სასულიერო პირების ქადაგებებზე საია ცესკოს სამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდებს

25 სექტემბერი 2018

უკანასკნელი დღეების განმავლობაში, მედიაში არაერთხელ გავრცელდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მიერ გაკეთებული წინასაარჩევნო აგიტაციის შემცველი განცხადებები. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირები აშკარად გამოხატავენ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნებისა“ და მათ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის − სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო პოზიციას.[1] აღნიშნულთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართვაგაავრცელა და მოუწოდა მოძღვრებსა და მღვდელმთავრებს, თავი შეიკავონ პოლიტიკური შინაარსის განცხადებებისაგან, ამა თუ იმ პოლიტიკური პირის საჯარო სივრცეში არაკორექტული მოხსენიებისაგან და ჩრდილს ნუ მიაყენებენ ეკლესიასა და საკუთარ თავს.

მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ სასულიერო პირთა მხრიდან აგიტაციის შემცველი განცხადებების გაკეთება არ წარმოადგენს კანონის დარღვევას, მიგვაჩნია, რომ სასულიერო პირებს, მითუფრო − წმინდა სინოდის წევრებს, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლების განხორციელებისას, საკუთარი სტატუსიდან და საზოგადოების გარკვეული ნაწილის ცხოვრებაში მათი როლიდან გამომდინარე. „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, სახელმწიფომ და ეკლესიამ დაადასტურეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით.[2] მიგვაჩნია, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან სახელმწიფო ხელისუფლებისა თუ კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ აგიტაციის განხორციელება არ არის მიზანშეწონილი, რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს კანდიდატის მოსაზრებები მათთვის.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაცია არის ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას.[3] წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს რელიგიურ ორგანიზაციას.[4] ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით).[5] შესაბამისად, ქორეპისკოპოს იაკობის მიერ, სავარაუდოდ, ადგილი აქვს აგიტაციას კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

ქორეპისკოპოს იაკობის მხრიდან მსგავსი ტიპის სავარაუდო კანონდარღვევას 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდშიც ჰქონდა ადგილი, რასთან დაკავშირებითაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა საჯარო განცხადება გაავრცელეს და საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართეს, თუმცა ცესკოს თავმჯდომარემ მიიჩნია, რომ ქორეპისკოპოსის, როგორც ცალკე სასულიერო პირის მიმართვა (ქადაგება) მრევლისადმი არ წარმოადგენდა ეკლესიის სახელით გაკეთებულ განცხადებას.[6] აგრეთვე, სასულიერო პირთა მხრიდან აგიტაციის წესების დარღვევის ტენდენცია ფიქსირდებოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდშიც.[7]

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ამკრძალავი ნორმა, რომელიც მკაცრად განსაზღვრავს წინასაარჩევნო აგიტაციის განხორციელების შეზღუდვას სუბიექტთა განსაზღვრულ წრის მიმართ, მიზნად ისახავს, დაიცვას საარჩევნო პროცესი მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ზემოქმედებისაგან. ამის ალბათობა კი დიდია რელიგიური ორგანიზაციების მიმართ მაღალი ნდობისა და ავტორიტეტის გათვალისწინებით. საარჩევნო პროცესის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა დემოკრატიული და სეკულარული სახელწიფოს განვითარებისთვის.

მივმართავთ:

რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს − თავი შეიკავონ წინასაარჩევნო აგიტაციის ნიშნების შემცველი განცხადებების გაკეთებისაგან;

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას − შეისწავლოს განცხადებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები და განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

 

[1] 1) http://www.rustavi2.ge/ka/news/113769; 2) http://www.rustavi2.ge/ka/news/113739;

3) http://www.rustavi2.ge/ka/news/113969;

[2] „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი

[3] „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის ჰ1) პუნქტი

[4] „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის ზ) ქვეპუნქტი

[5] „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი

[6] 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის ანგარიში, საია, გვ. 22

[7] 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის ანგარიში, საია, გვ. 19

წყარო: https://gyla.ge

ნახვების რაოდენობა : 78

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. 9/1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge