საია: კარვების გაშლის თვითნებური და უკანონო შეზღუდვის საქმეზე მორიგი სხდომა ჩაინიშნა

30 ოქტომბერი 2018

2018 წლის 31 ოქტომბერს 10:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულია მოსარჩელეების ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა  მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ იმ გადაწყვეტილების (ქმედების) ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც მოსარჩელეებს შეეზღუდათ მშვიდობიანი შეკრების უფლება და არ მიეცათ კარვის განთავსების შესაძლებლობა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტროტუარზე.[1]

2018 წლის 10 სექტემბრიდან პარლამენტის შენობასთან მოსარჩელეებმა საპროტესტო აქცია დაიწყეს. ისინი ღამეებს რუსთაველის გამზირზე ათენებენ. სარალიძე და მაჩალიკაშვილი მოითხოვენ მათი შვილების სიცოცხლის ხელყოფის საქმეების ობიექტურ და სრულყოფილ გამოძიებას და სახელმწიფოს მიერ დამნაშავე პირების დასჯას.   

2018 წლის 26 სექტემბერს, თბილისში, პარლამენტის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მონაწილეებმა გადაწყვიტეს აქციის გასაგრძელებლად გამოეყენებინათ მშვიდობიანი შეკრების სხვა ფორმა და პარლამენტის შენობის წინ დაედგათ კარავი. გამომდინარე იქედან, რომ აქცია 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, კარვის დადგმას, გარდა იმისა, რომ აქვს პრინციპული მნიშვნელობა მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზებისათვის, ასევე აქვს პრაქტიკული დანიშნულებაც. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აქციის მონაწილეებს კარვის დადგმა სურდათ ტროტუარზე, რაც არ  გამოიწვევდა არც პარლამენტის შენობის ფუნქციონირების შეფერხებას/ბლოკირებას და არც ქვეით მოსიარულეთა შეფერხებას, თუმცა პოლიციის მიერ მშვიდობიანი შეკრების უფლებაში მოხდა უხეში ჩარევა. კერძოდ, პოლიციის თანამშრომლებმა დაშალეს კარვის კონსტრუქცია და აქციის მონაწილეებს არ მისცეს პროტესტის ამ ფორმით გაგრძელების უფლება.

პოლიციის ქმედება, არ დაუშვას აქციის მონაწილეების მიერ შეკრების ადგილას კარვის განთავსება, წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების ფორმის კონტროლის მცდელობას, რაც უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონით გარანტირებულ შეკრების უფლების არსს. შსს  ვალდებულია, ხელი არ შეუშალოს შეკრების ჩატარებას იმ ფორმით, რომელიც მშვიდობიანია და არჩეულია აქციის მონაწილეთა მიერ. აქციის ფორმის, დროისა და ადგილის არჩევის უფლება შეკრების უფლების ნაწილი და მისი შინაარსია.

აღნიშნულ შემთხვევაში მოსარჩელეთა მირ ორგანიზებული შეკრება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მათი შვილების მკვლელობის საქმეების ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების მოთხოვნას და გააჩნია მშვიდობიანი შეკრების ფორმა, რის გამოც შეკრების თავისუფლებაში ჩარევის საფუძველი სახელმწიფოს არ გააჩნდა.  

გამომდინარე იქიდან, რომ ქართული კანონმდებლობა არ იცნობს საჯარო სივრცეში კარვების გაშლის აკრძალვას, ამგვარ შეზღუდვას არ გააჩნია კანონიერი საფუძველი, და წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას. თუმცა, კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, აღნიშნული აკრძალვა ვერ იქნება განხილული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებად.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დროებითი კონსტრუქციების, მათ შორის კარვის დადგმის აკრძალვას იმ შემთხვევაში თუკი იგი ხელს არ უშლის გზის სავალ ნაწილს. იმ პირობებში როდესაც მოსარჩელეთა მიერ ორგანიზებული შეკრების მონაწილეების მიერ არ განხორციელებულა გზის სავალი ნაწილის ბლოკირება ასევე, მათი ქმედება არ არის კანონსაწინააღმდეგო შინაარსისა და მიზნის მატარებელი, სამართალდამცავთა მიერ კარვების ჩამორთმევა და მათი დადგმის უფლების შეზღუდვა არამხოლოდ უკანონო არამედ არაკონსტიტუციურ ხასიათს ატარებს და გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევის უხეში პრეცედენტია, რაც არსებითად აზიანებს პლურალისტური დემოკრატიის ფუნქციონირებას და პროტესტების ხელშეშლის მძიმე პრაქტიკას ამკვიდრებს.[2]

ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტები იცავენ. აღნიშნული დავა შსს-ს მხრიდან კარვების გაშლის აკრძალვის თვითნებურ და უკანონო პრაქტიკის აღმოფხვრას ისახავს მიზნად და კიდევ უფრო მაღალი სამართლებრივი მნიშვნელობა გააჩნია ზაზა სარალიძის დაკავებასთან დაკავშირებული საქმის კონტექსტში.

 

 

 

[1] http://liberali.ge/news/view/39820/karvis-gashlis-shesakheb-saralidzis-sarchelis-gankhilva-mosamartlem-31-oqtombramde-gadado?fbclid=IwAR2OoEK0VHH2MqM4geo1qmaLJ7n-0TWwmAUqCQ4APdYZmAyPcVHk_ZtCTbc

[2] https://emc.org.ge/ka/products/sakartvelos-shs-saministros-mier-sakartvelos-konstitutsiis-gangrdzobadma-da-ukheshma-darghvevam-parlamentis-tsin-dzaladobis-eskalatsia-gamoitsvia

 წყარო: https://gyla.ge

ნახვების რაოდენობა : 47

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge