როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“

ავტორი: ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

არასდროს ყოფილა საგარეო პოლიტიკა ისე მნიშვნელოვანი ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, როგორც დღეს არის და არც ასე მკაფიოდ ჰქონიათ გათავისებული მისი მნიშვნელობა არა მხოლოდ პოლიტიკოსების, დიპლომატებისა თუ ექსპერტების, არამედ ქვეყნის მოსახლეობასაც, როგორც დღეს.

ქართველი დიპლომატები ხშირად დაპირისპირებიან ცინიკურად განწყობილ ოპონენტებს, მათ შეურაცხმყოფილ დამოკიდებულებასა და დამცირების მცდელობას. დიპლომატიური მოქმედების კოდი ამგვარ უსიამოვნო კაზუსებს კულუარებშივე ტოვებდა. დღეს მთელი ერია შეურაცხყოფილი რუსეთის მოქმედებებით - მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თითქმის 5 წელია, 2012 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ცდილობს პარტნიორული ურთიერთობები დაამყაროს ჩრდილოელ მეზობელთან.

შექმნილი ვითარების მარტივი ანალიზი რამდენიმე დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა.

პირველისაქართველოს ახალი საგარეო პოლიტიკა რუსეთისთვის ღირებულია მხოლოდ იმიტომ, რომ მოსკოვს პრობლემები საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს გამო აღარ ხვდება. აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ჰამბურგში ამის ნათელი დადასტურება იყო. ორსაათნახევრიანი შეხვედრის დროს უამრავი საკითხი განიხილეს - რუსეთის ჩარევა აშშ-ის საარჩევნო პროცესში,  სირია, უკრაინა, ისლამური სახელმწიფო, ჩრდილოეთი კორეა. არც რუსეთის, არც აშშ-ის წყაროებს, არც ერთ ჟურნალისტს არც ერთ პუბლიკაციაში არ უხსენებია საქართველო, როგორც დღის წესრიგის ან თუნდაც მოლაპარაკების თემა; ჩვენ რომ საერთაშორისო დღის წესრიგის საკვანძო საკითხებში აღარ ვართ, ეს ნათელია; უარესია, რომ ასეთი ტენდენცია საბოლოოდ გადაისვრის ჩვენს დიპლომატიას პერიფერიაზე, აქედან გამომდინარე ყველა შესაბამისი შედეგით.  

მეორერუსეთის ხელისუფლება ცდის ქართული სახელმწიფოს მოთმინებას „მცოცავი ოკუპაციის“ პოლიტიკით. როგორც ჩანს, ხელისუფლების მოთმინება ამ საკითხში გაცილებით უფრო დრეკადია, ვიდრე ხალხის, რაც თავისთავად დამატებით საფრთხეს უქმნის საქართველოს სტაბილურობას. იბადება კითხვა, ხომ არ წარმოადგენს სინამდვილეში კრემლის „მცოცავი ოკუპაციის“ პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ქართული სახელმწიფოს და, შესაბამისად, არსებული ხელისუფლების მდგრადობის შერყევა? 

მესამეინიციატივასა და სადავეებს რუსეთი იგდებს ხელში, ჩვენ ვთამაშობთ მეორე ნომრად. ეს ძალზე არახელსაყრელი პოზიციონირებაა. დიპლომატიის ხელოვნება გამოიხატება უნარში, ერთი მხრივ, გააფართოვო საკუთარი მანევრის არეალი და, მეორე მხრივ, შეზღუდო ოპონენტის მანევრის საშუალება.

ამ თვალსაზრისით ნამდვილად ვერ დავიკვეხნით დიდი წარმატებებით. რუსეთი საქართველოს გამო აღარ განიცდის ზეწოლას საერთაშორისო არენაზე - მისი მანევრის საშუალება ფართოვდება. ჩვენ ვრჩებით ერთი ერთზე რუსეთთან - ჩვენი მანევრის ველი იზღუდება. ორმხრივ ფორმატში რუსების რამეში დარწმუნება გაცილებით რთულია, ისევე, როგორც შედეგების მიღწევა; გავითვალისწინოთ ისიც, რომ პრინციპში შეთანხმებების შესრულებით რუსეთი მაინც და მაინც თავს არ იწუხებს - ამის მაგალითები მრავლადაა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში.

შევეცადოთ წარმოვიდგინოთ ფანტასტიკური სიტუაცია: რუსეთმა შეწყვიტა საომარი მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში, დაუბრუნა უკრაინას ყირიმი, შეათანხმა პოზიციები აშშ-სთან და ევროკავშირთან სირიასა და ჩრდილოეთ კორეაზე. რუსეთს ეხსნება სანქციები, იგი ბრუნდება „დიდ რვიანში“, ხდება საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანი და პატივსაცემი წევრი. და ეს ყველაფერი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ერთად. ასეთი პერსპექტივა სრულებითაც არ იძლევა  ენთუზიაზმის საფუძველს.

რატომ არ დააყენა რუს კოლეგასთან საუბრისას პრეზიდენტმა ტრამპმა საქართველოს საკითხი? ან პრეზიდენტს არ მიაჩნდა იგი საკმარისად მნიშვნელოვნად, ან შესაბამისი  კარგად დასაბუთებული თხოვნა არ გაჟღერებულა უმაღლეს დონეზე საქართველოს მხრიდან. ბოლო ვარიანტი რთული წარმოსადგენია.

შესაბამისად, შექმნილ ვითარებას ორი ახსნა აქვს: ან აქცენტები არ იყო კარგად დასმული, ან ჩვენი არგუმენტების სისტემა  არ აღმოჩნდა დამაჯერებელი ამერიკელი პარტნიორებისათვის. პრემიერ-მინისტრი უკეთესად უნდა მოვამზადოთ ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრებისათვის. მით უმეტეს, რომ ამაში იხარჯება დიდი რესურსი; შექმნილ ეკონომიკურ ვითარებაში ეს საქართველოსათვის დიდი ფუფუნებაა და ამის გამოყენება უნდა ხდებოდეს მაქსიმალურად ეფექტურად.

როგორც შედეგი, რუსეთი გაცილებით კომფორტულად გრძნობს თავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და თამამად განაგრძობს პროვოკაციებს, პირველ რიგში, „მცოცავი ოკუპაციის“ პოლიტიკის მეშვეობით.

დაშვებული შეცდომების გამოსწორების შანსი მოგვეცემა ივლისის ბოლოს- აგვისტოს დასაწყისში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტის დროს საქართველოში. ვიცე-პრეზიდენტის რეგიონული ვიზიტის კონფიგურაცია (ესტონეთი, მონტენეგრო, საქართველო) ძალიან დამაიმედებელია და თავისთავად წარმოადგენს დიპლომატიურ გამარჯვებას, რადგან „ამოგვწერა“ სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან და დაგვაახლოვა ევროპას.

გასაგებია, რომ ვიზიტის მიმდინარეობისას გაჟღერდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერი განცხადებები - ეს თავისთავად ძალზე მნიშვნელოვანია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ვიცე-პრეზიდენტმა დაგმოს კონკრეტულად „მცოცავი ოკუპაციის“ პოლიტიკა და, რაც მთავარია, ხაზი გაუსვას, რომ საქართველოს საკითხი დარჩება აშშ-რუსეთის მალაპარაკების დღის წესრიგში. კარგი იქნება, თუ კითხვას ამის თაობაზე ვიცე-პრეზიდენტის პრეს-კონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტები დასვამენ.

საგარეო პოლიტიკაში საჭიროა მიზნების დეკლარირება. უკეთესია, თუ მიზნები გამყარებულია ხედვით, აგრეთვე პრინციპებისა და ფასეულობების სისტემებით.  დიპლომატიის ასეთი საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებია თანმიმდევრულობა, მდგრადობა, მემკვიდრეობითობა, რომელთა განხორციელების შემთხვევაში საგარეო პოლიტიკა უფრო ღირებული და სანდო ხდება მეგობრებისათვის და რთულად გასამკლავებელი მტრებისათვის.

დიპლომატიაში ჩვენ შეგვიძლია სერიოზული კონკურენცია გავუწიოთ რუსებს. სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალით ჩვენ მათ ვერ შევეჯიბრებით. რაც შეეხება დიპლომატიას, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული დაგროვდა სერიოზული გამოცდილება, სისტემა შეივსო ახალგაზრდა, საბჭოთა შტამპებისაგან თავისუფალი, განათლებული კადრებით. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ჩვენს მხარეზეა საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების ერთობლიობა, საერთაშორისო თანამეგობრობა და ისტორიული სიმართლე. საქართველო არ აწარმოებს ომს რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ოლქში, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ძირძველ ტერიტორიებს.

ამასთან, თამამად შეიძლება გამოვიყენოთ ძალოვანი პოტენციალი ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ეს ჩვენი უფლებაც არის და ვალდებულებაც, პირველ რიგში, გამყოფ ხაზთან მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების წინაშე. გვაქვს პოტენციალი და უნდა ვიმოქმედოთ ღიად და თამამად. წინააღმდეგობის გაწევის გარეშე რუსეთი უსათუოდ განაგრძობს „მცოცავი ოკუპაციის“ პროვოკაციულ სტრატეგიას. ამის მოწმეები ვართ უკვე თითქმის 9 წელიწადი.

ცალკე აღსანიშნავია, რომ დიპლომატიურ პრაქტიკაში დემარკაცია დელიმიტაციის გარეშე არ ხორციელდება, თუ არა უხეში ძალის გამოყენებით. ისტორიაში ამის რამდენიმე მაგალითი არსებობს - მაგალითად, საბჭოთა კავშირის მიერ რამდენიმე საათში „ბერლინის კედლის“ აღმართვა.  

აქტიური დიპლომატია უნდა შევავსოთ გაბედული მოქმედებებით უშუალოდ გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ჩვენი სტრატეგიის პროგრამა-მინიმუმი უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ შევაკავოთ რუსეთი დღეს დე-ფაქტო გამყოფ ხაზზე, უკეთესია - საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, მაგალითად, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) პოტენციალის ქმედითი გამოყენებით, მაგრამ ვიდრე ეს გამოგვივა - დაუყოვნებლივ, საკუთარი ძალებით.

რაც პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, ესაა სახელმწიფოს შესაძლებლობების დემონსტრირება გამყოფ ხაზზე.  შინაგან საქმეთა სამინისტროს (და არა თავდაცვის სამინისტროს, რამეთუ დე იურე ეს ჩვენი ტერიტორიაა) მუდმივი საგუშაგოების განთავსება და ღამის ხედვის ხელსაწყოების გამოყენებით ვიდეოდაკვირვების სისტემის მონტაჟი ამგვარი დემონსტრირების აუცილებელი კომპონენტებია. განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა იყოს ფოკუსირებული გამორჩეულად საშიშ მიმართულებებზე, მაგალითად, ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე.

პარალელურად, უნდა შევადგინოთ „მცოცავი ოკუპაციის“ ამსახველი ვირტუალური რუკა, რაც შეიძლება დეტალური, გამაგრებული ადგილობრივი მოსახლეობის კანონის თანახმად რეგისტრირებული ჩვენებებით. ამ მასალებზე დაყრდნობით, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი დიპლომატიის ფორმატების გამოყენებით,  მნიშვნელოვნად უნდა გავააქტიუროთ ჩვენი მოქმედებები.

ჩამოვაყალიბოთ „მცოცავი ოკუპაციის“ შეჩერების ფონდი. ბიზნესმა მხარი დაუჭირა „Check in Georgia“-ს მნიშვნელოვან პროგრამას. სავარაუდოა, რომ ახლადშექმნილი ფონდის მხარდაჭერა გაცილებით აქტიური იქნება ასევე რიგითი მოქალაქეების მხრიდან. ფონდის სახსრები ძირითადად გამოყენებული უნდა იყოს ორი მიმართულებით  - გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერა და გამყოფ ხაზთან სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ოპერაციების თანადაფინანსება. ყველაფერთან ერთად, აღნიშნული ფონდის საქმიანობა აგრეთვე ხელს შეუწყობს საზოგადოების გაერთიანებას ყველაზე სახიფათო გამოწვევის გადალახვაში.

დროა დავიწყოთ მოქმედება. რუსეთმა შეძლო ჩამოეყალიბებინა მოვლენების განვითარების მისთვის ხელსაყრელი ლოგიკა. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით.

ალტერნატივას წარმოადგენს არსებული მდგომარეობის შენარჩუნება, ანუ უმოქმედობა, რაც წააქეზებს რუსეთის „მცოცავი ოკუპაციის“ პოლიტიკას და გაგვირთულებს ისედაც მძიმე ვითარებას.   

რუსეთის რეაქცია მოგვცემს შემდგომი ანალიზისა და მოქმედებების დაგეგმვის საფუძველს.


წყარო: http://gfsis.org/ge/blog/view/729

მთავარი პუბლიკაცია

სამოქალაქო საბჭოების მიერ გამოვლენილი საჭიროებები აჭარაში
04 დეკემბერი 2018
სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდება, შიდა გზებისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგება, მეწყერსაშიშიზონების გამაგრება, გარე განათებების დამონტაჟება, სპორტული ინფრასტრუქტურის გამართვა,ხელმისაწვდომობა ინტერნ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge