ბლოგი ბავშვთა მიმართ ოჯახურ ძალადობაზე

ავტორი: ესმა გუმბერიძე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა საინიციატივო ჯგუფ „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ დამფუძნებელი

ორიოდე სიტყვა უნდა დავწერო ბავშვთა მიმართ ოჯახურ ძალადობაზე, ცემაზე, ფიზიკურ სასჯელებზე. პირველ რიგში ბავშვზე ძალადობენ ძირითადად ის მშობლები, რომლებზეც ასევე ძალადობდნენ ბავშვობაში ან ქალები, რომლებზეც ქმრები ძალადობენ. სუსტი და დაჩაგრული ქვეცნობიერად ეძებს კიდევ უფრო სუსტს და იცის რა, რომ მასზე თავისი გამწარების გადმონთხევის გამო არაფერი მოუვა, სწორედ ბავშვს უსწორდება. მოძალადე მშობლის თვალში ბავშვის დაუმორჩილებლობა უცებ განუზომლად უფრო დიდად იქცევა, ვიდრე სინამდვილეში ის არის.

ის, რომ ბავშვი პატარაა, ეტკინება, იტირებს და მალევე გადაავიწყდება და გაუვლის, მითია. ბავშვი, სხვათა შორის, საკმაოდ პატარა ასაკიდანვე იაზრებს, რომ მშობლისმიერ ძალადობას თავს ვერ დააღწევს, რომ შორს და დიდი ხნით ვერ გაიქცევა, რადგან მაინც იპოვიან და უარესად დაისჯება ან კიდევ იმიტომ, რომ მატერიალურად სწორედ მშობელზეა დამოკიდებული. ბავშვი პატარაობიდანვე იაზრებს, რომ სად გაიქცევა, ვინღა აჭმევს, მშობელს, თუნდაც მოძალადეს, რომ გაექცეს. ამის გააზრება, ანუ მდგომარეობის გამოუვალობის, საკუთარი უსუსურობის გააზრება ბავშვს კიდევ უფრო დიდ ტრავმას აყენებს. უძლურობის განცდა ადამიანურ ბუნებას ეწინააღმდეგება, ამიტომ ტრავმაზე პასუხი მისი გადაფარვის მცდელობა, მისი მივიწყებაა. თანაც ნებისმიერი ადამიანი და ბავშვი მითუმეტეს ოჯახის წევრებზე, მათს სიყვარულსა და თანადგომაზე ემოციურად დამოკიდებული ხდება. ის ეჩვევა ოჯახის წევრებს, საჭიროებს მათს მხარდაჭერას და მას ვერ კარგავს ძალადობის რამდენიმე ფაქტის გამო. ის თითქოს არ იჯერებს, რომ ამას მისი მშობლები ჩადიან, არ იღებს ამას, ცდილობს, გადაფაროს, გადაივიწყოს და დააკნინოს ამ ძალადობის მნიშვნელობა, თავის თავსვე უმალავს. თავს იმშვიდებს იმით, რომ ეს აღარასდროს განმეორდება. იმ ტრავმაზე აღარაფერს ვამბობ, რომელიც ადამიანს ემართება, მისთვის საყვარელი ადამიანი, მისი ავტორიტეტი, ის ვისაც ენდობა როცა შეგნებულად ტკენს და ვნებს. ადამიანს და მათ შორის ბავშვსაც შეურაცხყოფა უფრო მტკივნეულად გადააქვს, თუ ის მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანისგან მომდინარეობს და არა– ვიღაც ქუჩაში გამვლელისგან.

ძალადობის მეხსიერებას ერთი თვისება აქვს. როცა მსხვერპლი მას აღიარებს და მასზე საუბარს იწყებს, მხოლოდ მაშინ იწყება ტრავმის შედეგების შემსუბუქება. მაგრამ ბავშვი და ზრდასრულიც როგორც წესი ვერ ახერხებს იმ ძალადობაზე საუბარს, რომელიც მის წინააღმდეგ ხორციელდება ან ხორციელდებოდა. ოჯახის წევრის მხრიდან ძალადობის ფაქტის გაჟღერებას მოყვება იმ ოჯახის წევრის საზოგადოებრივი განკიცხვა, რაც ბავშვს მაინც არ სიამოვნებს. ის ხომ მისი მშობელია, ოჯახის წევრია, უფროსია. ვის უნდა იმის დაჯერება და გაგონება, მითუმეტეს გარეშე ხალხისგან, რომ ცუდი ოჯახი და მშობლები ყავს, როცა საკუთარ თავსაც ხშირად ვერ უტყდება მსხვერპლი, რომ მსხვერპლია, საკუთარ თავსაც ვერ უმხელს. ძალადობაგამოვლილის სტატუსი რაღაცნაირად ჩრდილს აყენებს მსხვერპლსაც, მას აკნინებს, მას ხდის საცოდავად, ცუდ ოჯახში გაზრდილად, ჩაგრულად, ანუ საზოგადოების დაბალი ფენის წარმომადგენლად, მარგინალად. თუნდაც იმ მსხვერპლის ბრალი ამაში საერთოდ არ იყოს. ბავშვს მასზე ოჯახში განხორციელებული ძალადობის გამხელისა იმიტომაც ეშინია, რომ შესაძლოა, მისი ეს განცხადება არ აღიქვან სერიოზულად, გაამტყუნონ, თქვან, რომ აჭარბებს, რომ ალბათ ღირსი იყო, რომ აბა როგორღაც ხომ უნდა მოთოკონ მშობლებმა ბავშვი და... ამის გამო ბავშვობაში ძალადობა ხშირად გაუმხელელ ტრავმად რჩება.

და ბოლოს უნდა აღვნიშნო ფიზიკური სასჯელების ეფექტურობის შესახებ ბავშვის აღზრდის პროცესში. როცა ბავშვი ფიზიკურად ისჯება, იცემება რაღაცის გამო, მას არ რჩება ჩადენილი საქციელის გამო სინანულის გრძნობა. ეს სინანული გადაიფარება ცემით მიყენებული ტკივილით და მორალური ტრავმით, მოძალადეზე ბრაზით. შესაბამისად ბავშვს არ რჩება სურვილი, აღარასდროს ჩაიდინოს ის საქციელი ან გამოასწოროს ის, რის გამოც დაისაჯა. მან შეიძლება, ის გამოასწოროს უარესი სასჯელის შიშით, მაგრამ არა შინაგანად თავისი საქციელის მცდარობის გააზრების გამო. ეს ზუსტად ისევე ხდება, როგორც ზრდასრულობაში ოჯახს გარეთ ურთიერთობებში. როცა გვსაყვედურობენ, გადავდივართ თავდაცვის რეჟიმში და ვცდილობთ ყველანაირად გავიმართლოთ თავი თუ შენიშვნის მომცემის პირში არა, ჩვენს გულში მაინც. გვებლოკება უხეშად მოცემული შენიშვნისადმი მიმღებლობა, სწორიც რომ იყოს.


წყარო: https://www.facebook.com/esma.gumberidze/posts/2034665520095820

მთავარი პუბლიკაცია

სამოქალაქო საბჭოების მიერ გამოვლენილი საჭიროებები აჭარაში
04 დეკემბერი 2018
სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდება, შიდა გზებისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგება, მეწყერსაშიშიზონების გამაგრება, გარე განათებების დამონტაჟება, სპორტული ინფრასტრუქტურის გამართვა,ხელმისაწვდომობა ინტერნ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge