამთაწყაროს გამგებლის წარმომადგენელი გულო ნადირაშვილი აცხადებს, რომ წყალი სავარაუდოდ მომავალი წლისთვის იქნება.

„250 ჰექტარზე სარწყავი სისტემა გვაქვს. როცა წყალი ძალიან საჭიროა ივლის-აგვისტოში, იქაც წყლის ოდენობა იკლებს. 420 ჰექტარზე საერთოდ არ გვაქვს სარწყავი სისტემა. წვიმას ველოდებით. მელიორაციის სამსახურმა გვიყიდა ორი ხელოვნური ტუმბო. ერთ კილომეტრზე ქაჩავს წყალს. მაგით ხელი შეგვაშველეს, სანამ ჩვენ სოფლებში სარწყავი სისტემის გაკეთებას დაიწყებენ. ამის გაკეთება 3.8 მილიონი ლარი ჯდება. აქ ძვირადღირებული სარწყავი სისტემა გვჭირდება“, - განაცხადა მან.

გულო ნადირაშვილის თქმით, სარწყავი სისტემის გაყვანაზე ტენდერი გამოცხადდა, მაგრამ პირველი ტენდერი ჩაიშალა და ერთი თვის შემდეგ მეორედ გამოაცხადეს.

„მეორე ტენდერში კომპანიამ გაიმარჯვა. ახლა ოფიციალურად რაღაც დოკუმენტების გაფორმება დარჩა. ერთი კვირის წინ იყვნენ ჩამოსულები. სადაც შენობა-ნაგებობა გვაქვს, ის ნახეს, ნახეს მოტორი სად უნდა დამონტაჟდეს. გაკეთება ალბათ უკვე ერთ თვეში დაიწყება, ოღონდ წელს ჩვენ მორწყვას ვერ მოვასწრებთ. მომავალი წლისთვის იქნება. ტუმბოები უკვე ნაყიდია. ჩვენი ტუმბო, თავის მილებით, მელიორაციის განყოფილებაში გურჯაანში დევს“, - აღნიშნა მან.

სოფელში სასმელი წყალიც პრობლემაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფლის ნაწილს წყალი კვირაში ერთხელ, რამდენიმე საათით მიეწოდება, ნაწილს კი - ყოველდღე ერთი საათით. მათი თქმით, ეს არ არის საკმარისი, განსაკუთრებით კი ზაფხულში, როცა წყლის მოხმარება მატულობს.

 

ნახვების რაოდენობა : 1222

სურათები

კომენტარი

მენიუ

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge