10 წელი ბუქარესტის სამიტიდან: რატომ უნდა გააორმაგოს ნატო-მ ფსონი საქართველოზე

სამართლიანი არჩევნები (ISFED) აქვეყნებს პოლიტიკის დოკუმენტს: 10 წელი ბუქარესტის სამიტიდან: რატომ უნდა გააორმაგოს ნატო-მ ფსონი საქართველოზე:
"2018 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წელია: კერძოდ, ქვეყანა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამასთან, 10 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან (2008 წლის აგვისტო) და ბუქარესტის სამიტის შემდეგ, სადაც ქვეყანას ნატო-ს გადაწყვეტილების მიმღებთა მაგიდასთან ადგილს დაჰპირდნენ.
ბოლო ათი წლის მანძილზე მნიშვნელოვნად გაღრმავდა ნატო-საქართველოს ურთიერთობები. ქვეყანა ამჟამად არაერთ სფეროში აკმაყოფილებს ნატო-ს სტანდარტებს. კერძოდ, საქართველომ მოახდინა საკუთარი შეიარაღებული ძალების მოდერნიზება, გაიზარდა ფუნქციონალური თავსებადობა ქართულ ჯარსა და ნატო-ს წევრი ქვეყნების არმიებს შორის. საქართველომ ნატო-ს საერთაშორისო მისიებში არაერთ წევრ სახელმწიფოზე მეტი წვლილი შეიტანა. ამასთან, იგი ალიანსის თავდაცვითი ხარჯების სტანდარტსაც აკმაყოფილებს. საქართველომ განახორციელა რეფორმები დემოკრატიის განსამტკიცებლად, კორუფციის აღმოსაფხვრელად და სამხედრო სფეროზე სამოქალაქო კონტროლის დასამყარებლად.
ნატო-მ 2008 წელს საქართველოსთვის მიცემული დაპირება არაერთხელ დაადასტურა, თუმცა, კვლავ მიუწვდომლად რჩება “წევრობის სამოქმედო გეგმა” (MAP), მიუხედავად იმისა, რომ როგორც მინიმუმ, საქართველო ისეთივე მზადყოფნაშია, როგორ მზადყოფნაშიც იყო მონტენეგრო 2017 წელს, როდესაც იგი ალიანსში გაწევრიანდა. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის გაჭიანურების ძირითად მიზეზს წარმოადგენს ალიანსის წევრების მღელვარება მოსკოვის შესაძლო რეაქციების გამო. რუსეთის სამხედრო ავანტიურამ საქართველოსა და უკრაინაში კიდევ უფრო გაამძაფრა შფოთვა აღმოსავლეთით ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით.
საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი მოკავშირე გახდა. მისი ურთიერთობა ალიანსთან მნიშვნელოვნად აჭარბებს MAP-ის ჩარჩოებს.მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ში გაწევრიანებას მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს მხარს (65%)1 , არსებობს საშიშროება იმისა, რომ მხარდაჭერამ იკლოს, თუ საქართველოს ნატო-ს მოსაცდელ ოთახში კიდევ დიდხანს მოუწევს ყოფნა. ამან შესაძლოა გაამყაროს რუსეთის ნარატივი იმის თაობაზე, რომ დასავლეთს საქართველო არ სჭირდება და დააზიანოს რეფორმების სწრაფად პროგრესირებადი პროცესი, რომლის მამოძრავებელი ძალაც ევრო-- ანტლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივაა.
ნატო-ს ბიუსელის სამიტი, რომელიც 2018 წლის 11-12 ივლისს გაიმართება, ალიანსისთვის ახალ შესაძლებლობას წარმოადგენს. ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მიმართ საქართველოს ერთგულების გათვალისწინებით, ნატოს ინტერესშია თბილისთან კავშირების გამყარება. საქართველო, როგორც საიმედო პარტნიორი, რომელთანაც ნატო-ს საერთო ინტერესები და ფასეულობები აკავშირებს, დასავლეთს სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიულ დასაყრდენს სთავაზობს. ალიანსმა კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს საქართველოს წევრობის მიმართ მხარდაჭერა და ხაზგასმით აღნიშნოს, რომ არცერთ მესამე ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება ნატოს გაფართოებაზე. ალიანსმა კიდევ უფრო უნდა გააღრმავოს საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობა და გააძლიეროს ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობები. ნატო-ს მიერ მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურება გაფანტავს ქართულ საზოგადოებაში არსებულ ეჭვებს, განამტკიცებს რეფორმების ძალისხმევასა და ქვეყანას კიდევ უფრო დააახლოვებს ალიანსთან."
მთავარი პუბლიკაცია
