არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის პერიოდში ზეწოლის ფაქტები ფართოდ გავრცელებულია

19 ნოემბერი 2018

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების I და II ტურებს შორის პერიოდში ფართოდ გავრცელებული სახე მიიღო ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებმა და სახეზეა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების ახალი, აქამდე უპრეცედენტო ფორმები.

ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ზეწოლა ხორციელდება როგორც საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულ თანამშრომლებზე და სხვა მოწყვლად ამომრჩეველზე. ზეწოლისა და იძულების ფაქტების გარდა მმართველი პარტიისა და დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები სხვადასხვა ფორმებით ცდილობენ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები არჩევნებზე არ გამოცხადდნენ.

ორგანიზაციის დამკვირვებლებისთვის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები სისტემატიურ შეხვედრებს მართავენ მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირებთან რა დროსაც ისინი თანამშრომლებისგან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აფრთხილებენ, რომ ისინი სამსახურს დაკარგავენ ხოლო ქვეყანაში არეულობა და დაპირისპირება დაიწყება.

ზეწოლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას წინ უძღვოდა გუბერნატორების მერებთან შეხვედრები და შსს მინისტრის ვიზიტი რამდენიმე მუნიციპალიტეტში, რასაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ზეწოლისა და ამომრჩევლებზე ზემოქმედების ერთგვაროვან და მასშტაბურ ხასიათზე.

ახალციხეში ერთ-ერთი ბაგა-ბაღის თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით განცხადებები დააწერინეს და გააფრთხილეს, რომ ეს განცხადებები ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუ სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს. საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულებისადმი სამსახურიდან გათავისუფლების მუარას ჰქონდა ადგილი გურჯაანისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში. ასევე, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში გამართულ შეხვედრებზე ხელმძღვანელები თანამშრომლებს ეუბნებიან, რომ თუ არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს დაიწყება არეულობა და ომი და სთხოვენ, რომ ეს ინფორმაცია ახლობლებთან და ნათესავებთან გაავრცელონ.

თბილისში, ხაშურსა და ზუგდიდში „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მიღებული ინფორმაციით ზეწოლა ხორციელდება კერძო სექტორში დასაქმებულ პირებზე. კერძოდ, ბიზნესის მფლობელები დასაქმებულებისაგან მოითხოვენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მათთვის გადაცემას. ეს ვალდებულება ვრცელდება იმ თანამშრომლებზე, რომლებიც, მათი აზრით სალომე ზურაბიშვილს მხარს არ უჭერენ. მარნეულში ერთ-ერთ მოქალაქეს პოლიციის თანამშრომელი ოჯახის წევრის დაპატიმრებით და მცირე ბიზნესის დაჯარიმებით დაემუქრა თუ გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერას არ შეწყვეტდა.

გორის მუნიციპალიტეტში უცნობი პირები მოქალაქეებს უკავშირდებიან და თითქოს პიროვნების დაზუსტების მიზნით ეუბნებიან მათი და მათი ოჯახის წევრების პირად მონაცემებს სავარაუდოდ იმ მიზნით, რომ ამომრჩეველს შექმნოდა განცდა თითქოს ამ პირებისთვის ცნობილია მისი პერსონალური ინფორმაცია.

ბათუმში ერთ-ერთ ოჯახში გამოკითხვაზე მისულმა პირებმა, რომლებმაც თავი „ქართული ოცნების“ კოორდინატორებად წარადგინეს, მისამართზე ჩაწერილი პირები მოიკითხეს და აღნიშნეს, რომ ისინი პირველ ტურზე არ მისულან. აღნიშნული შემთხვევა გვაფიქრებინებს, რომ კარდაკარ დადიან პირები, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია თუ რომელი ამომრჩეველი არ მივიდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე. კანონის თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია დახურულია და გაუგებარია რა ხერხებით აღმოჩნდა კონფიდენციალური პირადი ინფორმაცია გარეშე პირების ხელში.

ყველა ამ შემთხვევის შესახებ დეტალურ ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნები“ შუალედურ ანგარიშში გაასაჯაროებს. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში ზეწოლის ფაქტების გავრცელების მასშტაბი შემაშფოთებელია. ამ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში ამომრჩეველზე ზეწოლის გარემომ შესაძლოა არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო პროცესსა და მის ლეგიტიმაციას ჩრდილი მიაყენოს. იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესსა და მეორე ტურის თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას ჩრდილი არ მიადგეს, „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს:

  1. საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს და მმართველი პარტიის ხელმძღვანელებს - ღიად და საჯაროდ დაგმონ ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები და მოუწოდონ თვითმმართველობის ხელმძღვანელებსა და საკუთარ მხარდამჭერებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის ყველა მცდელობა. 
  2. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს - აღკვეთონ ზეწოლისა და იძულების პრაქტიკა დასაქმებული პირების მიმართ და მისცენ მათ შესაძლებლობა ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, თავისუფლად განახორციელონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება.
  3. ბიზნესმენებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს - არანაირი ფორმით არ განახორციელონ ზეწოლა დასაქმებულ პირებზე და აღკვეთონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების იძულებით ჩამორთმევა, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. 
  4. მმართველი პარტიის მხარდამჭერებსა და აქტივისტებს - უარი თქვან უკანონო დავალებების შესრულებაზე და ამომრჩევლის ზეწოლაში თანამონაწილეობაზე.

წყარო: http://www.isfed.ge

ნახვების რაოდენობა : 50

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge