დაუბალანსებელი კრიტიკა ევროსკეპტიციზმის გასაძლიერებლად

ანა ანდღულაძე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) პოლიტიკის მკვლევარი:

მსოფლიოში ევროსკეპტიციზმის აღმავლობა ანუ ევროკავშირისა და ევროინტეგრაციისადმი სკეპტიკური განწყობების გაძლიერება ბოლო დროს აღარავის აკვირვებს. ისეთმა მოვლენებმა, როგორიცაა ევროზონის კრიზისი, მიგრაციის დიდი ტალღები და „ბრექსიტი“, ევროსკეპტიციზმის გაღვივებას პირდაპირ შეუწყო ხელი. თუმცა, ევროპაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების გარდა, რომლებიც მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია ევროსკეპტიციზმთან, ევროკავშირისადმი სკეპტიკური განწყობების ხელოვნურად გაძლიერებას ბევრი პოლიტიკური ძალა ცდილობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ფაქტების ნეგატიური კუთხით წარმოჩენა, გაზვიადება, ზოგჯერ დამახინჯებაც კი სხვადასხვა ევროსკეპტიკოსი, პოპულისტი ძალების წარმომადგენლებისთვის უკვე კარგად ნაცადი მეთოდებია.

გარდა პოლიტიკური ძალებისა, საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმის გაძლიერებას ნებით თუ უნებლიედ მედიაც უწყობს ხელს. ხშირად მედიასაშუალებები პრობლემების ნეგატიურ ჭრილში გაშუქებას ამჯობინებენ, რადგანაც ამან შესაძლოა უფრო მეტი მაყურებელი მიიზიდოს. ევროკავშირთან დაკავშირებული ამბების უარყოფით ჭრილში გაშუქება არც ქართული მედიისთვისაა უცხო. ამაში არაფერი იქნებოდა გასაკვირი ამგვარ ფოკუსს საზოგადოებრივი მაუწყებელი რომ არ ირჩევდეს თანაც ისე, რომ ალტერნატიულ აზრს ფაქტობრივად არ სთავაზობდეს აუდიტორიას. არადა სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელს ევალება პირველ რიგში დაბალანსებულად და მიუკერძოებლად გაშუქება იმ თემებისა, რომლებიც აუდიტორიის განწყობაზე დიდ როლს თამაშობს.

2017 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრებისს კომუნიკაციის შესახებ სტრატეგია, სადაც ხაზი გაესვა რუსეთის მხრიდან მიმდინარე საინფორმაციო ომის საფრთხეს საქართველოში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებსა და ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებში. სტრატეგიის ძირითადი მიზანი მოსახლეობისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებით ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების მხარდაჭერის ხელშეწყობაა. შესაბამისად, დოკუმენტში განსაზღვრულია როგორც მთავარი გზავნილები, ისე, კომუნიკაციის არხებიც, მათ შორისაა სატელევიზიო მედიაც. ამ უკანასკნელის როლი ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც მოსახლეობის უმრავლესობა ინფორმაციას ტელეარხებიდან იღებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი საკუთარ ბადეს პროგრამული პრიორიტეტების საფუძველზე აგებს. ამ დოკუმენტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია საინფორმაციო გადაცემებში ასახოს „საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები/პროცესები.“ ასევე, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია პოლიტიკურ-ანალიტიკური გადაცემების საშუალებით იმ „საერთაშორისო მოვლენებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებთან კავშირშია ან გავლენას ახდენს მასზე”. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ლოგიკური იქნებოდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი აქტიურად აშუქებდეს ევროკავშირსა და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ მოვლენებს. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზია საზოგადოებას მართლაც აწვდის ინფორმაციას ევროკავშირში მიმდინარე უახლესი მოვლენების შესახებ, ის ამ თემაზე შემეცნებითი ან ანალიტიკური გადაცემების მნიშვნელოვან ნაკლებობას განიცდის.

მიმდინარე წლის მარტის თვეში საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემათა ბადეს ახალი, „საერთაშორისო მოვლენების ანალიზზე ორიენტირებული“გადაცემა დაემატა. „42-ე პარალელი“ ანალიტიკური გადაცემაა, რომელიც რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკულად აშუქებს და ანალიზს აწვდის საზოგადოებას. გადაცემის ფოკუსში ხშირად ხვდება ევროკავშირიც და მის წევრ სახელმწიფოებში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებიც. თუმცა, გადაცემის ზოგიერთი სიუჟეტი შეიცავდა ევროსკეპტიკური გზავნილების გარკვეულ ნიშნებს და ასევე, რამდენიმე მათგანი გამოირჩეოდა დაბალანსებული კრიტიკის ნაკლებობით.


პირველი გადაცემის პირველივე სიუჟეტი რუსეთის თემას დაეთმო, კონკრეტულად კი ვლადიმირ პუტინის გამოსვლას სახელმწიფო დუმის წინაშე. გადაცემაში პუტინის სიტყვით გამოსვლის ანალიზისას ძირითადად აქცენტი რუსეთის ეკონომიკის მოდერნიზაციასა და რუსეთის სამხედრო სიძლიერეზე გაკეთდა. მაუწყებლის ანალიტიკოსებმა გარკვეული პარალელი გაავლეს ამ გამოსვლასა და მეოცე საუკუნის ცივი ომის მსოფლიო ლიდერების რიტორიკას შორის. ამავე გადაცემის მეორე სიუჟეტი „ბრექსიტის“ თემას დაეთმო. სიუჟეტში გადმოცემული იყო „ბრექსიტის“ როგორც მომხრე, ისე მოწინააღმდეგეთა არგუმენტები და ასევე, ევროკავშირიდან გამოსვლასთან დაკავშირებული სირთულეები. თუმცა, სიუჟეტი დასრულდა ერთ-ერთი რესპონდენტის მიერ გამოთქმული მოსაზრებით, რომ „ბრექსიტის“ შემთხვევა გასათვალისწინებელია საქართველოსთვისაც, როგორც დამაფიქრებელი გაკვეთილი, თუ როგორ ევროკავშირში სურს ქვეყანას გაწევრიანება. ერთი შეხედვით, შემაშფოთებელი არაფერია არცერთ ზემოთ ხსენებულ სიუჟეტში, თუმცა, ის ფაქტი, რომ გადაცემა აქცენტს აკეთებს რუსეთის სიძლიერეზე, შემდგომ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში „ბრექსიტით“ გამოწვეულ პრობლემებს უსვამს ხაზს და ამავე დროს, ევროკავშირში საქართველოს გაწევრების შესახებ სვამს კითხვებს, ნებით თუ უნებლიეთ შესაძლოა, სწორედ იმ ევროსკეპტიკური განწყობების გაძლიერებას უწყობდეს ხელს, რომელზეც, ზემოთ ვსაუბრობდით.

ამავე კონტექსტში საგულისხმოა 31 მარტის გადაცემაც, კონკრეტულად კი, თურქეთის ბუნდოვანი ევროპული მომავლის შესახებ სიუჟეტში ერთ-ერთი წამყვანის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ „ერდოღანი დღეს განმათავისუფლებელ მოძრაობას იწყებს, რომელმაც თურქეთი დასავლური იმპერიალიზმის ჩრდილიდან უნდა გამოიყვანოს და დასაბამი მისცეს ახალ, სუვერენულ თურქეთს, რომელსაც საკუთარი, დამოუკიდებელი ინტერესები ამოძრავებს.“ მსგავსი შინაარსის მქონე გზავნილებმა მაყურებელს შესაძლოა წარმოდგენა შეუქმნას, რომ აქამდე თურქეთი დამოუკიდებლად ვერ იღებდა გადაწყვეტილებებს და ეჭვქვეშ დააყენოს დასავლეთის ინტერესები არამარტო თურქეთის, არამედ, ასევე, საქართველოსთან მიმართებით.

გარდა ევროსკეპტიციზმის ნიშნების შემცველი გზავნილებისა, გადაცემის რამდენიმე სიუჟეტში მხოლოდ ცალმხრივი კრიტიკა ისმოდა. მაგალითად, 14 აპრილის გადაცემა უნგრეთსა და აზერბაიჯანში ჩატარებულ არჩევნებს დაეთმო. სიუჟეტი ჩვენი მეზობლის შესახებ, შეიძლება ითქვას, რომ შორს იყო დაბალანსებული ანალიზისგან და თითქმის მთლიანად ეძღვნებოდა აზერბაიჯანის, როგორც ძლიერი ქვეყნის იმიჯის წარმოჩენას. გადაცემის რესპონდენტები ძირითადად აზერბაიჯანის მთავრობის წევრები ან მთავრობასთან აფილირებული პირები იყვნენ. გარდა არსებული პოლიტიკური ესტაბლიშმენტის ხოტბისა, გადაცემის რესპონდენტების მიერ გაკეთებული იყო საკმაოდ სკეპტიკური განცხადებები საქართველოს დასავლელი მეკავშირეებისადმი. „საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოს დაპყრობის შემდეგ არანაირი მხარდაჭერა არ გამოაცხადეს. ასევეა უკრაინის შემთხვევაში. ამგვარი სიტუაციების დროს არც საერთაშორისო და არც ევროპული ორგანიზაციები და არც ამერიკა ქმედით ნაბიჯებს არ დგამენ“ - განაცხადა ერთ-ერთმა აზერბაიჯანელმა პოლიტიკოსმა. რესპონდენტებმა ხაზი გაუსვეს ასევე აზერბაიჯანის სწორ საგარეო პოლიტიკურ არჩევანს, რომელიც დამოუკიდებელ საგარეო კურსზეა მიმართული. როგორც ერთ-ერთმა სტუმარმა აღნიშნა, „აზერბაიჯანი არ ეძებს დიდ ძმას, ის არ ეძებს პატრონს, ჩვენ ხალხი ვართ, პატრონი არ გვჭირდება.“ რაც შეეხება თავად არჩევნებს, ამ კუთხით გადაცემაში არ იყო ნახსენები ის ფაქტი, რომ ოპოზიციურ პარტიათა დიდმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად არჩევნებში არ მიიღო მონაწილეობა. ასევე არ იყო საუბარი იმაზე, თუ რა მდგომარეობაა აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების კუთხით. ერთი შეხედვით, მაყურებელს დარჩებოდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ აზერბაიჯანი ძლიერი და გამართული სახელმწიფოა, და საქართველოსგან განსხვავებით, არ ცდილობს ძლიერ, დასავლელ პარტნიორებთან დაახლოებას საკუთარი დამოუკიდებლობის დაკარგვის ფასად.

მსგავსი ტენდენცია გამოიკვეთა სხვა გადაცემებშიც. მაგალითად, 31 მარტის გადაცემის ერთ-ერთ სიუჟეტში საუბარი იყო ტრამპის ცნობილ ინიციატივაზე, ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების შესახებ. გადაცემაში კომენტარი გააკეთა საქართველოში მცხოვრებმა ამერიკელმა ჟურნალისტმა, რომელიც ტრამპის ამ ინიციატივის გულმხურვალე მხარდამჭერია და თვლის, რომ კედლის აშენება ხელს შეუწყობს არალეგალური მიგრაციის შემცირებას. მართალია, სიუჟეტი არ ავლენდა ტრამპის ამ ინიციატივის მხარდამჭერ გზავნილებს, მაგრამ გადაცემაში არ იყო წარმოდგენილი ტრამპის ინიციატივის მოწინააღმდეგე მხარის აზრი. მიგრაცია ქართველებისთვისაც მეტნაკლებად სენსიტიური თემაა, ხოლო მსოფლიო, განსაკუთრებით კი ევროპულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ეს თემა პოპულისტების ხელში ერთ-ერთი მთავარ იარაღად შეიძლება იქცეს, შესაბამისად, მისი გაშუქებისას, უმჯობესია მსგავსი იდეების მომხრეთა საპირწონედ, მათი მოწინააღმდეგეთა აზრიც იყოს დაფიქსირებული.

საერთო ჯამში, საზოგადოებრივ მაუწყებელზე საერთაშორისო მოვლენების ანალიზზე ორიენტირებული გადაცემის არსებობა მისასალმებელია, თუმცა, ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, მსგავს გადაცემებში დაბალანსებულად იყოს წარმოჩენილი სხვადასხვა მოვლენისა თუ იდეის კრიტიკა. ასევე, არსებული საინფორმაციო ომისა და მომძლავრებული ევროსკეპტიციზმის ფონზე მნიშვნელოვანია, რომ მედიამ ყურადღება დაუთმოს არამარტო დასავლეთში არსებული პრობლემების ანალიზს, არამედ, ასევე, ევროკავშირისა და ევროინტეგრაციის საშუალებით მიღწეული წარმატების მაგალითების გაშუქებასაც და ზოგადად, ობიექტური ინფორმაციის მიწოდებით ხელი შეუწყოს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.

წყარო: http://www.mediachecker.ge


წყარო:

მთავარი პუბლიკაცია

თბილისის საქალაქო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა რისკის ქვეშ აყენებს დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის ეფექტიანობას
16 ნოემბერი 2018
ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი თანამდებობის პირთა საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების მნიშვნელოვანი სამართლებრივი მექანიზმია. კორუფციის რისკების თავიდან აცილება და თ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge